დიდუბეში მდებარე ავტოსადგური „ოკრიბა“, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, დღეს, განახლებების გზას ადგას. წლების განმავლობაში, ნაცნობი სახელი ახალ ელფერს იძენს – ახალი ვიზუალით, თანამედროვე ციფრული სერვისებითა და ამბიციური გეგმებით „ოკრიბა“ მიზნად ისახავს მოაწესრიგოს ქვეყანაში სატრანსპორტო სისტემა და ევროპული სტანდარტები დანერგოს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მსგავსი მასშტაბისა და დონის რეფორმა ამ ინდუსტრიაში არ განხორციელებულა. ქვეყნის შიგნით, მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა წლების განმავლობაში პრობლემურ საკითხად რჩებოდა, რადგან არ არსებობდა ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩო, რამაც ბაზარზე არარეგულირებული მძღოლებისა და გადამზიდავების მომრავლება გამოიწვია. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა გასულ წელს ინიცირებული და მიმდინარე წელს სრული მასშტაბით ამოქმედებული საკანონმდებლო პაკეტის წყალობით. ახალმა რეგულაციებმა „ოკრიბას” მსგავს ლეგალურ ავტოსადგურებს განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა“, – აცხადებს „ოკრიბას“ დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ყვავაძე.

ამ რეალობის გათვალისწინებით, „ოკრიბამ“ შეიმუშავა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.
მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში, ავტოსადგურმა უკვე მოიპოვა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პირველი კლასის სტატუსი და დაიწყო სერვისების სრული გაციფრულება. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ახლახან გაშვებული ოფიციალური ვებგვერდი www.okriba.ge, რომლის საშუალებითაც მგზავრებს შეუძლიათ წინასწარ, 60 დღემდე პერიოდით დაგეგმონ მგზავრობა და შეიძინონ ბილეთები. ამჟამად საიტზე ფუნქციონირებს თბილისი-ქუთაისის მიმართულების სრული რეისი, ხოლო თვის ბოლომდე დაემატება ღამის რეისი თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით.

უფრო მასშტაბური, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, „ოკრიბა“ გეგმავს ქვეყნის მასშტაბით ევროსტანდარტის ავტოსადგურების მშენებლობას. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ქალაქ ტყიბულში, სადაც ახალი სადგურის მშენებლობა დაიწყო.
განახლდა „ოკრიბას“ ვიზუალური ბრენდინგიც. ის სამი საკვანძო ელემენტისგან შედგება – თიხისფერი წითელი ფონი, მორკალული თეთრი ხაზები და მკაფიო შავი ტიპოგრაფია. ურბანულ სივრცეში მაღალი ხილვადობისთვის შერჩეული დომინანტი წითელი ფერი, მასზე გამოსახული თეთრი მორკალული ხაზებით, სიმბოლურად ასახავს გზებს – რაც პირდაპირ კავშირშია ავტოსადგურის დანიშნულებასთან. ლოგოტიპის მკაფიო შრიფტი კი შორი მანძილიდანაც ადვილად აღქმადია, რაც ავტოსადგურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ოკრიბას“ ვებგვერდის შექმნა განპირობებული იყო მოქალაქეების მიერ დიდუბეში არსებული ტრანსპორტის აღქმის პრობლემითაც. ხშირად ადამიანები „ოკრიბას“ სახელს უკავშირებენ ყველა გადამზიდავს, მათ შორის არარეგულარულ მძღოლებს, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით ცდილობენ მგზავრების მოზიდვას. ახალი ვებგვერდი მიზნად ისახავს მოქალაქეებს შესთავაზოს ოფიციალური, გამჭვირვალე და მოხერხებული სერვისი, რომელიც მათ მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვის და მოწესრიგებული გადაადგილების საშუალებას მისცემს.

[R]











