5
Feb
2019

ოლაფინია – შესაკერი სათამაშოები საქართველოს კუთხეებიდან

5 Feb 2019

Startauperi
Startauperi


ოლაფინია (მეგრულად – სათამაშო) ნუცი და სოფი მალაშხიების მიერ შექმნილი სტარტაპია, რომლის პროდუქციასაც ყველა ის საჭირო ნივთი თუ დეტალი წარმოადგენს, რომელიც სათამაშოს შესაკერადაა საჭირო. ოლაფინიას სათამაშოებს კონკრეტული წარმომავლობა აქვთ, კერძოდ, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და, არც მეტი, არც ნაკლები, სახელებიც კი ჰქვიათ. ყველაფერ ამის შესახებ Marketer.ge მის დამფუძნებლებს გაესაუბრა:

M: საიდან გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და როდის შეიქმნა იგი?

ოლაფინიას შექმნის იდეა ჩვენს შვილებთან თამაშის დროს გაჩნდა, რა თქმა უნდა, პირვანდელმა იდეამ ბევრჯერ იცვალა სახე და საბოლოოდ მივიღეთ „ოლაფინია“. „ოლაფინია“ მეგრული სიტყვაა და სათამაშოს ნიშნავს, რაც ძალიან კარგად ეხმაურება ჩვენი ბრენდის კონცეფციას.

თამაშის დროს ბავშვი ყველაზე კარგად იღებს და იმახსოვრებს ინფორმაციას. ვფიქრობთ, რომ საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშო ყოველთვის გამორჩეულად საყვარელია. დასამახსოვრებელია ის დეტალები, რომლისგანაც იგი შედგება, ამ შემთხვევაში კი, ეს დეტალები ქართული ტრადიციული სამოსიდან არის აღებული.

ოლაფინია პირველად დეკემბერში გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა, მის უკან კვლევის, შესწავლის, პერსონაჟებზე მუშაობისა და მათი შექმნის პროცესის რამდენიმე თვეა. არტისტ მაკა ზედელაშვილთან ერთად ყველა დეტალს ზედმიწევნით ვარჩევდით, ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, შევარჩიეთ ფერები, რომლებიც სათამაშოებსა და ბრენდინგში გამოვიყენეთ. ბრენდინგზე kollektiv-თან ერთად ვიმუშავეთ.

 M: კონკრეტულად, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს? 

ოლაფინია DIY სათამაშოა, რომელიც ბავშვმა საკუთარი ხელით უნდა შეკეროს. ოლაფინიას გმირები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტანისამოსი აცვიათ – დღევანდელობაზე მორგებული და გათანამედროვებული. ყველა ბავშვს, საკუთარი წარმოსახვით შეუძლია შექმნას საკუთარი ისტორია, შეაგროვოს ოლაფინიას გმირები და შექმნას თავისი პატარა საქართველო.

M: გვესაუბრეთ მასალასა და დამზადების ტექნიკაზე..

ოლაფინიას ყუთში დაგხვდებათ ქსოვილზე დაბეჭდილი პერსონაჟის წინა და უკანა მხარე (ბეჭდვის ისეთი ტექნოლოგია გვაქვს შერჩეული, რომელიც უსაფრთხოა ბავშვისთვის), ძაფი და სპეციალური, უსაფრთხო ნემსი, ბამბა, რომლითაც უნდა შეავსოს შეკერილი სათამაშო და ინსტრუქცია, იმისთვის რომ შეკერვის პროცესი რაც შეიძლება მარტივი და სახალისო იყოს ბავშვისთის.

M: როგორ ფიქრობთ, რით არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?

ოლაფინია პირველი ქართული სათამაშოა, რომლის გმირებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და რომელიც ბავშვმა საკუთარი ხელით უნდა შეკეროს, შექმნას კოლექცია – საკუთარი პატარა საქართველოს ამბავი.

M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ გვყავს ყველა კუთხის წარმომადგენელი, პირველს, რის გაკეთებასაც ვაპირებთ არის ის, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო, მათ შორის, აფხაზეთი და ოსეთი. კიდევ უფრო გრძელვადიანი გეგმები კი სხვა მიმართულებით განვითარებას გულისხმობს, რასაც ჯერჯერობით არ გავამხელთ, თუმცა, გეტყვით რომ ისევ საქართველოში დავრჩებით და ჩვენი პროდუქტი იქნება საინტერესო და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული.

M: კონკრეტულად როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა? 

ოლაფინიას შეძენა შესაძლებელია ონლაინ – უნდა მოგვძებნოთ Facebook ან Instagram გვერდზე, აარჩიოთ ოლაფინიას პერსონაჟი, მოგვწეროთ და მოგიტანთ სადაც გვეტყვით. ასევე, ოლაფინიას ყიდვა შესაძლებელია სუპერის მაღაზიათა ქსელში და Georgian Museum of Fine Arts-ის მაღაზიაში.

M: როგორ ფიქრობთ, ვისზე/რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

ჩვენი სათამაშოები ყველა ბავშვისთვისაა 5 წლიდან თინეიჯერობის ასაკამდე. შედარებით პატარები ხშირ შემთხვევაში მშობლის დახმარებით კერავენ სათამაშოს, რაც ვთვლით რომ ძალიან კარგია, რადგან ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთან ერთად ხარისხიანად დროის გატარება, მასთან სიახლოვე და ერთ საქმიანობაში ჩართულობა.

 

განხილვა