თუ ტელეფონის განვითარების ისტორიას გადავხედავთ, რთულად მისახვედრი არ იქნება, რატომ შეიძლება ერჩიოს ვინმეს სტაციონარული, იმავე სახლის ტელეფონი, სმარტფონს. პასუხი მარტივია, სმარტფონს ჩიზბურგერის ფორმა არ აქვს, არც ქალის ტუჩებს ჰგავს და არც საყვარელ კატა გარფილდს მოგაგონებთ. გარდა ამისა, მისი მრავალფუნქციურობა, უამრავი ადამიანისთვის ხდება მიზეზი, იმაზე დიდხანს უყუროს ეკრანს, ვიდრე საჭიროდ მიიჩნევს.

მათთვის, ვინც მობილურის გამოგონებამდე იცხოვრა, ძველმოდური ტელეფონები გარდასული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ნოსტალგიური სიმბოლოა. ადამიანების ნაწილი აგროვებს ან/და ჯერ კიდევ მოიხმარს მათ. სახლის ტელეფონების მოყვარულების აზრით, ძველ ვერსიებს არ ახასიათებთ დაღლილობა, რომელსაც სმარტფონის გამოყენება იწვევს. სქროლვა, მრავალფუნქციურობა და შესაძლებლობა, რომ სატელეფონო ზარი ნებისმიერ პროცესში თუ ლოკაციაზე განვახორციელოთ, ხშირად, სმარტფონს ძველმოდურ ტელეფონებზე ცუდ პოზიციაში აყენებს. გარდა ამისა, სტაციონარული მოწყობილობით საუბარი, ადამიანების ნაწილისთვის, თითქოს, უფრო მნიშვნელოვანი აქტი, სატელეფონო ზარი კი უფრო მიზანმიმართული ხდება.

2003 წელს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რესპონდენტთა 90%-ზე მეტს, სახლში მოქმედი სტაციონარული ტელეფონი ჰქონდა. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, ეს რიცხვი (მათ შორის ინტერნეტთან დაკავშირებადი ტელეფონები) 30%-დე შემცირდა. გრძელვადიანმა სიტკომებმა კარგად ასახეს ამ სტატისტიკის გამომხატველი რეალობა. მაგალითად, გაიხსენეთ „სექსი დიდ ქალაქში“, სადაც სტაციონარული ტელეფონი, სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი, საწოლის კომპანიონი და პერსონაჯების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო. მობილურის გამოგონების შემდეგ გადაღებულ სერიებში კი, ის, მისი თანამედროვე, უკაბელო ანალოგითაა ჩანაცვლებული.

თუმცა, მობილური ტელეფონით „ჩანაცვლებული“ უსადენო მოწყობილობები პანდემიის პერიოდში, ადამიანებს კვლავ გაახსენდათ.
”პანდემიის დროს, მინდოდა გათიშულიყო ყველაფერი, რაც სმარტფონის მოხმარებისას ყურადღებას მიფანტავს“ – ამბობს შანელ კარი.
შანელმა, ძველი სახლის ტელეფონების კოლექციის შექმნა გადაწყვიტა და 6 ვინტაჟური მოდელი შეიძინა. მის კოლექციაში შედის, სპეციალურად 1986 წლის ფილმ Pretty in Pink-ისთვის შექმნილი მოდელიც.

შანელ კარი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელთა შემთხვევაშიც პანდემიამ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გამოწვეული დაღლილობა, კიდევ უფრო გაამძაფრა, ხოლო ძველმოდური საკომუნიკაციო საშუალებების ნოსტალგია გააძლიერა. უკანასკნელ წლებში, ძველი ტელეფონების გაზრდილ პოპულარობას ვინტაჟური ონლაინ მაღაზია Etsy-ის მონაცემებიც ადასტურებს, რომლის თანახმადაც 2021 წელს, 2000-იანი და 1990-იანი წლების ტელეფონების ძიების მაჩვენებელი 45%-ით, ხოლო უფრო ძველი მოდელების 26%-ით გაიზარდა.
თუ თქვენც გიფიქრიათ, სახლის ტელეფონების დიზაინერულ/პრაქტიკულ უპირატესობებზე ან უბრალოდ სმარტფონის მრავალფუნქციურობით გადაიღალეთ, აქვე რამდენიმე სტაციონარულ მოდელს გთავაზობთ, რათა სმარტფონის წინამორბედები უფრო ახლოდან გაიცნოთ.















