in

,,ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე” – ქეუ მეფარიშვილის გამოფენა The Why Not გალერეაში


The Why Not გალერეა წარმოგიდგენთ ქეუ მეფარიშვილის სოლო გამოფენას ,,ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე”.

,,გამოფენა შიშის არქივივითაა, თითოეული ნამუშევარი მან დაბადა. ჩემი ცხოვრების დიდი დრო შიშზე მედიტაციასა და მის დასამარცხებლად მუშაობას მიაქვს. ძველად, ყარაჩოღელებს იმდენი გრამი ვერცხლის ქამარი ეკეთათ, რამდენიც დაკრძალვა ღირდა, – თითქოს სიკვდილის შიში სულ თან დაჰქონდათ.“ – ვკითხულობთ ქეუს წერილში.

წარმოდგენილ გამოფენაზე ხელოვანი თეატრალურობის ელემენტებს იყენებს , რომ ერთგვარი Gesamtkunstwerk შექმნას და დამთვალიერებელი საკუთარი შიშების მუზეუმში ამოგზაუროს. შეგრძნებების გადმოსაცემად ქეუ რეფერენსების ფართო სპექტრს იყენებს, იქნება ეს ანტიკური არქიტექტურა და არტეფაქტები, მითოლოგია თუ პოეზია.

“დიდი დროის გატარება მომიწია იზოლაციაში და იდეაც სწორედ მაქედან წამოვიდა. მარტო დარჩენამ ბევრი შიში გააღვიძა და როგორც მედიტაცია ეგრე დავიწყე ამ გამოფენაზე მუშაობა.
გამოფენაში მეორდება ძველი დროიდან შემორჩენილი ფორმები და არქიტექტურა, ბევრი რამე უსასრულობის და ახლიდან დაბადების სიმბოლოა,” – ქეუ მეფარიშვილი.

ქეუ მეფარიშვილის შემოქმედებითი პროცესი გამოირჩევა მუდმივი ექსპერიმენტაციით, ახალი მასალებისა და ფორმების ძიებით. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესაქმნელად, ხელოვანმა გამოიყენა ისეთი მასალები და ტექნიკები, როგორიცაა: კერამიკა, ფიჭა, ცვილი, ქრომირება, ტუფტირება და გვთავაზობს ნამუშევრებს ემოციურ სიმყიფესა და მარტოსულობაზე. ამასთან, ხელოვანი არ კარგავს საკუთარი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ირონიულობას და იუმორის გამოყენებით, საოცრად გულახდილ და მტკივნეულ თემებზე საუბრისას, თავს არიდებს შაბლონურ დრამატიზაციას.

გამოფენის სათაური გიორგი ლეონიძის ლექსიდან ‘ოლე’, 1931 წელი, არის აღებული. ქართული სიმბოლისტური პოეზიის შედევრი, ,,შიგნიდანვე გამომწვარი
მარტოობის შხამით“ ხე, ოლე, მარტოსულობით დაუძლურებული, მაგრამ ძლიერი ადამიანის სიმბოლო, ერთგვარი მანტრაა ხელოვანისთვის და როგორც თვითონ აჯამებს, ,,გამოფენა არის მედიტაცია შიშზე და მასთან ერთად ცხოვრების შესახებ’’ .


Elco – „უნიკალურ მიტანის სერვისის მოდელზე დაფუძნებული პირველი მობაილ მოლი საქართველოში“

„ბოდიშოპ საქართველო“, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საუკეთესო კამპანიებისა და აქტივიზმისათვის, დააჯილდოვეს!