28
Nov
2019

პენსიონერი ოლგა კოსტინა, რომელმაც სახლი 30 000 პლასტმასის თავსახურით გააფორმა

28 Nov 2019

ეს ამბავი საკმაოდ ძველია – ის თითქმის 8 წლის წინ მოხდა: რუსმა პენსიონერმა, ოლგა კოსტინამ ციმბირის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარი ხის სახლი 30 000 პლასტმასის თავსახურით გააფორმა. ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტია, თუმცა, სურათების ნახვისას დარწმუნდებით, რომ თურმე შეიძლება, ხელოვნება და სოციალური პასუხისმგებლობა ერთმანეთს მარტივად შეეწყონ.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ჩვენი პლანეტა უკვე რესურსების სიმცირეს განიცდის, ნივთების მეორადი (ან სულაც მრავალჯერადი) გამოყენება ყოველდღიურ რუტინაში უნდა გადავიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ნარჩენების პრობლემა დღითი დღე იზრდება და უკვე ფიზიკურად აღარ არის იმდენი ნაგავსაყრელი, რომ ეს ნარჩენები დაიტიოს, ბინძურდება ლანდშაფტი და წყალი, რაც დედამიწაზე არსებულ ცოცხალ არსებებს უდიდეს საფრთხეს უქმნის.

ადამიანის როლი ამ პრობლემის მოგვარებაში კი ისაა, რომ ერთხელ უკვე გამოყენებულ ნივთებს სხვა დანიშნულება მოუძებნოს, ან უბრალოდ ეს ნივთები გადაამუშავოს. რუსი პენსიონერის ქმედება კი ცოცხალი მაგალითია, თუ როგორ შეგვიძლია, ავარიდოთ დედამიწას ნარჩენების პრობლემა, რომელიც სხვა მრავალი პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება, გახდეს.

ოლგა კოსტინა ციმბირის ერთ-ერთ სოფელში მაცხოვრებელი ერთადერთი ადამიანია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავისი ხელით აგროვებდა ამ თავსახურებს. საბოლოოდ კი, მან მოახერხა, მაკრამეს ტექნიკით საკუთარი სახლი ორიგინალურად გაელამაზებინა. შედეგს თავადაც დაინახავთ, თუმცა მანამდე, თქვენც დაფიქრდით, რამდენი ნივთია თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რომელიც სხვა დანიშნულებით, ეფექტურად შეგიძლიათ, გამოიყენოთ.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა