გასულ საუკუნეში უკრაინის ცნობილმა ჰოლოდომორმა და რეპრესიებმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამას მოჰყვა მსოფლიო ომები, გაჭირვება და წარმოიშვა უამრავი ისტორია, რომელთაგან ზოგიერთი ხელოვანთა ინსპირაციად იქცა და ჩვენამდე მოვიდა.
ერთ-ერთი ასეთი 12 წლის გოგონას, ოლიჩკას ამბავია, რომელმაც ჰოლოდომორის დროს მშობლები დაკარგა, თავად კი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. მიუხედავად იმ ტკივილისა, რომლის გავლაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწია, მაინც უყვარდა სიცოცხლე და მოახერხა, რომ სიკვდილზე, ბოროტებასა და უიმედობაზე გაემარჯვებინა. ეს უკრაინელი გოგონა მაშინ ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ მხატვრის შემოქმედებით მუზად გადაიქცეოდა და სადღაც, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის კედელს თავისი გამოსახულებით დაამშვენებდა…
ნინა ხურცილავა ქართველი არტისტია, რომელმაც თავი კედლის მხატვრობით დაგვამახსოვრა და არაერთ საინტერესო პროექტში მონაწილეობს. თბილისის ქუჩებში სეირნობისას, სხვადასხვა უბანში, შეხვდებით „სთრით არტებს”, რომლებსაც ნინა ქმნის. მისი ნამუშევარია „ოლიჩკაც”, რომელიც გურამიშვილის 70 ნომერში, კორპუსის კედელზე შეგიძლიათ იხილოთ და მასზე სწორედ ის უკრაინელი გოგონაა ასახული, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ.
ხელოვანისთვის ეს ნამუშევარი მხოლოდ ისტორიით არ ყოფილა საინტერესო. მას ამ ნახატთან და პიროვნებასთან ნათესაური კავშირი აერთიანებს, რადგან ძლიერი და მებრძოლი ოლიჩკა მისი ბებიაა და ნინას სურვილი იყო, რომ ეს ნამუშევარი მისთვის მიეძღვნა. ნახატზე ახალგაზრდა ქალი მზით ხელშია გამოსახული, რაც ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ლურჯი ცა და ოქროს გვირგვინი უკრაინის, ხოლო წითელი ორნამენტები და თეთრი კაბა საქართველოს სიმბოლოებია. საერთო ჯამში კი, ნახატი იმედსა და გადარჩენის ძალას გამოხატავს.
„ჩემი კედლის ნახატი პირველად იღებს მონაწილეობას მსგავს კონკურსში და ეს ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ნახატის მოხვედრა კონკურსში „ნიკოს” ფესტივალის დამსახურებაა. “Street Art City”-ს გუნდი ამ ფესტივალის ფარგლებში შექმნილ ყველა ახალ ნამუშევარს ეცნობა ხოლმე, ივნისში კი ჩემი ნამუშევრით დაინტერესდა. ეს არის დიდი მოტივაცია, შევქმნა მეტი ნამუშევარი და ასევე, წარვადგინო ჩემი ქვეყანა მსოფლიო „სტრიტ არტის” ასპარეზზე”, – ნინა ხურცილავა.
ნამუშევარმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და ის გლობალური კონკურსის, Street Art Cities-ს ფინალისტთა სიაში მოხვდა, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ნამუშევრებს. Best of 2022-ის სიაში საქართველოსთან ერთად 30 ქვეყნის ნამუშევარი მოხვდა 92 ქალაქიდან. კონკურსი ხმის მიცემის პრინციპზეა დამოკიდებული და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მასში მონაწილეობა.
იმისათვის, რომ ნინას მხარი დავუჭიროთ, აუცილებელია მობილურ ტელეფონში შესაბამისი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მისი ნახატის მოძიება და მისთვის ხმის მიცემა. პროცესს სულ რამდენიმე წამი დასჭირდება, ნინასთვის და მთლიანად საქართველოს გლობალურ სახელოვნებო რუკაზე მონიშვნისთვის კი საკმაოდ დიდი საქმე იქნება. ჩვენ უკვე გადავედით ბმულზე და მივეცით ნინას ხმა. ახლა თქვენი ჯერია! ხმის მიცემის დასრულებამდე 1 კვირაა დარჩენილი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი