19
Jul
2019

BMW-ს ახალი CEO ჰყავს – მან Tesla-ს უნდა აჯობოს

19 Jul 2019

BMW-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – ამ პოსტს, 16 აგვისტოდან, ოლივერ ზიპსი [Oliver Zipse] დაიკავებს. გადაწყვეტილება კომპანიის მმართველმა საბჭომ უკვე მიიღო.

 

Oliver Zipse/Photo Credit: Reuters

ოლივერ ზიპსი, BMW-ში, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, 1991 წლიდან მუშაობს. 2015 წლიდან მმართველი საბჭოს წევრია და წარმოების განყოფილებას კურირებს. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, ის, ჰერალდ კრიუგერს [Harald Krüger] შეცვლის, რომელიც მმართველი საბჭოს ხელმძღვანელობიდან, ოფიციალურად, 15 აგვისტოს გადადგება. 

საბჭოს წევრების თქმით, ოლივერ ზიპსი, ბრენდს, განვითარებას ახალ იმპულსს შესძენს – კომპანიაში მაქსიმალურად განავითარებს თვითმავალი და ელექტრო ავტომობილების ხაზს, შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე ამ მიმართულებით მომუშავე გიგანტ ავტომწარმოებლებს.

როგორც Reuters წერს, BMW, Audi და Mercedes-Benz, ათწლეულებია, სედანის წარმოების ბაზარზე ლიდერები არიან, თუმცა, ანალიტიკოსების პროგნოზით, ახალ ტექნოლოგიებსა და უფრო რთულ პროგრამულ უზრუნველყოფის სისტემაზე გადასვლა, ავტომწარმოებლებისთვის ახალ გამოწვევებს ქმნის.

ტესლა, პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრონიკის მიმართულებით, 3-4 წლით წინ არის. მილენიალები სწორედ ასეთ დეტალებზე არიან ორიენტირებული და არჩევანსაც შესაბამისს აკეთებენ. არსებობს რისკი, რომ გერმანელი ავტომწარმოებლები ამ რეალობას ფეხს ვერ აუწყობენ“,  – ამბობს UBS-ის ანალიტიკოსი პატრიკ ჰამელი.

BMW-ის მმართველი საბჭოს წევრების აზრით, ოლივერ ზიპსმა, როგორც პროდუქტის განვითარების ექსპერტმა, სწორედ ეს გამოწვევები უნდა დაძლიოს და მისი დახმარებით, ბრენდი მილენიალებისთვის პრიორიტეტული გახდეს.

განხილვა