თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ახალი ფერი აღმოაჩინეს, ისეთი, რომელიც აქამდე ადამიანის თვალს არასდროს უნახავს. ეს ამბავი კი ექსპერიმენტს მოჰყვა, ბადურაში არსებული კონკრეტული უჯრედების სტიმულირებით ლურჯ-მწვანე ფერს წააწყდნენ და მას olo უწოდეს. რამდენად ახალი ფერია, ეს ექსპერტებშიც კი საკამათო საგანია… მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები გვეუბნებიან, რომ მიღებული შედეგები ფერთა სიბრმავის შესახებ უფრო მეტის გაგებაში დაეხმარებათ.
მსგავს ფერებს ჩვენ კი ფირუზისფერს ვუწოდებთ, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ olo იმაზე უფრო ინტენსიურია, ვიდრე ნებისმიერი ფერი, რომლის დანახვაც რეალურ სამყაროში შეგვიძლია. სწორედ ამას ამბობს ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილეც:
„მოდით, დავუშვათ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ვარდისფერს, ღია ვარდისფერსა და პასტელურ ვარდისფერს ხედავთ, შემდეგ კი ერთ დღესაც ოფისში წახვალთ და დაინახავთ, რომ თანამშრომლის მაისური ყველაზე ინტენსიური ღია ვარდისფერია მათ შორის, რაც აქამდე გინახავთ. ისინი გეტყვიან, რომ ეს ახალი ფერია, რომელსაც წითელს უწოდებენ“.
კვლევაში სულ 5 ადამიანი იყო ჩართული, 4 კაცი და ერთი ქალი, რომლებიც ფერებს ჩვეულებრივ აღიქვამდნენ. მათგან სამი მონაწილე კი კვლევის ავტორიც გახლავთ. ექსპერიმენტის ფარგლებში ისინი ლაზერის სხივებს თითოეული მონაწილის თვალის გუგებში უშვებდნენ. მონაწილეები Oz-ის მოწყობილობაში იხედებოდნენ, რომელიც სარკეებისგან, ლაზერებისა და ოპტიკური მოწყობილობებისგან შედგება. ეს მოწყობილობა კი თავად მკვლევრების მიერ არის შექმნილი.
თუმცა, სანამ ექსპერიმენტს დავუბრუნდებით, აგებულებაზე ვისაუბროთ — ბადურა ქსოვილის სინათლისადმი მგრძნობიარე ფენაა, რომელიც ვიზუალური ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. სინათლეს ელექტრო სიგნალებად გარდაქმნის, რაც შემდგომ ტვინს ოპტიკური ნერვის საშუალებით გადაეცემა და დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ეს ბადურა კონუსურ უჯრედებსაც მოიცავს, რომლებიც უკვე ფერების აღქმაზეა პასუხისმგებელი. უფრო ზუსტად, სამი ტიპის S, L და M კონუსური უჯრედებისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული სენსიტიურია განსხვავებული ტალღის სიგრძის ლურჯ, წითელ და მწვანე ფერებზე. ნაშრომის მიხედვით, ნორმალური ხედვის შემთხვევაში ნებისმიერი სინათლე, რომელიც M კონუსურ უჯრედს ასტიმულირებს, მეზობელ L ან S კონუსურ უჯრედებზეც მუშაობს.
ექსპერიმენტის ფარგლებში კი ლაზერმა მხოლოდ M კონუსური უჯრედების სტიმულირებაზე იზრუნა, ასე ტვინს ისეთ ფერთა სიგნალს გაუგზავნიდა, რომელიც არასდროს გვხვდება ბუნებრივი ხედვის შემთხვევაში. ამ ლოგიკით კი გამოდის, რომ არა კონკრეტული სტიმულაციების დახმარება, olo-ს ადამიანი შეუიარაღებელი თვალით რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს დაინახავდა…
საინტერესოა, რომ ექსპერიმენტში მიღებული ფერის დასადასტურებლად თითოეული მონაწილე ციფერბლატზე აყენებდა მას. თუმცა, ექსპერტების ნაწილის თქმით, ახლად აღქმული ფერი ინტერპრეტაციის საგანია. ზოგიც ამბობს, რომ ეს მხოლოდ ტექნოლოგიური წარმატებაა და არა, ახალი ფერის აღმოჩენა…
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, კვლევის ავტორები ახლა იმის შესწავლას აპირებენ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მიღებული შედეგები ადამიანებისთვის, რომლებსაც კონკრეტული ფერების ერთმანეთისგან განსხვავება უჭირთ.