პლაზმური დიდეკრანიანი ტელევიზორები, 3D ეფექტით, ყველა მომხმარებლის საყვარელი არჩევანია. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს პროდუქტი ისეთ საფეხურამდე მიიყვანეს, რომ ფილმის ან ნებისმიერი გადაცემის ყურებისას შეგრძნებები და კადრები თითქმის რეალურია. ასეთ ტელევიზორებში საბრძოლო მოქმედებებისა და საომარი სიტუაციების ყურებაც საკმაოდ დაძაბული და ამაღელვებელია. აფეთქებები და სროლები იმდენად დეტალურად ჩანს, რომ ხშირად მათი ყურება რთულიც კი ხდება. თუმცა, საბედნიეროდ მაყურებელს ტელევიზორის დისტანციონზე წითელი გამომრთველი ღილაკი აქვთ, რომლითაც მარტივად შეუძლიათ აირიდონ ომის შემზარავი კადრები თვალთახედვის არედან. მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც არც გამომრთველი აქვთ და ამ სირთულეს არა პლაზმური ტელევიზორიდან, არამედ ნახევარდ ჩამონგრეული სახლის ფანჯრიდან ადევნებენ თვალს, თან არა ერთ და ორი საათის განმავლობაში, არამედ მუდმივად?!
ორგანიზაცია Amnesty International–მა, რომელიც ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება, ამ რთულ პრობლემასთან დაკავშირებით, პოსტერები შექმნა. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ უამრავი ადამიანის პრობლემას არა პლაზმური ტელევიზორიდან, არამედ რეალობიდან შეხედოს და მათ დასახმარებლად რაიმე იღონოს.