in

ცოტა რამ ომის ჟურნალისტების შესახებ — ინტერვიუ ლევან ახალაიასთან

M2
M2

„ადამიანის პროფესიულად გახსნა სწორედ ასე ცხელ წერტილებში ხდება, ზეწოლის ქვეშ ბევრი რამ იბადება, საინტერესო და მნიშვნელოვანი… ეს იმ ადამიანებისთვისაც არის მთავარი, ვისზეც რეპორტაჟს აკეთებ, სტატიას წერ თუ ფოტოებს იღებ, რადგან მსოფლიო მათ ისტორიებს სწორედ შენი საშუალებით იგებს“ — გვეუბნება ლევან ახალაია, ჟურნალისტი, ომის გამოცდილებით. 

მან ამბები უკვე ორი ცხელი წერტილიდან გაგვიზიარა. აქ იგულისხმება 2020 წლის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ყარაბაღის კონფლიქტი და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი, სადაც სამი კვირა გაატარა. სამწუხაროდ, ამ ომში უკვე არიან დაღუპული ჟურნალისტები, რომლებიც მტრის აგრესიას ემსხვერპლნენ…

ჩვენ კი ლევანს ომის ჟურნალისტის პროფესიის შესახებ გავესაუბრეთ. 

M: რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ომში ჟურნალისტად წასვლა შეძლო?

აუცილებელია ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების თანხვედრა. ძალიან რთულ ვითარებაში გიწევს ყოფნა, იქ ძალიან ბევრი მომენტია, რომელიც თავად არ იცი, მათ შორის შენი თავის შესახებაც და შეიძლება შემდეგ გაიგო — რისი გეშინია, რატომ გეშინია… არსებობს ბევრი საინტერესო ტრენინგიც, რომლის გავლაც, თუ ამ სფეროში მუშაობა გინდა, აუცილებელია. ერთ-ერთი, მაგალითად, Reuters-ის ტრენინგია, რომელიც რეალურ სურათთან მაქსიმალურად მიახლოებულია, იმდენად მიახლოებული, რომ შეიძლება, თავზე ტომარა ჩამოგაცვან, წაგიყვანონ და ნამდვილად გირტყან…გასწავლიან როგორ გათბე, გადარჩე ან დაეხმარო სხვას, მაგალითად, ყინვის დროს… მსგავსად კი სწავლობ, როგორ გაუმკლავდე კრიტიკულ სიტუაციებს, რაც შემდგომში ძალიან გეხმარება. 

M: როცა უკვე ომში წასვლის გადაწყვეტილებას იღებთ, რა გჭირდებათ კონკრეტულ ადგილამდე მისასვლელად? 

უკრაინის მაგალითი რომ ავიღოთ, საჭირო იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან აკრედიტაციის მიღება. ზოგადად, კი უმჯობესია აკრედიტაციები 2 თვით ადრე შეავსო, რათა შემდგომში მზად იყო. დედანთან ერთად ასლის ქონაც აუცილებელია, რადგან არ არის მიზანშეწონილი, რომ ნებისმიერ შემხვედრ ადამიანს, თუნდაც მას სამხედრო ფორმა ეცვას, შენი ორიგინალი საბუთი გადასცე, რადგან იმ დროს არ იცი, შეიძლება, დივერსანტიც იყოს…

გარდა ამისა, ეკიპირებაც აუცილებელია — ჯავშან-ჟილეტი, ჩაფხუტი, მოსახერხებელი ტანსაცმელი… იქნება ეს შარვალი, რომელსაც ბევრი ჯიბე აქვს, ზურგჩანთა, რომელშიც ყველაფერი ჩაეტევა, რაც გჭირდება, ტექნიკა, საბუთები თუ სხვა საჭირო ნივთები. ასევე, აუცილებელია პირველადი დახმარების პროდუქტებიც, რომლითაც თუნდაც კოლეგას გაუწევთ დახმარებას. შესაძლოა, დანა გქონდეთ, მაგრამ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს, იარაღის ქონას არ გირჩევდით. არსებობს შანსი, რომ სხვამ კონფლიქტის მონაწილედ ჩაგთვალოთ. ამიტომ, ომში ჟურნალისტის იარაღი კამერა და ფოტოაპარატია. 

M: ომში ვინ ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე? 

მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა გაქვს ცენტრალური ოფისიდან, მაგრამ ველზე ყველა გადაწყვეტილებას უშუალოდ თავად იღებ, ბევრი რამ შენზე და შენი გუნდის წევრებზეა დამოკიდებული. შემდეგ, ცხადია, დახმარების თხოვნით სხვებსაც შეგიძლია მიმართო. მაგალითად, როცა რაღაც ხდება, პირველ რიგში, ადგილზე ვუკავშირდები საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სამედიცინო სამსახურს, პოლიციას თუ სხვას. თუმცა, როცა ამ პროფესიას ირჩევ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენი უსაფრთხოების 100 პროცენტიანი გარანტია არ არსებობს და ეს გარანტია არც მაშინ გვაქვს, როცა თბილისის ქუჩებში დადიხარ… პირადად მე, არ მომხვედრია ტყვია, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ბრონის ჟილეტი ჩვენთვის დამცავი საშუალებაა, რომელსაც ბევრი ჟურნალისტიც გადაურჩენია. მაგრამ ბომბების შემთხვევაში დაზღვეული არავინაა, მათ შორის არც ჟურნალისტები…

M: როგორ ახერხებთ დაბომბილ ქალაქში დგომას და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებას?

ადამიანებმა არ უნდა გაიგონ, რომ შენ დაძაბული ხარ ან ნერვიულობ, რადგან მთელი სურათი, რაც გარშემო ხდება, მათთვის ისედაც მძიმე სანახავია. ამიტომ, მე ასეთი ხერხი თუ ხრიკი მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები — ტყვიის მოხვედრის მილიონიდან მხოლოდ 1 შანსი არსებობს, თუ გიწერია, ეს მაინც ასე იქნება… ამიტომ, ნერვიულობა იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა, არ შეიძლება. შემდეგ კი ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდო იმის შესახებ, რასაც მე თვითონ ვხედავ, რადგან ადამიანებს უშუალოდ იქ მყოფი პირისგან აინტერესებთ ინფორმაცია, რას ხედავს ან როგორ ხედავს ის. ამასთან ერთად, ჩემი მეგობრებიც ძალიან მეხმარებიან, მაგალითად, უკრაინაში ოპერატორთან გიორგი კიკვაძესთან და ფოტოკორესპოდენტთან ირაკლი გედენიძესთან ერთად ვიყავი. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით, ერთ საქმეს ვაკეთებდით და, ასე ვთქვათ, ერთი მოზაიკის ნაწილები ვიყავით, რომელიც შემდგომში მაყურებლამდე მიდიოდა.

M: რა ხდება სახლში, როცა ომში საკუთარი სურვილით მიდიხართ? 

ამ თემაზე ოჯახში ძალიან ბევრი საუბარი მქონდა, თუნდაც ჩემს მეუღლესთან. საბოლოო ჯამში კი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს. ხოლო გრძნობები, რომელიც ამ დროს შენს ახლობლებს უჩნდებათ, რა თქმა უნდა, შემაფერხებელია, მაგრამ ისინი ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, გაგიგონ. ალბათ, ურთიერთგაგება უნდა იყოს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სხვა საქმე ადამიანს შეიძლება არ ანიჭებდეს ისეთ სიამოვნებას, არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს. იმის გამო, რომ ვიღაცას შენი ომში გაშვების ეშინია, არ შეიძლება დაკარგო შენი პროფესია. 

M: როგორ უკავშირდებით ომის ეპიცენტრიდან ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს?

კომუნიკაცია ძალიან რთულია, გარდა ომის ეპიცენტრში ყოფნისა, შენ კოლეგებთან ტელევიზიაში მუდმივი კონტაქტი გიწევს, უკრაინის შემთხვევაში დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ან 4 ჩართვას ვაკეთებდით, როცა ეთერში არ ვიყავით, ინფორმაციებს ვაგროვებდით. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ჩემთვის ამის განაწილება, მაგრამ ვიპოვე ერთი ხერხი — ეს ადამიანები ერთ ჯგუფში გავაწევრიანე და იქ ვცდილობდი ყველასთვის ერთად მეპასუხა შეკითხვებზე — როგორ ხარ, სად ხარ, რას აკეთებ…

M: როგორ უყურებენ ომში საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანები ჟურნალისტებს?

სხვადასხვა კონფლიქტის დროს სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, როცა იგებენ, რომ საქართველოდან ხარ, იქ სხვანაირი დამოკიდებულებაა შენ მიმართ… ზოგადად კი ისინი უფრო სანდო ადამიანს ხედავენ შენში. ასე რომ, მნიშვნელოვანია, არასდროს მოატყუო და ცუდად არ უპასუხო, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში შეიძლება შენი პროფესიული საქმის შესრულებით ძალიან დაკავებული იყო. მე ყოველთვის ვცდილობ მათ ვუპასუხო და მივაწოდო ინფორმაცია, გავუზიარო ჩემი შეხედულება, რადგან აუცილებელია ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. კი, შენ ჟურნალისტი ხარ, მაგრამ ამასთან ერთად ხარ ადამიანი და ეს არასდროს უნდა დაგავიწყდეს, როცა დახმარებას გთხოვენ, თუ შენ ამის საშუალება გაქვს, აუცილებლად უნდა დაეხმარო. 

M: როგორია ომიდან მშვიდობიან ქვეყანაში დაბრუნება? 

ძალიან რთულია, განსაკუთრებით, პირველი ორი კვირა. მართალი გითხრათ, იყო მომენტები, როცა ქუჩაშიც გამიხედია, როდესაც მანქანას ჩაუვლია ან რაღაც ხმა იყო… ხშირად ვერ აცნობიერებ, სად და როგორ სიტუაციაში ხარ, რომ აქ უკვე უსაფრთხოა, როცა ომში შენთვის უსაფრთხო გარემო არსად არ არის. მითუმეტეს კიევში, როცა ფრონტის ხაზი ყველგან იყო, მაშინაც კი, როცა რუმინეთში გადავედით, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი, თავი ჯერ კიდევ უკრაინაში მეგონა… თუმცა ამის დაძლევაში ოჯახის წევრები და მეგობრები გვეხმარებიან, გადაგვაქვს ყურადღება უფრო კარგ რაღაცებზე ბავშვებზე, ოჯახზე… 

M: არსებობს თუ არა ომის კადრები, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

ომის კადრებიდან ყველაზე მეტად ბავშვები და ის ადამიანები, ქალები გამახსოვრდება, რომლებიც ომს გაურბიან — მათი სახეები, თვალები, ემოციები, მათთან კომუნიკაციის დროს ნათქვამი სიტყვები ყოველთვის ისეთია, არასდროს დაგავიწყდება. 

მე კი ყოველთვის ვცდილობ, მათთან ომის შემდეგაც მქონდეს კომუნიკაცია, ვცდილობ, მოვიკითხო და დავეხმარო, რითაც შემიძლია… თუმცა ასეთია ცხოვრება, არ არის მხოლოდ თეთრი, არის შავ-თეთრი და კიდევ სხვადასხვა ფერი.

M: ადამიანებს, რომლებიც ვერ ხვდებიან რატომ მიდის ჟურნალისტი ომში, ან რატომ აყენებს საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ, რას ეტყოდით?

ვეტყოდი იმას, რომ ჟურნალისტები რომ არ წასულიყვნენ ომში, ისინი ვერ ნახავდნენ იმ ყველაფერს, რაც რეალურად ხდება. მაგალითად, თუნდაც უკრაინაში, იქ რომ არ ყოფილიყო, ან არ იყოს, ამდენი ჟურნალისტი, უბრალოდ ყველაფერს პროპაგანდისტული მანქანა შეჭამდა და სიმართლეს ვერ, ან ნაკლებად, გავიგებდით.

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ბრჭყვიალა ქილები და „სნექებით” აწყობილი სკულპტურები სემ კელერის შემოქმედებიდან

მალე ჰოგვორტსის თემატიკაზე შექმნილ ვიდეოთამაშს ვიხილავთ!