in

რატომ არის ტვირთის გადაზიდვა ნებისმიერი ჩვენგანის ინტერესი? – OMOFOX და მისი ლოჯისტიკური ფილოსოფია

„მიზნად დავისახეთ, რომ გუნდის მენეჯმენტიდან დაწყებული – ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე მისვლით დამთავრებული – ყველაფერი სწორი მიდგომების გათვალისწინებით გვეკეთებინა“. 

Startauperi
Startauperi

ტვირთბრუნვაზე, ანუ ტვირთების გადაზიდვაზე თუ გიფიქრიათ, რამდენად კომპლექსური პროცესია? რამდენი ადამიანის ჩართულობასა და მათი დროის, ფინანსების, ინტელექტუალური, ემოციური თუ ტექნიკური რესურსების სწორ მენეჯმენტს მოითხოვს?

ამ ჯაჭვში ერთი დაბალი რგოლის პატარა შეცდომაც საკმარისია, რომ გათვალისწინებული პროდუქტი, შესაბამისი ოდენობით, სწორ ადგილას, სწორ დროს, ვეღარ მივიდეს.

საქმე კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როცა საქმე ინტერმოდალურ გადაზიდვებთან გვაქვს. საკანონმდებლო მაცნეს განმარტებით, ტერმინი „ინტერმოდალური გადაზიდვები“ ნიშნავს ისეთ სატვირთო გადაზიდვებს, როდესაც სატრანსპორტო საშუალება საავტომობილო გზას მხოლოდ რეისის საწყის ან საბოლოო მონაკვეთზე იყენებს, ხოლო რეისის დარჩენილ ნაწილზე ტვირთი რკინიგზით, საწყალოსნო გზით ან ზღვით გადაიტანება. რასაკვირველია, ტვირთის გადატანა საჰაერო გზითაც ხდება.

გლობალური ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა – ტვირთების გადაზიდვა ჩვენს, თითოეული მომხმარებლის დონეზე რომ განვიხილოთ, ეს არის დინამიკური სფერო, რომელიც ყველგან და ყველას სჭირდება: საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, ავეჯი თუ სხვ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა და ფუნქციონირებისთვის, რეალურად, ტვირთების გადაზიდვას იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ქართულ სტარტაპ OMOFOX-ზე მოგიყვეთ… როგორც თავად ამბობენ, „პატარა, მაგრამ დიდი გულის მქონე სტარტაპი“ ჯერ, სულ რაღაც, 2 თვის არის, თუმცა კი პირველივე გამოწვევას – რაშიც საინვესტიციო კომიტეტის მიერ, 100 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის 20 გამარჯვებულს შორის დასახელება იგულისხმება – ისე გადაახტა, რომ „ჰოპ-ის“ დაძახებაც არ დავიწყებია!

OMOFOX გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვის B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) პლატფორმაა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ბიზნესის სხვადასხვა სექტორსა და გადამზიდ კომპანიებს შორის. 

სანამ სტარტაპის თანადამფუძნებელ, მახო ქიტუაშვილთან ინტერვიუს მეშვეობით, უფრო დაწვრილებით გიამბობდეთ, რა პრობლემას აგვარებს OMOFOX-ის იდეა და როგორ, მანამდე სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროში არსებულ რამდენიმე საკვანძო პრობლემასაც გაგიზიარებთ, რომელიც დაკავშირებულია: ლოჯისტიკის მენეჯმენტთან, ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებასთან (მყისიერი ფასწარმოქმნა), გადაზიდვის დაგეგმვა-რისკმენეჯმენტთან, ერთმანეთთან დაკავშირებული რგოლების ეფექტურ კომუნიკაციასა და სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებულ რეგულაციებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ ყველანი OMOFOX-ის არაპირდაპირი მომხმარებლები გამოვდივართ, მაინც დავაზუსტებ, რომ ინტერვიუში ნახსენებ „მომხმარებლებში“ ნაგულისხმევი იქნება სხვადასხვა ბიზნესი, რომელიც იმპორტს, ექსპორტს ან გლობალურ ვაჭრობას ეწევა და ამისთვის გადამზიდ კომპანიებთან ურთიერთობა უწევს:

M: მახო, OMOFOX-ით დავიწყოთ… როგორ ჩაეყარა საფუძველი საქართველოში შექმნილ გლობალურ ციფრულ პლატფორმას, რომელსაც მომხმარებლების საჭიროებებისა და ტექნოლოგიების სინთეზით სურს ბაზარზე თავის დამკვიდრება?
ეს პროექტი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. რამდენიმე წლის წინ, სხვა სტარტაპს (მარაგების მენეჯმენტზე) ვუძღვებოდი. ვიკვლევდი, მომხმარებლებს რამდენად სჭირდებოდათ სერვისი, რომლის შეთავაზებასაც ვაპირებდი და ამ პროცესში, ინტერვიუზე „ციტადელის“ ლოჯისტიკურ ხელმძღვანელ, ვახო რომანოვთან აღმოვჩნდი. ჩვენი საუბარი, დაახლოებით, 3-4 საათს გაგრძელდა და მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ბიზნესის ვახოსთან ერთად კეთება.

რამდენიმე წლის შემდეგ, მისი „ციტადელიდან“ წამოსვლის შესახებ გავიგე და მალევე შევეხმიანე. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის დაწყება, ერთი-ორი წელი, ჩემს გეგმებში არ შედიოდა, შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ბაზარს სატრანსპორტო და ლოჯისტიკის მიმართულებით, რაღაც ახალი სჭირდებოდა! ძალიან დროულად, „კარგონიდან“ წამოსული კახაბერ ყოჩიაშვილიც შემოგვიერთდა და ასე, ერთი იდეის გარშემო ტვირთების გადაზიდვის კუთხით გამოცდილი ადამიანები შევიკრიბეთ. 

M: პროფესიით დეველოპერი ხარ, ხომ? რით ხსნი შენს ამ სფეროსადმი ინტერესს? 
ესაა დარგი, რომელიც მონოტონური არასდროსაა… და მეც ასეთი ხასიათი მაქვს – ერთი და იმავე საქმის კეთებისას ინტერესი მეკარგება. ვინაიდან, ყველა გადაზიდვა ერთმანეთისგან განსხვავებულია, არც მე მბეზრდება. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ტვირთების გადაზიდვაზე მუშაობა ჩემთვის ემოციურია.

გარდა ამისა, ეს ინდუსტრია ძალიან მდგრადია. მსოფლიო უნდა გაჩერდეს, რომ გადაზიდვები საჭირო აღარ იყოს.

M: OMOFOX-ს რომ დავუბრუნდეთ… ამბობთ, რომ თქვენთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია, თუმცა იმასაც გვიზიარებთ, რომ პირველ რიგში, გუნდის დაკომპლექტებას ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებით…
ჩვენ ოპერირება 2020 წელს დავიწყეთ და მიზნად დავისახეთ, რომ გუნდის მენეჯმენტიდან დაწყებული – ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე მისვლით დამთავრებული – ყველაფერი სწორი მიდგომების გათვალისწინებით გვეკეთებინა. 

გუნდის შემთხვევაში, სწორ მენეჯმენტში ეჯაილ მეთოდოლოგიას ვგულისხმობთ. ჯერჯერობით, 8 ადამიანი ვართ, რამდენიმე დღეში, დაახლოებით, ამდენივე დაგვემატება. უკვე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებაც გუნდის ყველა წევრს ერთად გვქონდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვინ იქნებიან საწყის ეტაპზე ის ადამიანები, რომლებიც OMOFOX-ის ადამიანურ კაპიტალსა და კორპორატიულ კულტურას შექმნიან.

რაც შეეხება მომხმარებლებთან ურთიერთობას, აქ მართვის ფილოსოფია ლინ მენეჯმენტზე დავაშენეთ, რომლის უმთავრესი მიზანიც სწორედ ჩვენი აუდიტორიის კმაყოფილებაზე ზრუნვაა: რა უნდა მომხმარებელს? რა ღირებულება უნდა შევუქმნათ? – ამ კითხვებს რომ ვპასუხობთ, მერე ვხვდებით, მუშაობა რა მიმართულებით სჯობს, განვაგრძოთ.

გვინდა, მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციით, ეტაპობრივად, სწორედ ის ხელსაწყოები შევთავაზოთ, რომლითაც უკეთეს გამოცდილებას შევუქმნით და დავეხმარებით, გაიგონ, როგორია ტვირთების გადაზიდვების სფეროში თანამედროვეობის შესაბამისი მომსახურება. 

M: სტარტაპის საქმიანობას რაც შეეხება, უფრო ზუსტად, რა როლი აქვს OMOFOX-ს ტვირთის გადაზიდვის პროცესში?
ექსპედიტორები ვართ და ტვირთის ექსპედიციას უზრუნველვყოფთ. ჩვენ ტრანსპორტს – მოძრავ ქონებას არ ვფლობთ, ანუ ჩვენი საქმიანობა ტვირთის ორგანიზებაა და ტექნოლოგიური გადაწყვეტებით ვცდილობთ, ეს პროცესი, მაქსიმალურად, მარტივი და კომფორტული გავხადოთ. 

სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორები გვყავს: საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო თუ სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით და სწორედ ეს გამოცდილება გვიქმნის მზაობას შუამავლის როლის პასუხისმგებლობის აღებაზე სხვადასხვა ბიზნესსა და გადამზიდ კომპანიებს შორის. 

M: რასთანაა დაკავშირებული ის მთავარი პრობლემები, რომლის გადაჭრასაც OMOFOX-ის სახელით აპირებთ?
ტვირთების გადაზიდვის პროცესში იმისთვის, რომ მომხმარებელიც კმაყოფილი იყოს და არც სხვა ჩართულმა მხარეებმა ვიზარალოთ, ინფორმაციის დროულ და სწორ ცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დღეს, Მომხმარებლებს ამ პროცესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია ფრაგმენტულად, განსხვავებული არხების საშუალებით მიეწოდებათ, იქნება ეს: ელექტრონული ფოსტა, WhatsApp, სატელეფონო ზარი და ა.შ. რაც მონაცემების დამუშავებას, თანხის დროულად ჩარიცხვას, პრობლემაზე რეაგირების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ჩვენ მიერ, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამოსავალი ასე გამოიყურება: ერთი პლატფორმა, სადაც მსურველს შეუძლია ტვირთის გადაზიდვის საფასურის გაგება, მისაღები ღირებულების შემთხვევაში, გადაზიდვის დაჯავშნა, გადაზიდვის პროცესისთვის თვალის დევნება (თრექინგი) და ჩართულ მხარეებთან ერთი პლატფორმის მეშვეობით კავშირის შესაძლებლობა. 

დღევანდელი მოცემულობით, საფასურის გაგების მცდელობისთანავე, ანუ საწყის ეტაპზე, მომხმარებელი ერთგვარი გამოწვევის წინაშე დგება, ვინაიდან, ვთქვათ, მას თუ აინტერესებს, შანხაიდან თბილისში გადაზიდვა რა დაუჯდება, ამისთვის 18 საათიანი ლოდინი მოუწევს.

ჩვენ გვინდა, რომ ეს დრო 6-7 საათამდე შევამციროთ და მყისიერი ფასწარმოქმნა შევქმნათ. მოკლედ, პროცესის Მაქსიმალურ ავტომატიზებაზე გვაქვს სწორება. 

M: ხომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამანათის გადაზიდვებს ვერტიკალური მომარაგების ჯაჭვის სისტემით უზრუნველყოფენ… ანუ, თუ კომპანიას თავიდან ბოლომდე შეუძლია გადაზიდვის პროცესის მართვა, სხვადასხვა კონტინენტზეც კი, ეს რამდენად გიქმნით თქვენ პრობლემას?
DHL-ის მაგალითი რომ განვიხილოთ, ზუსტად ეს კომპანია იყენებს ვერტიკალური მომარაგების ჯაჭვის სისტემას, ანუ ეს ნიშნავს, რომ ამერიკიდან რომ ამანათი ჩამომდის, საქართველოშიც ეს კომპანია მომიტანს. თუმცა როცა საქმე, ვთქვათ, 100 კონტეინერს – მძიმეწონიან ტვირთს ეხება, არ არსებობს კომპანია, რომელსაც იმდენი სატრანსპორტო რესურსი ექნება, ყველა ეტაპზე თავად შეძლოს ტვირთის დანიშულების ადგილზე მიტანა. მძიმე ტვირთების შემთხვევაში, ყველა რეგიონში სხვადასხვა მოთამაშეა და ჩვენი როლიც ეგაა – გამოცდილებიდან გამომდინარე, საქმე ყველაზე სანდოებთან დავიჭიროთ, რომ გადაზიდვების რისკებსა და ტვირთის უსაფრთხოებაზე პრობლემები არ შევიქმნათ.M: თქვენს სახელზე რას გვეტყვით? რა კრიტერიუმებით შეირჩა OMOFOX?
სახელი 8-9 თვის წინ შევარჩიეთ. გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ როცა ბრენდს ქმნი, მით უმეტეს, ტვირთის გადაზიდვის სფეროში, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მას ხილვადობის საშუალება გლობალურ ბაზარზეც ექნება. შესაბამისად, ჩვენი სახელი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც ნებისმიერ ენაზე ერთნაირად გამოითქმის, .com-ზე თავისუფალი დომენი უნდა ჰქონოდა და საძიებო სისტემაშიც უკონკურენტო ყოფილიყო. შედეგად, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივედით OMOFOX-მდე, რომელიც ჯერჯერობით, ჩვენს წინასწარ გათვლებს ძალიან სწორად პასუხობს.

M: რა ფაზაში ხართ ახლა და როგორია თქვენი გეგმები საერთაშორისო ბაზრის ათვისების კუთხით?
ამჟამად, დეველოპმენტის პროცესში ვართ. მოპოვებული გრანტიც იმას უნდა მოვახმაროთ, რომ ეტაპობრივად, ჩვენი პლატფორმა დავხვეწოთ და პროდუქტი განვავითაროთ. 
მერე კი, ნელ-ნელა, გასვლა მეზობელ ქვეყნებშიც: აზერბაიჯანსა და სომხეთში დავიწყოთ! საწყის ეტაპზე იქ, სადაც ბაზარი თავისუფალია. 

OMOFOX-ის მიმდინარე ვაკანსიების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

 

ავტორი: თიკა გეგენავა

ტოქსიკური „სირბილე“ თანამშრომლებთან კომუნიკაციაში – „რინგოს“ #შეცდომები

დავით გოგიჩაიშვილი

“ადამიანების მენეჯმენტი” – დავით გოგიჩაიშვილის საავტორო კურსი