Harley-Davidson-მა, ბრენდის განახლებული პლატფორმა “Ride” შექმნა. ეს მარკეტინგული გადატვირთვა ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც კომპანია მაისში დაგეგმილი ახალი სტრატეგიის ჩასაშვებად ემზადება. ინიციატივის მთავარი ნაწილი 60-წამიანი სარეკლამო რგოლია, რომელიც ტრადიციული მაუწყებლობისა და სტრიმინგ პლატფორმების საშუალებით გავრცელდება. ვიდეორგოლი, რომელსაც ფონად ვილი ნელსონის ცნობილი ჰიტი “On the Road Again” გასდევს, ქალაქებსა თუ ღია ტრასებზე მოძრავ, მრავალფეროვან მოტოციკლისტებს აერთიანებს და მეგობრობის, საზოგადოებისა და ამერიკული დროშის სიმბოლიკას ეხმიანება.
პლატფორმის პარალელურად, Harley-Davidson-მა ახალი ვიზუალური იდენტობაც გაასაჯაროვა. კომპანია თავის საკულტო დიზაინს, ტრადიციულ ლოგოს უბრუნდება, რაც ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა იმ უმდიდრესი მემკვიდრეობის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ 1903 წლიდან, კომპანიის დაარსების დღიდან იღებს სათავეს.
როგორც კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, არტი სტარსის ხედვიდან ირკვევა, მაისში დაგეგმილი სტრატეგიის პრეზენტაციამდე ბრენდის სრული გადატვირთვა მათთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. პლატფორმის მთავარი მიზანი სწორედ იმ სიხარულისა და თავისუფლების შეგრძნების გადმოცემაა, რასაც ადამიანები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოტოციკლის, Harley-Davidson-ის ტარებისას განიცდიან.
ამ მასშტაბურ კამპანიას წინ კომპანიისთვის საკმაოდ რთული წელი უძღოდა. ფინანსური ანგარიშების თანახმად, წინა წელთან შედარებით, გლობალურ ბაზარზე მოტოციკლების საცალო გაყიდვები 12%-ით შემცირდა. ახლა კი ბრენდი იმ სტრატეგიის წარდგენას გეგმავს, რომელიც მას მდგრადი ზრდის ტემპის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს. სიტუაციის გამოსასწორებლად კომპანიამ ჯერ კიდევ 2025 წლის მეოთხე კვარტალში გაზარდა მარკეტინგული ხარჯები და დილერებისთვის, კონკრეტულად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ფოკუსირებული, მარკეტინგული განვითარების სპეციალური ფონდი დააარსა.
წყარო: Marketing Dive













