16
Jul
2019

თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი

16 Jul 2019

თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი. როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ, ამ სიახლეს სატრანსპორტო რეფორმა ითვალისწინებს.

„გვექნება ერთიანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი აღებული ბილეთით, შესაძლებელი იქნება, იმგზავრო ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი. ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და სრული პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება“, – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

მერიის ინფორმაციით, მგზავრებს აღარ მოუწევთ მეტროში, ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსიში, ცალ-ცალკე მგზავრობის საფასურის გადახდა.

„გადაიხდიან ერთხელ, გააკეთებენ იმ ბილეთის ვალიდაციას და შემდეგ გამოიყენებენ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ვგეგმავთ ამ სქემაში საბაგიროს ჩართვასაც. როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება თბილისშიც“.

ასევე საუბარია, ერთთვიანი, სტუდენტური თუ სხვა ტიპის აბონემენტი სქემის შემუშავებაზე.

„ინტეგრირებული გადახდის სისტემა ავტობუსში, მეტროსა და სამარშრუტო ტაქსიში იმოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ, ვთქვათ, ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათ-ნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. საათ-ნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება მიკროავტობუსებიც. ანუ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 2021 წლის ზაფხულში, უკვე ახალი სისტემით დაიწყებს მუშაობას. რაც შეეხება საფასურს, შემიძლია გითხრათ, რომ რა თანხაც დღეს იკრიბება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებისგან, იგივე თანხა მოიკრიბება მომავალშიც. ზღვარი იქნება დაცული, მოხდება შეწონილი ტარიფის განსაზღვრა”, –  აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ინტეგრირებული ბილეთის ზუსტ საფასურს, მერია, უახლოეს მომავალში, განსაზღვრავს. მათი თქმით, მგზავრობის ღირებულება დამოკიდებული იქნება მარშრუტზე, არჩეულ სქემასა და სამგზავრო პაკეტზე – ერთდღიანი აბონემენტი, ერთთვიანი, სტუდენტურ თუ სხვა ბარათი.

„ამასთან, ყველა იმ სუბსიდიას და საშეღავათო სისტემას შევინარჩუნებთ, რომელიც დღეს მოქმედებს“.

განხილვა