უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი, 500 Global საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.
12 მონაწილეთაგან, რომლებიც წელს 500 Global-ისთვის შეირჩა, ერთ-ერთია OneApp.ly, უზბეკეთში დაფუძნებული სტარტაპი. სტარტაპი ოფიციალურად 2022 წლის ოქტომბრიდან არსებობს, თუმცა მისი გუნდის წევრები კომპანიის იდეაზე მანამდეც მუშაობდნენ. OneApp.ly დასაქმების ციფრული პლატფორმაა, სადაც როგორც სამუშაოს მაძიებელს, ისე დამსაქმებელს შეუძლია დარეგისტრირება და სასურველი ვაკანსიის/კანდიდატურის მოძიება. გუნდში ამჟამად 12 ადამიანია და ისინი სტარტაპული ენთუზიაზმით მუშაობენ განვითარებაზე. 500 Global-ში მონაწილეობაც ამისი დასტურია.
შერზოდ კოშიმოვი სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორია. სწორედ მას გავესაუბრეთ და გავიგეთ მეტი როგორც OneApp.ly-ის, ისე მისი გლობალში მონაწილეობის შესახებ.
M: შერზოდ, გაგვაცანით თქვენი სტარტაპი და იდეა, რასაც ეყრდნობოდა კომპანიის დაფუძნება…
ჩვენი სტარტაპის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც თავად დამფუძნებლები ვიყავით იმ ეტაპზე, როცა სამუშაოს ვეძებდით. კარგად გვესმის, რამდენად რთულია სამსახურის პოვნა და ვეცადეთ, რომ ტექნოლოგიის მეშვეობით ეს პრობლემა მოგვეგვარებინა.
მიზანი მარტივია – გვინდა, რომ აპლიკანტებისა და დამსაქმებლების ცხოვრება შედარებით გავამარტივოთ და ერთი კლიკით გავხადოთ შესაძლებელი როგორც ვაკანსიის, ისე სასურველი კანდიდატის პოვნა.
M: რა არის თქვენი 500 Global-ში მონაწილეობის მიზანი?
იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ სტარტაპი ვართ და 1 წელიც არაა გასული ჩვენი დაარსებიდან, გვსურს მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღება. ჩვენ გვაქვს იდეები და ტექნოლოგია, თუმცა ბიზნესის მართვა და დიდ კომპანიად გადაქცევა გაცილებით რთული საქმეა და ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზანიც ესაა – ვისწავლოთ მეტი, დავაგროვოთ კონტაქტები და გამოცდილება, რათა გავზარდოთ ბიზნესი და გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი.
M: თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი 500 Global-ის პროგრამაში მოხვედრა და რა მოლოდინი გაქვთ მისგან?
ჩემი აზრით, მიზეზი ისაა, რომ რეალურად ბევრი ადამიანის საქმის გამარტივება შევძელით და კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გასვლაც შეგვიძლია. შერჩევისას ჟიურიმ ალბათ დაინახა ის პოტენციალი, რასაც თავად გუნდის წევრები ვხედავთ. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, როგორიც დასაქმებაა. ის ყოველთვის აქტუალურია და ამ სფეროს მუდმივად სჭირდება მხარდაჭერა.
მოლოდინი დიდი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ დავხვეწთ და უფრო მასშტაბურს გავხდით ჩვენს პროდუქტს. აქ მიღებული ცოდნა კი სამომავლოდ უფრო დიდი გეგმების განხორციელებაში დაგვეხმარება, როგორიცაა აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის გამარტივება. იდეა აქაც „ერთი კლიკის” პრინციპს ეფუძნება.











