პროფესიონალი, ვისზეც დღეს გიამბობთ, ერთ-ერთი მაგალითია, რამდენად საამაყოა, როდესაც ქართულ გვარს საერთაშორისო სამედიცინო წრეებში ახსენებენ. ელენე მარიამიძე თოდუას კლინიკის კლინიკური ონკოლოგია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, მან არაერთი სამედიცინო გაიდლაინი შექმნა საერთაშორისო გამოყენებისთვის. ის გახლავთ „ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO)“ საჯარო პოლიტიკის კომიტეტის წევრი, „საქართველოს ონკოლოგიის სკოლის“ დამფუძნებელი, „საქართველოს გერიატრიული ონკოლოგიის ასოციაციის“ დამფუძნებელი, „ESO-ევროპის ონკოლოგიის სკოლის“ რეგიონული ელჩი. მონაწილეობა მიუღია ათობით სამედიცინო კონგრესზე და არაერთის ორგანიზატორი თავადაც ყოფილა. ამაყობს, რომ არის სფეროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ჩნდება ახალი სამკურნალო მიდგომები და საშუალება ეძლევა ყოველწლიურად გაზარდოს ონკოპაციენტების განკურნების შანსი.
„მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებად მედიცინის დარგად ონკოლოგია ითვლება, რაც დიდი მოტივაციაა ჩემთვის რადგან მედიცინაში თავიდან მეცნიერებისა და სამეცნიერო პროგრესის სიყვარულმა მომიყვანა. ამ მიმართულებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მიზეზიც რატომაც გადავწყვიტე ონკოლოგობა – მუდმივი განვითარება და სამეცნიერო პროგრესია,“ – გვიამბობს ელენე მარიამიძე.
M: როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა?
გამიჭირდება თქმა, რომ მედიცინა და ექიმობა ჩემი ერთადერთი პროფესიული არჩევანი ან ერთადერთი ოცნება იყო. ბავშვობაში, ალბათ, როგორც ყველა, ექიმობანას ვთამაშობდით ხოლმე მეგობრები და წლების შემდეგ, ასე, სიმბოლურად მოვირგე თეთრი ხალათი. ბავშვობიდან მუსიკა და ხელოვნებაც მიტაცებდა და სამედიცინოში სწავლის პარალელურად, საოპერო ხელოვნებას ვეუფლებოდი. 2015 წლის ზაფხულში, ჰანოვერში (გერმანია) იმუნოლოგიის ლაბორატორიაში გავდიოდი პრაქტიკას და იქ გადავწყვიტე საბოლოოდ, მთელი დრო მხოლოდ მედიცინისთვის დამეთმო. ამავე წელს, თბილისში დაბრუნებულმა მონაწილეობა მივიღე თსსუ-ის ახალგაზრდა სამეცნიერო გაერთიანების მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ონკო-2015“, სადაც აუდიტორიის წინაშე მაშინ ჯერ კიდევ მცირედ ცნობილი უჯრედული თერაპიის – CAR-T უჯრედებზე ნაშრომით წარვდექი. ამ ნაშრომზე გერმანიაში ვმუშაობდი და კონკურსიც მოვიგე. ამის შემდეგ, სწავლა გავაგრძელე პერუჯიის უნივერსიტეტში (იტალია), სადაც ასევე ვესწრებოდი იტალიის სამედიცინო ონკოლოგიის ასოციაციის AIOM მიერ გამართულ ონკოლოგიურ სემინარებსა და კონფერენციებს. ამან კიდევ უფრო მეტად გააღვივა ჩემში ონკოლოგიის სიყვარული.
შემდეგ, რეზიდენტურის პერიოდში, იყო სხვადასხვა საერთაშორისო ონკოლოგიური ასოციაციის წევრობა და საერთაშორისო ექსპერტობა.
M: როგორ შეიმუშავეთ გაიდლაინები, რომლებსაც დღეს საერთაშორისოდ იყენებენ?
2020 წლიდან, რამდენიმე საერთაშორისო ონკოლოგიური ასოციაციის ექსპერტი გავხდი. მიწვევდნენ სხვადასხვა თემაზე მოხსენების გასაკეთებლად, დისკუსიებში მონაწილეობისთვის.
გაიდლაინების შემუშავება საკმაოდ შრომატევადი პროცესია და იმის მიუხედავად, რომ ძირითადად გუნდი ვმუშაობთ, მაინც 3-დან 6 თვემდე გვჭირდება ხოლმე, რომ საბოლოო საერთაშორისო რეკომენდაციების კრებულის სახე მიიღოს. მათზე მუშაობა მას შემდეგ შემომთავაზეს, რაც რამდენიმე კონფერენციაზე გავაკეთე აღნიშნულ თემებზე მოხსენებები და გაიდლაინების შემუშავების კომიტეტს ჩემ მიერ წარმოებული დისკუსია მოეწონა. გაიდლაინებამდე იყო უფრო მცირე საცდელი დავალებები და პუბლიკაციები, რომელთა წარმატებით განხორციელებამაც ხელი შეუწყო ჩემთვის თანაავტორობის შემოთავაზებას.
ამჟამად, გამოქვეყნებული და მსოფლიოში გამოყენებადი ორი გაიდლაინია – ერთი ძუძუს კიბოს მართვის და იმპლემენტაციის გაიდლაინი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) კოლაბორაციითა და მათი კოორდინაციით შევქმენით და მეტასტაზური ფილტვის კიბოს მართვის გაიდლაინი, რომელიც ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების ეგიდით შეიქმნა (ESMO).
დამუშავების პროცესშია და მალე გამოიცემა გერიატრიული ონკოლოგიის, ადრეული ფაზის კლინიკური კვლევების და ასევე, რიგით მეორე ფილტვის კიბოს მართვის გაიდლაინები.
M: რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად?
რთული შეკითხვაა, თუმცა, მგონია, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი კარიერული გზით საქართველოში ახალგაზრდა კოლეგებისთვის მაგალითის და იმედის მიცემის საშუალებაა. როდესაც ყველა საერთაშორისო ასპარეზზე, კონგრესსა თუ თუნდაც საერთაშორისო გაიდლაინების ავტორებში ხედავენ ქართველ კოლეგას, ხვდებიან – შრომა ფასდება და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნიდან ვართ, მსოფლიო მედიცინაში ჩვენს სიტყვას ვამბობთ. ჩემი გამოცდილების გაზიარებისთვის და ასევე ზოგადად ონკოლოგიის როგორც დარგის განვითარებისთვის, 2021 წელს, სამედიცინო ორგანიზაციაც დავაარსე – საქართველოს ონკოლოგიის სკოლა, რომლის ეგიდით უკვე რამდენიმე წელია ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს თბილისში. კონფერენციებში მონაწილეობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
ამიტომ, ჩემი მთავარი მიღწევა, ან უფრო ვიტყოდი – მიზანი – მაინც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენაა.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე?
ჩემთვის, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ხშირად, ადამიანების ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენ, ონკოლოგებს, გვიწევს მათი გამხნევებაც, მკურნალობაც და მხარში დგომაც. მგონია, რომ ონკოლოგია ყველაზე ჰუმანური და ხანდახან ძალიან ემოციურად მძიმე პროფესიაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ახლიდან რომ მიწევდეს არჩევა, ისევ ონკოლოგობას ავირჩევდი.
ჩემთვის და ასევე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ონკოლოგის მუდმივი განვითარება და ცოდნის და გამოცდილების მიღება სხვადასხვა საერთაშორისო ცენტრებიდან. 2024 წლის დასაწყისში,რამდენიმე თვე პრაქტიკას გავდიოდი გენუაში , სან მარტინოს ჰოსპიტალში (იტალია), რომელიც რეგიონული ცენტრი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოსპიტალია . გარდა კლინიკური პრაქტიკისა, აქვე ვმუშაობდი ონკოფერტილობის საკითხზე, ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელ – მატეო ლამბერტინისთან ერთად, რომელიც ონკოფერტილობის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტია, მასთან ერთად გამოვეცით რამდენიმე სამეცნიერო სტატია.
M: თოდუას კლინიკის გუნდს როგორ შემოუერთდით და რით იქცა კლინიკა მიმზიდველ ადგილად თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის?
თოდუას კლინიკის გუნდს 2017 წელს შემოვუერთდი, როდესაც იტალიიდან დაბრუნებული სამუშაოს ვეძებდი. ჩემმა მაშინდელმა მენტორმა მასთან ასისტენტობა შემომთავაზა ონკოლოგიის განყოფილებაში. ბატონ ფრიდონ თოდუას ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვიცნობდი რადიოლოგიის ასოციაციის კონგრესებიდან, რომლის ახალგაზრდულ სესიაზეც რამდენჯერმე გამოვედი. კლინიკის პროფესიონალთა გუნდს ვიცნობდი. ვიცოდი, როგორ დაუღალავად შრომობდნენ საკუთარი დარგის წინსვლისთვის და პაციენტებისთვის უკეთესი სამკურნალო პირობების შექმნისთვის. ეს პროფესიონალური დამოკიდებულება გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც თავიდან თოდუას კლინიკაში მუშაობის დაწყებისას, ისე კლინიკაში მუშაობის გაგრძელებისას, რეზიდენტურის დამთავრებისა და საზღვარგარეთ პრაქტიკის გავლის შემდეგ.
M: თქვენი შეფასებით, როგორია სამკურნალო გარემო თოდუას კლინიკაში ონკოპაციენტებისთვის?
საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა ყველაზე ეფექტურია ცენტრებში, სადაც ხელმისაწვდომია ყველა ონკოლოგიური სერვისი, დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე, მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობის ჩათვლით. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ თოდუას კლინიკაში არსებული სერვისები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც კლინიკის სერტიფიცირებაც ადასტურებს ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების მიერ (ESMO).
ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგალითად, პაციენტების კონსილიუმის წესით განხილვა. ეს სტანდარტი იგივეა თოდუას კლინიკაში, ისევე, როგორც სხვა ევროპულ კლინიკებში, სადაც პრაქტიკა გამივლია.
[R]