in

„პირდაპირ ფერმერებისგან“ – როგორ შეიქმნა ონლაინ აგრობაზარი Ebazaar.ge

ხილისა და ბოსტნეულის ყიდვისას, ძირითადად, ორი არჩევანი გვაქვს, ან იმპორტირებული პროდუქტი უნდა შევიძინოთ, ან ქართული. ფასის გამო, ხშირად, უარის თქმა ქართულ პროდუქტზე გვიწევს. ქართველი ფერმერების პროდუქტები გადამყიდველების ხელში ხდება, შესაბამისად, მომხმარებლებისთვის თავდაპირველი ფასი იზრდება. მაგრამ, თუ ჩვენ პირდაპირ ფერმერებისგან შევძლებთ პროდუქტის ყიდვას, არჩევანსაც ქართულ პროდუქტზე შევაჩერებთ. ეს აზრი გიორგი გვაზავას გაუჩნდა და იდეა, მაიკლ ჰუბნერთან და თამუნა ბუაძესთან ერთად, ქართულ online-პლატფორმად გადააქცია.

Ebazaar.ge ქართული აგრარული online-ბაზარია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებელი ფერმერებისგან, შეიძინონ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი ქართული აგროპროდუტები.

M: რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე, რასაც Ebazaar.ge-ის შექმნის იდეა მოყვა?

ფერმერის მიერ საქონლის რეალიზაცია გადამყიდველის გარეშე, თითქმის, არ ხდება, ეს კი ფასს ზრდის და პროდუქტს აზიანებს. გარდა ამისა, ფერმერს არ აქვს საბოლოო მომხმარებლის უკუკავშირი. ვერ იგებს ნაწარმი მოეწონათ თუ არა, შესაბამისად, ვერც ბაზრის მოცულობასა და საჭიროებებს აღიქვამს. ამას მივყავართ იქითკენ, რომ ქართული ნობათი კონკურენციას ვეღარ უწევს იმპორტირებულ პროდუქტს, რომელსაც ფასი და ხარისხი უფრო დაბალი აქვს. სწორედ ამ საჭიროებების დანახვას, მოყვა მის მოგვარებაზე ფიქრი, შემდეგში კი ebazaar-ის შექმნის იდეა.

M: რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები, პროდუქტების რეალიზებისას?

არ აქვთ წვდომა საბოლოო მომხმარებლებზე. დიდი ქალაქის ბაზარში პროდუქტების მიტანა დაკავშირებულია დამატებით ლოჯისტიკურ და ბაზრის მოსაკრებლის ხარჯებთან, ასევე, ითხოვს დიდ დროსა და ენერგიას. შუამავლების გზით, პროდუქტის რეალიზაცია კი ფერმერთა ფასის მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს. დიდ ქალაქამდე პროდუქტი რამდენიმე „ხელს“ გადის, შესაბამისად, შემოსავალიც რამდენიმე რგოლისთვის უნდა დაგენერირდეს. ფერმერებს, არ აქვთ პროდუქტის შესახებ უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა და ე.წ. ბაზრის სენსი.

M: როგორია Ebazaar.ge-ის კონცეფცია? რა სერვისები გაქვთ მომხმარებლებისთვის?

Ebazaar.ge, მდგრადი ციფრული ბაზრის ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის ქართულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერასა და აგრარული სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. 

მომხმარებლებისთვის ეს იქნება პლატფორმა, სადაც ისინი სასურველ პროდუქტებს მათთვის საინტერესო რეგიონებიდან, პირდაპირ მწარმოებელთან აღმოაჩენენ.

Ebazaar.ge მუშაობს კარიდან – კარზე პრინციპით. ფერმერის კარიდან მომხმარებლის მისამართამდე. მომხმარებელზე მორგებულია ჩვენი გადახდების სისტემაც. საიტზე ბარათის მონაცემების შეყვანა და გადახდის ღილაკზე დაწოლა თანხის მაშინვე გადახდას არ ნიშნავს, ის მხოლოდ გაიყინება მომხმარებლის ბარათზე და ბარათიდან ჩამოიჭრება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი პროდუქტებს კონკრეტულ მისამართზე მიიღებს. 

M: რა განსხვავებულ სერვისებს სთავაზობს Ebazaar.ge ფერმერებს?

ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ ციფრული გაყიდვების არხით (საიტი და საიტის მობილური ვერსია). ფერმერისთვის იქმნება პირადი გვერდი, რაც მათ საშუალებას აძლევთ პროდუქტები Ebazaar.ge-ს ციფრული ბაზრის დახლებზე, ულიმიტოდ, განათავსონ და თავისი სოფლიდან გაუსვლელად, ათასობით მომხმარებელზე გაყიდონ.

მიიღებენ საოპერაციო მხარდაჭერასაც. კომპანია რეგიონებში კონსულების სახით არის წარმოდგენილი. ისინი, ადგილობრივ ფერმერებს, პორტალზე რეგისტრაციაში, პროდუქციის ფოტოგადაღებაში, მარაგებისა და ფასების გაკონტროლებაში, გაყიდული პროდუქტების გამოსაგზავნად მომზადებაში, ეხმარებიან

ადმინისტრაციულ პანელში კი ფერმერის სახელობის სამუშაო გვერდით სარგებლობა შეუძლიათ. მათ აქვთ წვდომა, პროდუქტების ჩამონათვალზე და ზუსტად 2 კლიკით შეუძლიათ შეასწორონ პროდუქტების მარაგი. აქვე იღებენ შეკვეთებს და ასევე, 2 კლიკით გვიდასტურებენ, რომ გაყიდული პროდუქტი, კონკრეტული რაოდენობით, მათ ნამდვილად აქვთ. გაყიდვის შეტყობინებას ფერმერები სმს-ითაც იღებენ. საიტზე ხედავენ მომხმარებლის შეფასებებსა და რეიტინგებს, და შეფასებაზე პასუხის დაწერის შესაძლებლობაც აქვთ.

M: როგორ კონტროლდება პროდუქტის ხარისხი?

თითოეულ ფერმერთან, ჩვენი რეგიონალური წარმომადგელების მეშვეობით, პირისპირ კომუნიკაცია ხდება. ამ გზით, ახლოს ვიცნობთ თითოეულ მათგანს და ვათვალიერებთ მათ სათბურებსა თუ ფერმას. პროდუქტი ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე სათანადოდ შეფუთულია და ყოველთვის საჭირო ტემპერატურის პირობებში იმყოფება.

ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შეკვეთილი პროდუქტების წამოღებამდე, ჩვენი კონსულები მათ ვიზუალურად ამოწმებენ. თბილისის საწყობში, შეკვეთის კურიერთან გადაცემამდე, პროდუქტებს კიდევ ერთხელ ვწონით და ვიზუალურად ვათვალიერებთ.

M: თუ ფერმერი ვარ, როგორ შევძლებ თქვენთან ურთიერთობას?

Ebazaar.ge-ზე რეგისტრაცია, როგორც პატარა საოჯახო მეურნეობებს, ასევე იურიდიულ პირებს, მსხვილ და საშუალო ფერმებს შეუძლიათ.

რეგისტრაციის შემდგომ, ჩვენი რეგიონალური კონსულები დაუკავშირდებიან მათ, თუმცა, თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მიღებული ლიდი ნამდვილად მწარმოებელი ფერმერისაა და არა, გადამყიდველის.

M: როგორ ხედავთ ამ პროექტის განვითარების პერსპექტივას?

2022 წლიდან, ფერმერების რეგისტრაციის რაიონები თანმიმდევრულად გაიზრდება. გვინდა საქართველოს ყველა საინტერესო კუთხის ათვისება, რათა მაქსიმალურად ბევრ ფერმერს მიეცეს ციფრულ ბაზარში ვაჭრობის შესაძლებლობა. ხოლო 2023 წლიდან, რეალიზაციის წერტილებს ეტაპობრივად სხვა დიდი ქალაქებიც – რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმიც დაემატება.

Ebazaar.ge ხელს შეუწყობს, მყიდველ მომხმარებელსა და გამყიდველ ფერმერს შორის, ჯანსაღი სავაჭრო ურთიერთობების წარმოქმნას და მათ ხანგრძლივად შენარჩუნებას.

 


ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Tesla-ს პროდუქციის შეძენა Dogecoin-ით გახდა შესაძლებელი

IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ადამიანი ობობას ახალ ფილმში შედგა