in

ონლაინ ატელიე „მელლა” – საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi

ონლაინ ატელიე „მელლა“ 2015 წლიდან არსებობს და მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ, პრემიუმ ხარისხის საბავშვო სამოსსა და აქსესუარებს. ატელიეს აქვს ორი მიმართულება: მზა კოლექცია – Ready to wear და ინდივიდუალური – კონკრეტული მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ექსკლუზიური მოდელები.​​​​ ატელიე იძლევა საშუალებას მომხმარებელმა ონლაინ რეჟიმში მოიფიქროს პროდუქტი, კონსულტაციაზე დაყრდნობით, ნახოს მისი სქემატური ესკიზი და შეარჩიოს ქსოვილი. შეკვეთის დამზადება და მიღება კი 7 სამუშაო დღეში, სასურველ მისამართზეა შესაძლებელი. რატომ შეირჩა ატელიესთვის არატრადიციული, ონლაინ მიმართულება და რა უპირატესობას სძენს ეს ბრენდს – ამ საკთხებზე მარკეტერი „მელლას“ თანადამფუძნებელს – თეონა ჟორჟოლიანს ესაუბრა:

M: როგორია „მელლას” კონცეფცია? რა გამოცდილებასა და საჭიროებაზე დაყრდნობით გადაწყვიტეთ მისი შექმნა?
„მელლას“ შექმნის იდეა მე და ჩემს მეგობარ მარიკა ჩაჩანიძეს, ძალიან სპონტანურად გაგვიჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ტანსაცმლის დიზაინი ორივეს გვაინტერესებდა, ხშირად გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ამ მიმართულებით, ძალიან გვინდოდა რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა. ჩვენი „გასხივოსნება” სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც საერთო მეგობარმა, საუბრისას სხვათაშორის მოაყოლა, რომ დაბადების დღეზე, მის შვილს და ბავშვის თანაკლასელს ერთნაირი კაბები ეცვათ, შემდეგ კი ძალიან ბევრი იწუწუნა იმის თაობაზე, თუ რა რთულია ხარისხიანი და ამავდროულად, გემოვნებით შექმნილი სამოსის შოვნა ბავშვისთვის, მით უმეტეს, როდესაც ძებნის და ექსპერიმენტების დრო არ გაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ფაზლის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს იდეებს აკლდა. იმ დღესვე მოვიძიეთ ინფორმაცია საქართველოში დამზადებულ საბავშვო სამოსზე და გაოცებულები დავრჩით, როდესაც ასეთი მხოლოდ ერთი აღმოვაჩინეთ. ჩვენი საქმიანობის დასაწყებად ეს იყო იდეალური დრო, გვინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მოგვეყვანა იდეები სისრულეში.  დიდი ძალისხმევის შედეგად, 2015 წლის დეკემბერში „მელლა“ ოფიციალურად დაიბადა.

M: რატომ გადაწყვიტეთ ატელიესთვის არატრადიციული, ონლაინ შეკვეთების მიმართულების არჩევა და რა უპირატესობას სძენს ეს თქვენს კომპანიას?
თავიდაპირველად, „მელლა“ მხოლოდ მზა კოლექციას სთავაზობდა მომხმარებელს, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, მალევე მივხვდით, რომ „ონლაინ ატელიე“  იქნებოდა ბრწყინვალე იდეა. ყველანი იმდენად დაკავებულები ვართ და იმდენად ცოტა დრო გვაქვს ყველაფრისთვის, მაღაზიებში სიარული და საათობით ტანსაცმლის არჩევა, მით უმეტეს, ბავშვთან ერთად, თითქმის წარმოუდგენელია. ჩვენი სერვისი არის კლიენტის კომფორტზე მორგებული, არ აქვს მნიშვნელობა ოფისში ხარ თუ სახლში, ძალიან მარტივად, ონლაინ რეჟიმში ირჩევ სასურველ ფერს, ქსოვილს, მოდელს და მაქსიმუმ 7 სამუშაო დღეში, შეფუთული ოცნების კაბა მოაქვს კურიერს, იქ, სადაც გაგიხარდება.

M: როგორია ონლაინ ატელიეების მხრივ კონკურენტული გარემო საქართველოში? რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ?
ონლაინ ატელიეს იდეა ახლა იკიდებს ფეხს, თუმცა, საბავშვო მიმართულებით ნაკლებად მუშაობენ სხვადასხვა ბრენდები. შეიძლება ითქვას, ჯერ მაინც აუთვისებელია ეს ტერიტორია. „მელლას“ გამოარჩევს ხარისხი და დახვეწილი დიზაინი. უმცირესი დეტალიც კი გათვლილი და საგულდაგულოდ დამუშავებულია. მომხმარებელს საშუალება აქვს, მრავალფეროვანი მოდელებიდან შეარჩიოს სასურველი, ან გამოსცადოს ჩვენი უნიკალური სერვისი, რომელიც ინდივიდუალური ესკიზის დისტანციურად შექმნას გულისხმობს. „მელლას“ ეფექტური მუშაობის ყველაზე კარგი ინდიკატორი არის მუდმივი კლიენტები, რომლებიც ყოველ სეზონზე აუცილებლად იძენენ ჩვენთან სამოსს და უამრავი დადებითი გამოხმაურება თუ შეფასება გვაქვს ჩვენს გვერდზე.

M: როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს „მელლას“ პროდუქციის შეკვეთა და რამდენ ხანშია შეკვეთის დამზადება შესაძლებელი?
შეკვეთა ჩვენი ფეისბუქ გვერდის დახმარებით ხდება, წლის ბოლომდე, ვებგვერდი და დიდი იმედი გვაქვს, აპლიკაციაც გაეშვება, რაც ჩვენთან ურთიერთობას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის. პროდუქტი მაქსიმუმ 7 სამუშაო დღეში მზადდება, ასევე გვაქვს ექსპრესს სერვისი, რაც გულისხმობს შეკვეთის 2 დღეში ჩაბარებას, ამ შემთხვევაში ღირებულებას დამატებით 30% ემატება.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და როგორია მიწოდების სერვისის მახასიათებლები?
ფასი ქსოვილსა და მოდელზეა დამოკიდებული და 80-დან 300 ლარამდე მერყეობს. ტრანსპორტირებას ვახორციელებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია? როგორ ცდილობთ გააგებინოთ ადამიანებს თქვენ შესახებ?
ამ ეტაპზე, ჩვენ შესახებ მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანა ყველაზე მოსახერხებელი ფეისბუქის საშუალებითაა. პარალელურად, ვცდილობთ სხვადასხვა გამოფენებში მივიღოთ მონაწილეობა, ზედმიწევნით ვარჩევთ ისეთ ღონისძიებებს, სადაც ჩვენი პროდუქციის გატანა რელევანტური იქნება.

M: როგორია „მელლას“ სამომავლო გეგმები და პერსპექტივები?
„მელლა“ ახლა მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზეა, მოთხოვნა ძალიან დიდია და შესაბამისად, ვგეგმავთ კომპანიის გაფართოებასაც. წლის ბოლომდე, ჩვენი შოუ-რუმიც გაიხსნება, სადაც მომხმარებელი შეძლებს როგორც მზა კოლექციის შეძენა-დათვალიერებას, ასევე, ინდივიდუალური შეკვეთის გაკეთებას. პარალელურად, რა თქმა უნდა, ონლაინ რეჟიმშიც გავაგრძელებთ საქმიანობას. ძალიან გვინდა, „მელლა“ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიყიდოს, ერთ-ერთი უმსხვილესი საბავშვო ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია გვაქვს მიზანში ამოღებული და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მალე დიდი ბრენდების გვერდით, ქართული „მელლაც“ მოხვდეს.

წარმატება მოდის მათთან, ვინც მას გულხელდაკრეფილი არ ელოდება! – სამოტივაციო ვიდეორგოლი

ქალბატონების თავდაჯერებული ვიზუალი შიშველი მამაკაცების ფონზე – Suistudio-ს პროვოკაციული ფოტოსესია