თანამედროვე რეალობამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და ახლებურად გარდაქმნა, რაც თითქმის ყველა სფეროს შეეხო — ისეთ ინდუსტრიებსაც კი, რომელთა სხვაგვარი პერსპექტივით წარმოდგენაც წლების წინ შეუძლებლად მიგვაჩნდა. მაგალითად, თითქოს, ბუნებრივად მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ექიმთან ვიზიტისას მთელი თუ არა, ნახევარი დღე მაინც უნდა გამოვყოთ, გრძელ რიგებში ისე ვიდგეთ, თითქოს ჩვენს წინ მდგომ ადამიანთა რიცხვი უსასრულოა, მათი ექიმის კაბინეტში ყოფნის დრო კი დაუსრულებლად იწელება… ამას კი შევეგუეთ, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა, მაგრამ ცალსახაა, რამდენად შემაწუხებელია სამედიცინო სფეროსთან მსგავსი ტიპის ურთიერთობა.
ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, დღეს ქართულ სივრცეში შექმნილ ციფრულ პოლიკლინიკაზე გიამბობთ, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყველაზე მოსახერხებელ სივრცედ იქცა ინტერნეტში. ეს არის ონლაინ კლინიკა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს სანდო ინფორმაცია სამედიცინო სერვისების შესახებ — სხვა სიტყვებით, კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმების დახმარებით, ეფექტურად შეძლებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ციფრულ კლინიკაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მის დამფუძნებელს, არჩილ შველიძეს ვესაუბრეთ.
M: ტრადიციულად, საწყისებზე ვისაუბროთ — როდის გაჩნდა იდეა და როგორ შეუდექით შემდეგ მის განხორციელებას?
იდეაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც გუნდი შეიკრიბა და დაიწყო როგორც მიზნებზე საუბარი, ისე პოტენციური გამოწვევების თუ ბარიერების ანალიზი. ყველაფერი მხოლოდ ნააზრევად რომ არ დარჩენილიყო, აქტიურად შევუდექით ტესტირებებს, კვლევებს, შევისწავლეთ სხვა ქვეყნის მოდელები და მივხვდით, რომ უახლესი ათწლეულების განმავლობაში ექიმებთან ვიზიტები კვლავ დღის წესრიგის ნაწილი იქნებოდა — შესაბამისად, თანამედროვე ყოველდღიურობაზე მორგებული სისტემა უნდა ჩამოყალიბებულიყო, რათა სამედიცინო შემოწმება დისკომფორტთან არ ყოფილიყო დაკავშირებული. ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზე სანდო მრჩევლის როლის შეთავსება გვინდოდა და ასე ჩამოვყალიბდით ონლაინ კლინიკად, რომელიც საპილოტე პროექტს წარმოადგენდა. თავიდანვე ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ, გამოხმაურებაც დიდი და დადებითი იყო.
მოგვიანებით გადავწყვიტეთ, შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავით და ამ გარდამავალ ეტაპს დაემთხვა კორონავირუსი, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენს გეგმებზე. ვერც სათანადო სერვისებს ვთავაზობდით ხალხს და ვერც საჭირო მასშტაბირებას უზრუნველვყოფდით, ნაკლებ ხარისხს კი მოცდა ვამჯობინეთ, რათა დრო განსავითარებლად გამოგვეყენებინა. იქიდან მოყოლებული, სულ ერთი თვეა, რაც პროექტი „ციფრული პოლიკლინიკა“ ჩაეშვა.
M: ამჟამად რას მოიცავს თქვენი ციფრული პოლიკლინიკა, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ასე ვთქვათ, ეს არის ტრადიციული პოლიკლინიკის გაციფრულებული ვერსია, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, ჯანმრთელობის დისტანციურად მართვის პროცესი. ვიზრუნეთ, რომ ადამიანს არსად უწევდეს ინფორმაციის მოძიება ექიმის თუ სამედიცინო პროცესების შესახებ, ან ფასისა და ხარისხის შესაბამისობაზე ზრუნვა — სანაცვლოდ, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, სრულად ონლაინ მიიღონ საჭირო სერვისი. მთელი ეკოსისტემა შევქმენით, რათა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით ჯანმრთელობაზე ზრუნვა სათანადოდ შევძლოთ.
დროისა და თანხის დაზოგვა, მაღალი დონის მომსახურების მიღება ამ ერთ სივრცეშია შესაძლებელი. მთლიანობაში, გაძლევთ საშუალებას, მარტივად, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც არ აქვს დრო ექიმთან კონსულტაციისთვის. თანაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, ერთდროულად 200-ზე მეტ მომხმარებელს მოვემსახუროთ. თუ მოთხოვნა მეტად გაიზრდება, სერვერსაც შესაბამისად გადავაწყობთ და პერსონალსაც გავზრდით, თუნდაც მცირე პაუზის ხარჯზე — ყოველთვის გვირჩევნია, მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ, მაშინაც კი, თუ ცოტა მოცდაა საჭირო.
M: ცოტა ტექნიკურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, რამდენად ზუსტად შეესაბამება პირისპირ ექიმთან ვიზიტის ხარისხი ყველაფრის ონლაინ, დისტანციურად გავლა? ალბათ, გარკვეულწილად დამაბნეველია მომხმარებლებისთვის, როგორ შეიძლება ეს ორი თანაბარ დონეზე იყოს…
ძალიან სწორი კითხვაა, რადგან თავადვე დავფიქრდით ამაზე, როცა იდეის ფორმირებაზე ვმუშაობდით. რეალურად, ისედაც დიდი ხანია, ადამიანები ონლაინ კონსულტაციით ხშირად სარგებლობენ — დაწყებული ენდოკრინოლოგით, დასრულებული ფსიქოლოგით. ჩვენ კი ამის სისტემატიზაცია მოვახდინეთ და სტრუქტურაში მოვაქციეთ. მართალია, ზოგიერთ მიმართულებას საერთოდ არ სჭირდება ექიმთან ადგილზე მისვლა, მაგრამ ჰიბრიდული მოდელი შევიმუშავეთ — სადაც ექიმი ჩათვლის, რომ მისი ონლაინ კომპეტენცია დამთავრდა, ან სხვა კლინიკის პროფესიონალებთან გადაამისამართებს, ან თავად ჩვენი ექიმები მივლენ ადგილზე.
გარდა ამისა, ამერიკის ჯანდაცვის ყველაზე მსხვილ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, წამყვანი და ინოვაციური აპარატურის მისაღებად. შედეგად, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ექიმი ფილტვების მოსმენის საჭიროებას დაასკვნის, ჩვენს ორგანიზაციაში არსებული თანამედროვე მოწყობილობით დისტანციურად ვმართავთ ამ პროცესს, რასაც თან ერთვის სპეციალური აპლიკაცია. უკვე 5-6 წელია, აღნიშნული აპარატურა წარმატებით ფუნქციონირებს ამერიკასა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, მისი მუშაობის ხარისხი მრავალგზისაა დადასტურებული. შესაბამისად, დისტანცია და ქალაქებით თუ ქვეყნებით დაშორება ხელს არ შეუძლია ექიმისა და პაციენტების ურთიერთობას. ასევე, საგულისხმოა, რომ აპარატურებში ხელოვნური ინტელექტია ინტეგრირებული, რათა სამედიცინო პერსონალმა სრულყოფილად, გაუმჯობესებული მეთოდებით შეძლოს პაციენტებზე ზრუნვა.
M: ეს პირველი ციფრული პოლიკლინიკაა საქართველოში, რაც უპირატესობასთან ერთად, გარკვეულწილად შემაფერხებელი ფაქტორია — ვფიქრობ, ადამიანების ნაწილს უნდობლობის ფაქტორი ექნება… თქვენ როგორ აპირებთ ამ საკითხთან გამკლავებას?
რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ჯანდაცვის სფეროში ერთგვარი გადატრიალება ხდება, რაც საზოგადოებისთვის ღრმად გამჯდარი წესის აღმოფხვრასთანაა დაკავშირებული. უბრალოდ, მომხმარებლებისთვის რთული არასდროს ყოფილა რაღაც ისეთის მიღება, რაც მათთვის უკეთეს პირობებს მოიცავს, გაუმჯობესებულ სერვისებსა და უამრავი პრობლემის გადაჭრას — უფრო მარტივად გადავეწყობით ხოლმე ამ უკეთეს რეალობაზე. წარმოუდგენელია, როგორ ვერ უნდა მივიღოთ ისეთი სამედიცინო კულტურა, სადაც დროის შეზღუდვის, ოფისიდან კლინიკამდე მისასვლელ გზაზე საცობში დგომისა და ექიმის რიგებში გრძელ დერეფანში დგომის ნაცვლად, მაღალი ხარისხის მომსახურებას სასურველ ადგილას ნებისმიერ დროს მივიღებთ.
სულ რომ თავი დავანებოთ დროის ფაქტორს, მშობლებისთვის განსაკუთრებული კომფორტია, პედიატრთან გასაუბრება და ბავშვის მდგომარეობის გადამოწმება ყოველთვის უპრობლემოდ რომ შეუძლიათ. თანაც ეს ყველაფერი მინიმალურ ფასადაა ხელმისაწვდომი, რადგან გვინდოდა, ყველაზე თანაბრად გვეზრუნა და მხოლოდ VIP მომხმარებლებზე არ ყოფილა მორგებული.
M: საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ აპირებთ გასვლას და ამ მიმართულებით უკვე თუ გაქვთ ნაბიჯები გადადგმული?
დიახ, სულ რაღაც ორ კვირაში უკვე 700-ზე მეტი ემიგრანტი სარგებლობს ჩვენი სერვისით, კონსულტაციები მიიღეს ექიმებისგან და გარკვეული პაკეტებით სარგებლობენ. ამჟამად ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს საშუალებას მისცემს, ადგილზე გამოიძახონ ჩვენი ექიმი. ეს განსაკუთრებით დიდი კომფორტია მათთვის, იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ საკმაოდ ძვირადღირებულია სამედიცინო მომსახურება და ბევრს თავის შეკავება უწევს ექიმთან ვიზიტისგან, რაც მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
გარდა ამისა, ვგეგმავთ, ქართულ ბაზარს გავცდეთ და საერთაშორისო მომსახურება დავნერგოთ, რათა უცხოელებმაც შეძლონ ციფრული პოლიკლინიკით სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ ციფრული პოლიკლინიკა თანამედროვეობას არა მხოლოდ პროცედურების ონლაინ სივრცეში გადატანით ერგება, არამედ იმ ინოვაციური ტექნოლოგიებითაც, რომლებიც უკვე წლებია, წარმატებით გამოიყენება ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
[R]