როგორ გავატაროთ დრო ისე, რომ თავი ავარიდოთ არასაჭირო რისკებს? ეს კითხვა ფუნდამენტურია, როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური სივრცეებისთვის. თუ ერთ შემთხვევაში წიწაკის სპრეი უნდა ატაროთ ან თავი აარიდოთ ზედმეტად დამუშავებული საკვების მიღებას, მეორე შემთხვევაში ცოტა უფრო ნაფიქრი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ, რადგან აქ პროცესები არც ისე ინტუიციურია… ამიტომ, მოგიყვებით, როგორ იზრუნოთ თქვენსავე უსაფრთხოებაზე ონლაინსივრცეში:
1. დაუყოვნებლივ დააინსტალირეთ უსაფრთხოების განახლებები
როცა შეტყობინებას მიიღებთ უსაფრთხოების განახლებების შესახებ, არ გადადოთ და დაუყოვნებლივ დააინსტალირეთ. გახსოვდეთ, რომ ამას მაშინ იღებთ, როცა დეველოპერები რაღაც ნაკლს აღმოაჩენენ და შემდეგ გზასაც პოულობენ მის გამოსასწორებლად, ამიტომ განახლება არ დაიზაროთ. სულ მცირე ასე ტექნიკური რისკებისგან დაიზღვევთ თავს.
2. გამოიყენეთ ძლიერი პაროლები
არც გავრცელებული მარტივი პაროლები დააყენოთ და არც ის, რომელთა იდენტიფიცირებაც მარტივია, იქნება ეს დედის გვარი თუ დაბადების თარიღი. შემთხვევითობის პრინციპს თუ აირჩევთ, ეცადეთ მოკლე არ იყოს, რადგან ამ უკანასკნელს ჰაკერები სხვადასხვა პროგრამით იცნობენ. ამგვარად, რაც უფრო გრძელი იქნება, მით უკეთესია. თუ ვერ იმახსოვრებთ ხოლმე, შეგიძლიათ ბრაუზერს დაამახსოვრებინოთ ან პაროლების მენეჯერი აპლიკაციები დაიხმაროთ.
3. დააყენეთ ორმაგი ავთენტიფიკაცია
ძალიან რთული პაროლებიც კი შეიძლება გატეხონ და ეს თქვენი ბრალი არ არის, თუმცა დაზღვევას ორმაგი ავთენტიფიკაცია გთავაზობთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შემაწუხებელი დამატებითი ნაბიჯი ექაუნთში შესასვლელად, რომელიც ტელეფონის კოდით დადასტურებას ითხოვს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი, Google და Apple პასკოდებს გთავაზობთ, რაც თქვენთვის ბევრად სწრაფია და თან ჰაკერებსაც არაფერს უტოვებს მოსაპარად.
4. შეინახეთ სარეზერვო ასლები
ხშირად ჰაკერები თქვენს ფაილებზე წვდომას გიბლოკავენ მანამ, სანამ კონკრეტულ თანხას არ გადაიხდით. ამისგან თავის დაზღვევა კი სწორედ სარეზერვო ასლების შენახვით შეგიძლიათ — ექსპერტები 3-2-1 წესს გირჩევენ: ერთი ასლი სახლში არსებულ სხვა მოწყობილობაზე უნდა გქონდეთ, ერთი ღრუბლოვანი ტექნოლოგიით შეინახოთ და ერთიც პორტატიული დრაივით.
5. მიიღეთ მეტი ინფორმაცია ჰაკერების შესახებ
სკამერები ხშირად ექსპერტების ან სერიოზული ფიგურების როლს ირგებენ, რათა ნდობა მოიპოვონ, ისეთ ენას იყენებენ, რომ კრიტიკული აზროვნება ჩაგიხშონ. ამგვარად, ყალბი ვინაობა, ემოციებით მანიპულირება და დროზე აქცენტი სწორედ მათ სამუშაო იარაღებს წარმოადგენს. მაგალითისთვის ფიშინგი შეგვიძლია ავიღოთ, რა დროსაც ჰაკერები მოტყუებით ინფორმაციის გამოძალვას ცდილობენ… ამისგან თავის ასარიდებლად კი დააკვირდით, ვისგან იღებთ ელ.წერილს, შეამოწმეთ ვიზუალური ენა, ხომ არ არის წითელი ასოები გამოყენებული, ხომ არ ითხოვენ რაიმეს პაროლს ან კოდებს და დაფიქრდით, რამდენად მართალი შეიძლება იყოს.
6. ლინკები მანამ შეამოწმეთ, სანამ გახსნას გადაწყვეტთ
თუ არ ხართ დარწმუნებულ,ი რა ლინკის გახსნას გთხოვენ, დააკოპირეთ და შეამოწმეთ ისეთი უფასო ხელსაწყოებით, როგორიც NordVPN გახლავთ. თუ მართლა ბანკიდან არის, ამ ბანკის ვებგვერდზე გადაგიყვანთ, თუ არა, ნაკლებად იდენტიფიცირებად წყარომდე მიგიყვანთ და თავს აარიდებთ.
7. ნუ გააზიარებთ ზედმეტ პერსონალურ ინფორმაციას სოციალურ მედიაში
შესაძლოა, შვილის სახელების გაზიარება ან მოგზაურობისას პაემნისთვის იმ ადგილების რჩევა, სადაც იყავით, ჩვეულებრივ ამბად გეჩვენებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში, შესაძლოა, ეს ინფორმაცია ჰაკერებმა გამოიყენონ. მაგალითად ბოლო დროს ბებიების სკამერები გახდა აქტუალური: ბებიებს შვილიშვილების სახელით ურეკავენ, ეუბნებიან, რომ პრობლემა აქვთ და ფული სჭირდებათ, პროცესში კი რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ დაგროვებული, მით უფრო მარტივად არწმუნებენ მსხვერპლს…
თუმცა არც ბებიებმა დატოვეს ეს ამბავი უპასუხოდ, სტატიაში გაიგებთ, როგორ ატყუებს თაღლითებს AI ბებია.
8. გამოიყენეთ VPN
რაში დაგვეხმარება ეს? თქვენს IP მისამართს ჩაანაცვლებს სხვა ლოკაციით, რომელიც ამ VPN-ის სერვერს ეკუთვნის, თუნდაც თითის ანაბეჭდს, რომლითაც თქვენი იდენტიფიცირება ხდება ონლაინ სივრცეში. ამ დროს თქვენს მოწყობილობებში არსებული საუბრები დაშიფრულია და მასზე წვდომას ვერავინ მიიღებს — მესამე მხარის აპლიკაციებს არ ეცოდინებათ თქვენი რეალური იდენტობის აქტივობები, ვერც რეკლამის განმთავსებლები ისარგებლებენ თქვენთვის შესაბამისი კონტენტის შემოთავაზებით და მრავალი სხვა. VPN-ების საუკეთესო ჩამონათვალს კი ამ ლინკზე შეგიძლიათ, გაეცნოთ.
9. ჩაატარეთ რეგულარული სკანირებები ვირუსებზე
ხშირად ინტერნეტიდან რაღაცებს როცა ვიწერთ, ამას მავნე ფაილებიც მოჰყვება… ანტივირუსების პროგრამები კი კარგი გამოსავალია, ამიტომ ვირუსებზე სკანირებების რეგულარულად ჩატარება ნუ დაგეზარებათ. კარგი იქნება, თუ უფრო ძლიერ, ცალკე აპლიკაციებსაც გამოიყენებთ ამისთვის.
10. გამოიყენეთ პირადი საძიებო ძრავები და ელ.ფოსტების შემნიღბველი მოწყობილობები
ერთია, რომ სოციალურ მედიაში არ ისაუბროთ თქვენს პირად დეტალებზე და მეორეა გზები, რომლითაც ამას ისევ გაუცნობიერებლად აკეთებთ — მაგალითად, როცა ონლაინ ექაუნთს არეგისტრირებთ და ამისთვის თქვენს ელ. წერილს იყენებთ, ასე ინფორმაციას გადასცემთ მათ და შანსებსაც აჩენთ, რომ თაღლითების სამიზნე გახდეთ. სწორედ ამგვარი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად გჭირდებათ ელ.ფოსტების შემნიღბველი მოწყობილობები. ეს სერვისი ყალბ ელ.ფოსტის მისამართს გაწვდით ექაუნთების შესაქმნელად და შემდგომ ავტომატურად ამისამართებს შეტყობინებებს თქვენს რეალურ ელ.ფოსტაზე.
რაც შეეხება პირად საძიებო ძრავებს, შეგიძლიათ DuckDuckGo-ს მიმართოთ, რომელიც საერთოდ არ უყურებს იმას, თუ რას აკეთებთ. არც ბროკერებს მიჰყიდის თქვენს მონაცემებს, რადგან არამიზნობრივი სარეკლამო გაყიდვებით ფინანსდება…
11. მიმართეთ მონაცემების წაშლის სერვისს
მონაცემების ბროკერებზე ვსაუბრობთ… თუ ათი დღეს ინტერნეტისტორია არ წაგიშლიათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემები სულ მცირე ერთი ბიზნესის ხელთაა… თანაც, ეს საკითხი საკმაოდ ცუდად არის რეგულირებული, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ბროკერების უმეტესობას ლეგალურად მოეთხოვება თქვენი მონაცემების წაშლა, როცა თავად ამას მოსთხოვთ. მონაცემების წაშლის პროცესის გასამარტივებლად კი შეგიძლიათ DeleteMe-ს ან Surfshark VPN-ის Incogni-ს მიმართოთ.
12. იზრუნეთ ონლაინ უსაფრთხოებაზე ფიზიკურ სივრცეში
და მოდით, ეს ჩამონათვალი ფიზიკურ უსაფრთხოებაზე საუბრით დავასრულოთ — არ დატოვოთ თქვენი ლეპტოპი ან ტელეფონი საზოგადოებრივ სივრცეში უმეთვალყურეოდ, შესაძლოა, ვინმემ ინფორმაცია ჩუმად გადაიტანოს ან მეხსიერების ბარათი მოგპაროთ… კარგი იქნება, თუ მოწყობილობები თქვენი ბიომეტრიული მონაცემებით გექნებათ დაბლოკილი. ოღონდ ძალიან ნუ დაისტრესებით, უბრალოდ იმ დონეზე დაიცავით თავი ფიზიკურ სივრცეში, რა დონის დაცვასაც მაგალითად პირადი მანქანის შემთხვევაში იყენებთ.











