in

„ონლაინ“ სექსშოპი „კიკუ“ – ძიების, ბრძოლისა და გამარჯვების ამბავი [18+]

ახლა არც „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟზე გიამბობთ და მით უმეტეს, არც ქართულ კინოში შექმნილ კრებით სახეებზე. Kiku „ონლაინ“ სექსშოპია, რომელიც ორმა მეგობარმა 2019 წელს შექმნა. თავიდან არ უფიქრიათ, 100%-ით სწორი იყო თუ არა ამ ბიზნესის დაწყება, მათი აზრით, სხვა სფეროებშიც იმავენაირად მიაღწევდნენ წარმატებას, ან პირიქით – დამარცხდებოდნენ. სამაგიეროდ, ყველა დეტალი გათვალეს, როცა უკვე გადაწყვიტეს, რომ „ონლაინ“ სექსშოპი უნდა გაეკეთებინათ. 4-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი ნამდვილ ომს ჰგავდა. მაშინაც და ახლაც, ერთ-ერთი მთავარი იუმორია. და სახელი „კიკუ“? – „ძალიან ქართულია და მარტივად დასამახსოვრებელი“.

„სპონტანურად გადავწყვიტეთ, იურიდიული ანგარიშის გახსნისას. ბანკის ოპერატორმა გვკითხა კომპანიის სახელი, გადავხედეთ ერთმანეთს და „კიკუ“ – „ღადაობით“ მითხრა ძმაკაცმა. ვიცინეთ. პრინციპში, რატომაც არა-მეთქი და დავარქვით Kiku“.

„კიკუს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ფრიუძე ამბობს, რომ ამ ბიზნესის დაწყებამდე  ფიქრობდნენ, რისი დეფიციტი იყო ბაზარზე და რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ.

„იდეაც ბევრი იყო და რამდენიმე ბიზნეს გეგმა ახლაც გვაქვს თაროზე შემოდებული. საწყისი თანხა გვქონდა მინიმალური და ერთადერთი, რა კუთხითაც დეფიციტს არ განვიცდიდით, დრო და ადამიანური რესურსი იყო. წარმოიდგინეთ, წინ გიდევთ 10 ფაილი. თითოეული შენივე შექმნილი ბიზნეს გეგმაა. ხართ 20- 22 წლის ბიჭები, საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან წარმატებული სტუდენტები და რამდენიმე საერთაშორისო პროექტშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული. თუმცა, არც ბაზართან გქონიათ შეხება და არც რაიმე წარსული, კორპორატიული გამოცდილება გაგაჩნიათ. ერთადერთი სწორი საქციელი, ამ მომენტში, მეტი სწავლა და გამოცდილების მიღება იქნებოდა, ბიზნესის მიმართულებით, მაგრამ 400 ლარზე და მშობლების შემყურე ცხოვრება უკვე ყელში იყო ამოსული. დასაკარგი არაფერი გვქონდა. ამიტომაც „ჩავხერგეთ გზები უკან დასახევი“ და ვთქვით, რომ ამ ფაილებიდან რომელიმეს „მივაწვებოდით“. ან გავიმარჯვებდით, ან დავმარცხდებოდით, მაგრამ ვიბრძოლებდით“.

M: და იმ 10 ფაილიდან სექსშოპი რატომ აირჩიეთ?

გიორგი ფრუიძე: ბოლომდე სწორი და არასწორი გადაწყვეტილება ამ მომენტში არ არსებობდა – სხვა სფეროებშიც შეიძლებოდა წარმატება ან მარცხი. არ მახსოვს ზუსტად ამ მიმართულებით რამ წამოგვიყვანა. დაიწყო „კიკუს“ დაგეგმარება, რასაც უმთავრესად მე ვხელმძღვანელობდი. ბუნებით მილიტარისტი ვარ, ჩემთვის მომავალი თვეები ძალიან ჰგავდა ომს. დაიწყო დაგეგმარების 4-თვიანი პერიოდი, სადაც ყველა ნაბიჯი სტრატეგიულად გავთვალეთ, შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ ყველა სცენარი და წინასწარ განვათავსეთ პოზიციებზე ყველაფერი (ბიზნეს კავშირები, რეგისტრაცია, ანგარიში და ა.შ.), რაც ოპერაცია „სექსშოპის“ წარმატებისთვის დაგვჭირდებოდა. სიმბოლურ დროს: 8 მარტს, 16:00-ზე დავიწყეთ. დავიწყეთ და წავიდა განხორციელების ეტაპი, რა დროსაც ყველაზე დიდ მღელვარებას განვიცდიდით. ძალიან რომ არ გავწელო – როგორც ხედავთ, აქ ვართ… ჩვენთვის ეს იყო რაღაც დიადი. ჩვენი, თითქმის, ნულოვანი გამოცდილების მიუხედავად, წვრილმანი დეტალებიც ისე წავიდა, როგორც წინასწარ ვხედავდით, გათვლის ეტაპზე. დაახლოებით ისე გამოგვივიდა, ჭადრაკზე მხოლოდ ზოგადად რომ გქონდეს გაგონილი, 15-20 სვლა გათვალო წინასწარ და შამათიც ჩასვა. როგორ შევძელით რომ აქ ვართ?! – არ ვიცით. აი ახლა, იგივე მოცემულობაში რომ დაგვაბრუნო ეს 2 ძმაკაცი, შევძლებთ იმავეს გაკეთებას?“ – შეიძლება – კი, შეიძლება – არა. მაგრამ ვიბრძოლეთ, ვიბრძოლეთ და მოვიგეთ. ოღონდ, არ დასრულებულა. წინ არის კიდევ ძალიან დიდი გზა და მოულოდნელადაც ბევრი გამოწვევა გამოხტება ხოლმე, მაგრამ ასეთი ბრძოლის პირობებში ყოფნა მილიარდჯერ ჯობია იმ წყნარ და ცარიელ მშვიდობის პირობებში ყოფნას, რაშიც მანამდე ვარსებობდით – 400 ლარით და მშობლების შემყურე.

M: საიდან მოდის „კიკუს“ პროდუქცია? თუ ფასებს გადავხედავთ, არ არის მაღალი ფასები. ალბათ, მომხმარებელს გაუჩნდება შეკითხვა ხარისხთან დაკავშირებით. . .

გ. ფ. : პროდუქციას ძირითადად ვიღებთ ჩინეთიდან. თუმცა, იქაური ნაწარმის ხარისხიც რამდენიმე კლასად არის დაყოფილი. იმის გამო რომ საქართველო დიდი მსყიდველობითი უნარით არ გამოირჩევა, ჩინეთიდან ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია შემოდის. ამან კი გაავრცელა აზრი, რომ ჩინური ნაწარმი აუცილებლად უხარისხოა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. გეთანხმებით, არ გვაქვს მაღალი ფასები. თუმცა, ბევრი მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქცია მაინც ძვირია. მომხმარებელზე რამდენიმეთვიანი დაკვირვების და ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პროდუქცია დაგვეყო კლასებად.

მაგალითად?

გ. ფ. : რეგულარი – იაფი პროდუქცია, რომლითაც იხალისებ ისე, რომ ბევრს არ დახარჯავ, თუმცა ასეთ პროდუქტს გამძლეობას ვერ მოსთხოვ. პრემიუმი – თან გინდა რომ პროდუქტი კარგი ვიზუალის მქონე და ხარისხიანი იყოს, თან, შედარებით, მაღალი დონის მახასიათებლები გააჩნდეს (ბატარეებზე მუშაობის მაგივრად USB დატენვა და ა.შ. ), და თან არ გინდა, რომ 60-80 ლარს გასცდე დანახარჯით. ძირითადად, ასეთი პროდუქტები გვაქვს. სუპერი – ნაკლებად გაინტერესებს პროდუქტის ფასი, გინდა მაქსიმალური ხარისხი და მაღალტექნოლოგიური თვისებები. გინდა, ბოლომდე შეირგო და პროდუქტი გქონდეს დიდი ხნის, ალბათ წლების მანძილზე. დიზელი – პროდუქტი რომელიც კლასებს არ მიესადაგება და ნებისმიერი გააყოლებს ხელს: მათრახი, ლუბრიკანტი, ა.შ.

M: პარალელი ბენზინის ტიპებთან გაავლეთ?

გ. ფ. :  კი, ბენზინის ტიპებზე გვაქვს პარალელი გავლებული და აქაც „ვღადაობთ“. რაც მთავარია, ნებისმიერ ჩვენს პროდუქტს აქვს, მინიმუმ, 2 ხარისხის სერტიფიკატი, რეგულარ-დიზელიანად. არის ზედმეტად იაფი პროტოტიპებიც, რისი დამზადების შეკვეთაც შეგვიძლია ჩვენს პარტნიორ ქარხნებთან, თუმცა, არ გვინდა დაბალ ხარისხიანი პროდუქტების მიღება.

ფასების დადებას რაც შეეხება – წარსულში, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას შევდიოდით სექსშოპებში და ვათვალიერებდით პროდუქტებს. ბევრი ზუსტად იგივე პროდუქტი რაც ჩვენ გვაქვს, იმ მაღაზიებში ღირს უფრო ძვირი. ეს სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული – ჩვენ ჩვენივე საწყობი გვაქვს, რომლით სარგებლობაც ძვირი არ გვიჯდება და არც მაღაზიის ქირას ვიხდით, მათგან განსხვავებით (ლოგიკურია, „ონლაინ“ ვართ). ასევე – არ ვყიდულობთ გადამყიდველებისგან – პირდაპირ ქარხნებთან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენზე ბევრად გამოცდილი ხალხი გვირჩევს ხოლმე, რომ მარჟა გავზარდოთ, მაგრამ ამ ამბავში ვჯიუტობთ და ფასებს არ ვუმატებთ.

M: რაც შეეხება „კიკუს“ კონტენტს, პროდუქციის აღწერას . . .

გ. ფ. :  ორი მიზეზით გადავწყვიტეთ აღწერები ისე გაგვეკეთებინა, როგორც ვაკეთებთ: პირველი – განათლება. სექსუალური განათლების დონე საქართველოში დაბალია. ხალხმა არ იცის, რა პროდუქტი რისთვის გამოიყენება. თან კითხვაც ეზარებათ და მაღალფარდოვან/მოსაწყენ სიტყვებსაც ვერ იგებენ. ერთადერთი გზა, რომ ჩვენს ვიზიტორს ვასწავლოთ პროდუქტი რისთვისაა, არის ამ პროდუქტის ისე აღწერა, რომ წაიკითხოს, გაიცინოს და ამასობაში, თავშიც ჩაებეჭდოს. და მეორე – პიარი. ვიცოდით, რომ 18+ სამიზნე სეგმენტის შერჩევის მიუხედავად, „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური ქსელები პირველი რეკლამის გაშვებიდან, მაქსიმუმ, რამდენიმე საათში დაგვიბლოკავდა რეკლამას. გავრცელების ერთადერთი ეფექტური გზა იყო ჟურნალისტიკაში კარგად ცნობილი „სნოუბოლის“ პრინციპი. ამ შემთხვევაში ვიღაც შემოვიდოდა, „იღადავებდა“, დაულინკავდა კიდევ 1-2 მეგობარს, ისინიც შემოვიდოდნენ, „იღადავებდნენ“ და გავრცელდებოდა ინფორმაცია ასე.

M: შესაძლოა, ძალიან დიდი არა, მაგრამ კონკურენცია ნამდვილად არის. „კიკუ“ რითია გამორჩეული?

გ. ფ. :  რამდენიმე ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო: მრავალფეროვანი კატალოგი, ფასები და ჩვენთან გულიანად იცინი. გარდა ამისა, სისწრაფე და ეფექტურობა – დღის განმავლობაში რასაც უკვეთავ, თუ თბილისში ხარ, იმავე დღეს გაწვდით. „ქეშით“ გადახდაც შეგიძლია. არც პირდაპირ კარებზე გიკაკუნებს კურიერი – წინასწარ გირეკავს და დროსა და ადგილზე გითანხმდება. ორიენტირებულები ვართ სერვისზე და მომხმარებელზე. პირველ რიგში ფოკუსირებას ვახდენთ მათ საჭიროებებზე, ვისაც აქვს, მაგალითად, ფიმოზი, ანორგაზმიის პრობლემა. გარდა ამისა, გვყავს ექიმი ბლოგერი, რომელიც გვიწერს პროფესიონალურ ბლოგებს სექსუალური განათლების მიმართულებით. მაგალითად (დეფლორაციაზე), ქალიშვილობის დაკარგვაზე რომ წაიკითხავ „კიკუს“ ბლოგს, სამარჩიელო უკვე აღარაფერი გაქვს, ყველაფერი ცხადია. და ბოლოს, განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები. ახლა რომ ვებზე შემოხვალ და დაგამახსოვრდება, 30 დღეში იგივე აღარ იქნება, აუცილებლად შეცვლილი დაგხვდება.

M: დაინტერესება და მოთხოვნა დიდია?

გ. ფ. : მაინც და მაინც ბევრი გაყიდვა არ არის. კვლევაც გვქონდა ამ მიმართულებით და რამდენიმე პრობლემაა:

პირველი – ცნობადობა. პიარი „კიკუს“ არ ჰქონია. ჩემთვის და ირგვლივ ბევრისთვის „კიკუ“ ძალიან მაგარი რამეა, მაგრამ ეს არის ერთგვარი „ბაბლი“, რომლის იქითაც ხალხს ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად, არც „კიკუ“ გამოირჩევა მათთვის რამით. აქედან გამომდინარე, ზოგადად „ონლაინ“ მაღაზიებს რომ აქვთ გაფუჭებული რეპუტაცია, „კიკუც“ მაგ მორევში ყვება და ჩვენი „ბაბლის“ იქით ხალხისთვის „კიკუ“ ჯერ „ონლაინ“ მაღაზიაა და შემდეგ არის „კიკუ“. არა და, პირიქით უნდა იყოს. ამისთვის მაქსიმალურად ვეძებთ ინფორმაციის გავრცელების ნებისმიერ წყაროს, რომელიც გამოჩენაში დაგვეხმარება. მეორე – სოციალური სტიგმა. კონკრეტულ კომპანიებს არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან ბევრმა განაცხადა უარი ჩვენთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე „საზოგადოების მენტალიტეტის“ გამო. მესამე – საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვებგვერდზე ნავიგაცია, „ონლაინ“ გადახდა არ იცის და საერთოდ არ იცნობს „ონლაინ“ მაღაზიის კონცეფტს.

მოკლედ, ბევრი ფიქრობდა, ჩვენს ირგვლივ, რომ მაგარ ფულს ვიშოვიდით, გავმდიდრდებოდით და ა.შ. კიდევ კარგი, ჩვენ თვითონ მაინც არ ვფიქრობდით ასე, თორემ გაგვიცრუვდებოდა იმედები. თუმცა, საიდუმლოს გაგიმხელთ – „კიკუ“ მხოლოდ 1400 ლარით დაიწყო 2019 წლის მარტში, თავისი ვებგვერდის შექმნიან-რეკლამიან-ყველაფრიანად. საწყისი წერტილიდან გავლილ მანძილს თუ გადავხედავთ, საწუწუნო არაფერი გვაქვს, ძალიან მაგრად ვართ.

M: სოციალური სტიგმა ახსენეთ. მომხმარებლები, ამის გამო, ალბათ, ანონიმურობას არჩევენ. ეს საკითხი გაქვთ დარეგულირებული?

გ. ფ. : გაგიკვირდებათ და ვინც უკვე ყიდულობს, მათთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ბევრს არ აინტერესებს. თუმცა თავისთავად, ვებგვერდზე, კონსულტანტმა არ იცის, ვის ელაპარაკება. საწყობში პროდუქტი იფუთება და გადაეცემა კურიერს, ვისაც უშუალო კონტაქტი აქვს მომხმარებელთან, მაგრამ არ იცის, რა დევს შეფუთვაში. ვებზე ბარათით გადახდისასაც, მხარეებთან არ ჩანს, ზუსტად რას ყიდულობს მომხმარებელი. მომხმარებლისგანაც მხოლოდ ნომერი გვჭირდება, რომ კურიერი დაუკავშირდეს და „იმეილი“, რომ ინვოისი მიიღოს და იმ შემთხვევაში დავუკავშირდეთ, თუ ნომერი მიუწვდომელი აქვს. მარტივი პროცესია, მოკლედ.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

გ. ფ. :  აქამდე, ძირითადად, ფოკუსირებულები ვიყავით რეინვესტიციაზე, კატალოგის და მარაგების ზრდაზე, რომ შეძლებისდაგვარად, ყველაფერი მოგვეცვა. მომავალ თვეებში უკვე ფოკუსირებას ვაპირებთ სერვისებზე:

  • „კიკუ“ იქნება ადგილი, სადაც შეგიძლია, გაიარო „ონლაინ“ ანონიმური კონსულტაცია პროფესიონალ სექსოლოგთან
  • გვინდა, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ უროლოგის, გინეკოლოგის და ფსიქოლოგის სერვისებიც
  • ვმუშაობთ იმაზე, რომ „კიკუში“ განვადების საშუალება ჰქონდეს მომხმარებელს
  • და მთავარი – საერთაშორისო გაყიდვები. იმის მიუხედავად, რომ საზღვარგარეთ პიარი საერთოდ არ გვქონდა, ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორების 10-15% არიან უცხოელები, ძირითადად აშშ-დან. ამიტომ, ვმუშაობთ საერთაშორისო გადახდის სისტემის ჩანერგვასა და საზღვარგარეთ მიწოდების სისტემაზე.

იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ეს ყველაფერი გვექნება.

 

[R]

„აჭარაბეთის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ციფრული ტექ-ფესტივალი „aTech Restart“ გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა  დაიწყო