in

რა უპირატესობები აქვს ონლაინსწავლას და რა მინუსებს ასახელებენ გამოცდილი კურსდამთავრებულები

რაც დრო გადის, ონლაინსწავლება სულ უფრო იკიდებს ფეხს. მას უკვე ნელ-ნელა დიდი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ამკვიდრებენ, მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ასევე, ჩინეთსა და კანადაში უკვე გვხვდება ისეთი საუნივერსიტეტო პროგრამები, რომელთა გავლაც ონლაინრეჟიმშია შესაძლებელი. მართალია, ფიზიკური სწავლების ჩანაცვლების „საფრთხე” ჯერჯერობით არ არსებობს და მეტიც, შორეული პერსპექტივაა, უნდა ვაღიაროთ, რომ ონლაინსწავლა კომფორტული, მოსახერხებელი და ხშირად ეფექტური საშუალებაა მათთვის, ვისაც ფიზიკურად არ შეუძლია საგანმანათლებლო კურსების გავლა.

ამ სტატიაში ვეცდებით, მიმოვიხილოთ ყველა უპირატესობა, რაც ონლაინსწავლებას აქვს და მის სუსტ მხარეებზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა.

მოქნილობა

ონლაინსწავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის სწავლის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სამსახური ან სხვა ვალდებულებები და პარალელურად, სურთ, რომ მიიღონ ახალი ცოდნა, ეს მეთოდი ძალიან მოქნილია. ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს, თვითონ შეადგინონ საკუთარი განრიგი.

წვდომა კურსების ფართო სპექტრზე

ხშირად ისე ხდება, რომ კონკრეტული საქმე, საგანი გვაინტერესებს და მხოლოდ მისი გავლა გვინდა. ონლაინსწავლებამ მოიცვა სხვადასხვა სფერო, რაც არჩევანის ფართო სპექტრს გვაძლევს. თუ გაინტერესებთ, კონკრეტულად ვებპროგრამირება, შეგიძლიათ, მოიძიოთ ეს კურსი ონლაინ და გაიაროთ, ბოლოს ჩააბაროთ ტესტი ან ფინალური პროექტი და აიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი/დიპლომი. 

ფინანსური ხელმისაწვდომობა

სპეციალიზებულმა ონლაინკურსებმა ახალი პროფესიების შეძენაც შესაძლებელი გახადა. თუკი ადრე ახალი სპეციალობის დაუფლების ძირითადი გზა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებელი იყო, დღეს უკვე შესაძლებელია გაიაროთ, მაგალითად, გრაფიკული დიზაინის კურსი და შემდეგ, მცირე პრაქტიკით, დასაქმდეთ, ან მსგავსად გაიაროთ ქოფირაითინგის, ედვერთაიზინგის, კონტენტმენეჯმენტის კურსი და ასევე შეიძინოთ თანამედროვე, მოთხოვნადი და საკმაოდ მოქნილი პროფესიები, რომლებიც არა მარტო სწავლის, არამედ დისტანციური მუშაობის საშუალებასაც კი გაძლევთ. 

პოტენციური გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

არსებობს კვლევები, რომ კამპუსში სწავლის დროს სტუდენტების დიდი ნაწილი შეზღუდულია და საკუთარ უნარებს ლექციებსა თუ გაკვეთილებზე ბოლომდე ვერ ავლენს სხვადასხვა სოციოშფოთვის გამო. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა ონლაინსწავლება.

სტატიაში მხოლოდ ზოგადი მსჯელობა რომ არ შემოგვეთავაზებინა, გავესაუბრეთ რამდენიმე კურსდამთავრებულს, რომლებმაც სხვადასხვა ონლაინკურსი გაიარეს. ისინი თავის გამოცდილებას გვიზიარებენ.

ლიზი ჩაბრავა, 173-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე:

ონლაინრეჟიმში ორი სასერტიფიკატო კურსი მაქვს გავლილი. ესენია: ნარატივდიზაინი და ვებგვერდების აწყობა (front end: html, css). ჩემთვის ეს ფორმატი იყო ძალიან მოსახერხებელი, რადგან არ მიწევდა სხვა ადგილას წასვლა და სახლში კომფორტულად შემეძლო, მესწავლა. 

ერთადერთი, ოდნავ სირთულეს წარმოადგენდა ციფრული პროდუქტის აწყობის პროცესში გაპარული ხარვეზის მოძებნა და შემდეგ გადაკეთება. იმის გამო, რომ ფიზიკურ გარემოში არ ვიყავით და ეკრანის გაზიარებით სჭირდებოდა ლექტორს ამ ხარვეზის მოძიება. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ონლაინსწავლებას ვთვლი, რომ მაინც უფრო მეტი უპირატესობა აქვს, რადგან სახლშივე შემეძლო, მომესმინა ლექციებისთვის და პატარა დასვენების შემდეგ დამეწყო დავალების ან პრეზენტაციის აწყობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლექციები კომფორტულ დროს ტარდებოდა, არსად მეჩქარებოდა და ეს კიდევ უფრო მიმარტივებდა სწავლის პროცესს”.

ელენე ფურცელაძე, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

ციფრული ტექნოლოგიებით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ იმდენი დრო არ მქონდა, რომ ყველა, ჩემთვის საინტერესო კურსი ფიზიკურ რეჟიმში გამევლო. მოვიძიე ისეთი კურსები, რომლებიც ონლაინ ტარდებოდა და გავიარე მოლაპარაკე პროგრამების შექმნისა და ციფრული მარკეტინგის კურსები. ონლაინფორმატში ზემოაღნიშნული კურსების გავლა საკმაოდ გამიმარტივდა, რადგან ყველანაირი დროის დაკარგვის გარეშე შემეძლო გაკვეთილზე შესვლა, მოწოდებული ინფორმაციის აღქმა და დავალებების ზუსტად შესრულება. 

რასაკვირველია, იყო გარკვეული გართულებებიც, მაგალითად, ინტერნეტის გაუმართაობა ან მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა, თუმცა ლექციები იწერებოდა და საშუალებას მაძლევდა, ჩანაწერები მომესმინა, რამაც ხელი შემიწყო, მარტივად ამეთვისებინა თემა. შესაბამისად, ჩემთვის ონლაინსწავლება ნამდვილად კომფორტული და ნაყოფიერი აღმოჩნდა”.

როგორც ჩვენი რესპონდენტები ახსენებენ, ონლაინსწავლების სუსტი მხარეები შეიძლება იყოს ინტერნეტის პრობლემა, მოწყობილობის გაუმართაობა ან საგნის ტექნიკურად რთული დეტალების გამოსწორებაზე მუშაობა. შესაძლოა, ზოგჯერ ლექტორს/მასწავლებელს მეტი დრო სჭირდებათ შეცდომების გასასწორებლად ონლაინ, ვიდრე ფიზიკურ რეჟიმში. ეს ალბათ საგნის სპეციფიკაზეცაა დამოკიდებული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ოქროს გამოსავალიც, კერძოდ, ჰიბრიდული რეჟიმი, რაც საგაკვეთილო დღეების ონლაინ და ფიზიკურ შეხვედრებად გადანაწილებას გულისხმობს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

აი, როგორ მუშაობს AI არტისტი

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“