Onoff.ge ქართულ ენაზე არსებული პირველი ონლაინ კატალოგია, სადაც 600-მდე კატეგორიის 150,000 პროდუქტის ყიდვაა შესაძლებელი. პროდუქტების მრავალფეროვნება Onoff.ge-ის დიდი კონკურენტული უპირატესობაა, თუმცა ამ უპირატესობას ახლავს გარკვეული გამოწვევები. რაც უფრო მეტია არჩევანი, მით უფრო რთულია სასურველი ნივთის მიგნება და ზოგიერთი ვიზიტორი ძიების დასრულებამდე ტოვებს საიტს, ეს კი ნეგატიურად მოქმედებს „შოპინგის” გამოცდილებაზე.
Onoff.ge-ის გუნდში მალევე დაინახეს პრობლემა და დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ გაეუმჯობესებინათ ვიზიტორებისთვის სასურველი ნივთის მოძიების გამოცდილება, იმის გათვალისწინებით, რომ Amazon, Ebay, Netflix და Spotify წარმატებით ახერხებენ, ყოვლისმომცველი კონტენტის მიუხედავად, მილიარდობით მომხმარებელს შეუქმნან განცდა, რომ ზუსტად იქ მოხვდა და იმას პოულობს, რასაც ეძებდა. ამ ამოცანის გადასაჭრელად, სპეციფიკური კომპეტენციის ადამიანების საჭიროებამ, Onoff.ge-ს წარმომადგენლები დახმარებისთვის Optio-ს გუნდთან მიიყვანა.
„სამუშაო პროცესი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. Optio-ს მონაცემთა მეცნიერების გუნდის დახმარებით გავაცნობიერეთ, რომ თუ გაქვს საკმარისი მონაცემები და იცი ამ მონაცემების სწორად გამოყენება, ბევრი ჯადოქრობა შეგიძლია აკეთო”, – აცხადებენ Onoff.ge-ში.
ელკომერციის პლატფორმებში მანქანური დასწავლის ბევრი განსხვავებული ალგორითმის გამოყენება ხდება და ყველა სხვადასხვა ამოცანის გადაჭრას ემსახურება. მონაცემების გაანალიზების შედეგად გუნდები მალევე მიხვდნენ, რომ ზემოხსენებული გამოწვევის დაძლევაში ყველაზე მეტად რეკომენდაციების სისტემა დაეხმარებოდათ.
რეკომენდაციების სისტემის მიზანი ვიზიტორისთვის რელევანტური შეთავაზების გენერირებაა, რაც მრავალფეროვანი არჩევანის შემთხვევაში ძიების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და გაყიდვების ზრდასთან ერთად, მომხმარებლისთვის ინტერნეტ „შოპინგის” გამოცდილებასაც მკვეთრად აუმჯობესებს.
Onoff.ge-ის გუნდმა Optio-ს დახმარებით აღნიშნული სისტემის იმპლიმენტაცია საიტის იმ კომპონენტში მოახდინა, სადაც მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება.
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
როგორც წესი, Onoff.ge-ზე მოგზაურობა მთავარი გვერდიდან იწყება, ამიტომ ერთ-ერთი პირველი, რაზეც გუნდმა მუშაობა დაიწყო, სწორედ ამ გვერდის მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგება იყო.
გადაწყდა ისეთი ალგორითმის გამოყენება, რაც მომხმარებელს სასურველ ნივთამდე მარტივად მისვლაში დაეხმარებოდა. თუმცა კითხვაზე „რა არის მომხმარებლისთვის სასურველ ნივთამდე მისვლის უმოკლესი გზა”, ერთი ცალსახა პასუხი არ არსებობს. ზოგჯერ საიტს მაშინ სტუმრობ, როცა უკვე ნანახი პროდუქტის ყიდვას გადაწყვეტ, ზოგ შემთხვევაში ჯერ კიდევ ოპტიმალური არჩევანის ძიების პროცესში ხარ, ზოგჯერ შენც არ იცი რა გინდა, მაგრამ რამე საინტერესოს აღმოჩენა გაგახალისებდა.
ცნობილი ელკომერციის პლატფორმების უკვე ნაცადი პრაქტიკების შესწავლის შემდეგ Onoff.ge-ს მოცემულობაზე მორგებული, უნიკალური სისტემა შეიქმნა. მანქანური დასწავლის ტექნოლოგიების დახმარებით დაგენერირებული რეკომენდაციები პირველივე გვერდზე რამდენიმე, შინაარსობრივად განსხვავებულ სექციაში ნაწილდება, რომლებიც ნებისმიერი მიზნით შემოსულ კლიენტს მთავარი გვერდიდანვე აძლევს სასურველ ნივთამდე მისასვლელ სწორ გეზს. ამ ეტაპზე უკვე 4 ასეთი სექცია ფუნქციონირებს. თითოეული სექციის უკან კი უსწრაფესი ალგორითმი დგას, რომელიც მილიწამებში იაზრებს, ვინ ხარ, რა შეიძლება იყოს შენი ინტერესის სფერო და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ავსებს მთავარ გვერდს.
მოკლედ თითოეული სექციის შესახებ:
- განაგრძე შოპინგი– თუ Onoff.ge-ზე უკვე ნანახი პროდუქტების კიდევ ერთხელ შესათვალიერებლად ან საყიდლად შემოხვედი, ამ ბლოკის გავლით მარტივად მიაგნებ რასაც ეძებ. თუმცა, აქვე გათვალისწინებულია, რომ შეიძლება ეს ნივთი აქამდე იმიტომ არ შეიძინე, რომ იდეალურად არ აკმაყოფილებს შენს საჭიროებას. ასეთი შემთხვევებისთვის, ალტერნატივად პლატფორმა ისეთ ახალ პროდუქტებსაც გაჩვენებთ, რომელიც პარამეტრებით ძალიან ჰგავს შენ მიერ წარსულში ნანახ ნივთს და შესაძლოა ზუსტად ის იყოს, რაც გჭირდება.
- იშოპინგე და დაზოგე – Onoff.ge-ზე ხშირია მასშტაბური ფასდაკლებები. ალბათ ყველას გამოგვიცდია გულისწყვეტა, როცა პოსტფაქტუმ იგებ, რომ შენთვის სასურველ ნივთზე ფასდაკლება იყო. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი, რაც შენგან მოითხოვება, მთავარ გვერდზე შესვლაა, დანარჩენ საქმეს რეკომენდაციების სისტემა მოაგვარებს. Sales for you ბლოკის დახმარებით, უკვე იცი, რომ შენს საყვარელ კატეგორიაში ფასდაკლებაა ან ის, რომ ნივთი, რომელზეც დიდი ხანია გეფიქრება შეგიძლია ნახევარ ფასად იყიდო.
- ის რაც ყველას უნდა – სექცია საიტზე ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს გიჩვენებს და ახალი კატეგორიებისა და ტრენდების აღმოჩენაში გეხმარება.
- შეიძლება დაგაინტერესოს – იმ შემთხვევებისთვისაა, თუ რაიმე ახლის პოვნას ცდილობ. აქ გადააწყდები პროდუქტებს, რომლებსაც შენნაირი ინტერესების სხვა ვიზიტორები ნახულობენ
მთავარი გვერდი საყიდლების პროცესის მხოლოდ დასაწყისია. მთავარ სირთულეს მაშინ ვაწყდებით, როცა ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს და არ ვიცით, ზუსტად რომელი პროდუქტი ერგება ჩვენს მოთხოვნებს სწორედ ამ მოცემულობის გასამარტივებლად შეიქმნა „მსგავსი პროდუქტების” კატეგორია რეკომენდაციების სისტემაში. აღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტილება შემდეგი პრინციპით მუშაობს: როდესაც რომელიმე პროდუქტის გვერდს სტუმრობ, სისტემა აკეთებს დაშვებას, რომ სწორედ ამ პროდუქტის მახასიათებლებია შენთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები და უამრავ სხვა ნივთს შორის მახასიათებლებით ყველაზე მსგავსი 10 ალტერნატიული პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. თუკი რომელიმე შემოთავაზებულ ალტერნატივაზე გადახვალ, მის ქვეშ უკვე ამ პროდუქტთან ყველაზე მიმსგავსებული პროდუქტები ჩაიტვირთება და ასე გრძელდება, სანამ სასურველ ნივთამდე არ მიხვალთ.
კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც პლატფორმისთვის შემუშავდა, არის „ასევე ნახულობენ” სექცია, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ალგორითმის შედეგები პლატფორმის ვიზიტორების ერთიან ქცევაზეა დამოკიდებული. ეს სექცია ნებისმიერ პროდუქტზე შეგხვდებათ და გაჩვენებთ, თუ რას ათვალიერებენ ის ადამიანები, ვინც ამ კონკრეტულ პროდუქტს ნახულობს. „ასევე ნახულობენ” სექციაში იგივე კატეგორიის პროდუქტებთან ერთად სრულიად განსხვავებულ ნივთებსაც წააწყდებით, რაც ახალი ნივთების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
Onoff.ge-ის გუნდში გვეუბნებიან, რომ Optio-სთან რამდენიმე თვიანი თანამშრომლობის შედეგად, Onoff.ge გახდა პირველი ქართული ელკომერციის პლატფორმა, რომელიც ისეთ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იყენებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, როგორსაც Amazon და Netflix. ამ ალგორითმების დანერგვის შემდეგ, გარდა ვიზიტორების მზარდი რაოდენობისა, ყოველთვიურად იმატებს იმ ადამიანების წილი, ვინც საიტზე ვიზიტს სასურველი ნივთის შეძენით ასრულებს.
[პარტნიორის კონტენტი]