27
Dec
2019

რა შეცვალა ფუნქციონირების ორმა წელმა – ქართული საკურიერო კომპანია „ონვეი“ გამოცდილებას აჯამებს

27 Dec 2019

ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზე საკურიერო კომპანია OnWay ფუნქციონირებს, მის პორტფელში კი უკვე 200-ზე მეტი ქართული და უცხოური კომპანია ერთიანდება. OnWay-ის, ანუ სტარტაპის შესახებ,რომელიც საკურიერო სერვისს უწევს კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ადრეც გიყვებოდით. მაშინ კომპანიას სულ რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა, ახლა კი მათი რიცხვი 50-ს აჭარბებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, 2019-მა წელმა OnWay-ს მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდა – „გავხსენით ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში. ჩვენს კურიერებს კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში დააქვთ ამანათები“, – ამბობს თამარ გოგოლაშვილი, OnWay-ს თანადამფუძნებელი.

M: რა გამოარჩევდა OnWay-ს 2 წლის წინ და რა გამოარჩევს ახლა?
ის, რაც ონვეის საწყისი ეტაპიდანვე გამოარჩევდა ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან, იყო დამფუძნებლების დიდი გამოცდილება ი-ქომერსის მიმართულებით. ამ გამოცდილების დახმარებით ჩვენ შევქმენით მომსახურება, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ი-ქომერს ბაზრის მოთხოვნებსა და მიმდინარე ტენდენციებს. „ონვეი“ კომპანიებთან თანამშრომლობის სრულიად ახალ მიდგომებს ამკვიდრებს, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საკურიერო მომსახურების გაწევას, არამედ კომპანიის ინდივიდუალურ გამოწვევებზე მორგებული მომსახურების შეთავაზებას და კონსულტაციას საოპერაციო-ლოგისტიკური მიმართულებით, რაც ეხმარებათ მათ საქმის ეფექტიანად წარმართვაში.

ონვეის მმართვეილი გუნდი დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც ასევე აქვთ დიდი ცოდნა ონლაინ გაყიდვების მიმართულებით, სიღრმისეულად იციან ონლაინ მაღაზიების მუშაობის სპეციფიკა და ამ ცოდნით ყოველდღიურად ეხმარებიან ჩვენი სერვისით მოსარგებლე კომპანიებს“.

M: რა მნიშვნელობა ჰქონდა, უშუალოდ თქვენთვის, ფუნქციონირების გამოცდილების გათვალისწინებას შემდეგი ნაბიჯების გადადგმისას?
იყო მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური კომპანია, ნიშნავს,  გიხდებოდეს იმ გამოწვევებთან შერკინება, რომლებთანაც სხვა კომპანიების გამოცდილებით ვერ იხელმძღვანელებ. შესაბამისად, ონვეის 2 წლიანი ისტორიაც მხოლოდ წარმატებული გადაწყვეტილებების ჯამი არ არის. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ იმ შეცდომას, რომელმაც ონვეის გუნდს დიდი გამოცდილება შესძინა და დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეგვძინა იმ საქმეში, რასაც ვემსახურებით. არ არის რთული იყო გამბედავი, როდესაც ზურგს მნიშვნელოვანი გამოცდილება და საქმეზე ორიენტირებულ პროფესიონალთა გუნდი გიმაგრებს.

M: OnWay უკვე 50-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. როგორია თქვენი კორპორატიული კულტურა?
კომპანიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიონალიზმი, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან, კარგი კადრი ნიშნავს კმაყოფილ მომხმარებელს, თავად მომხმარებელთან შეხება ჩვენს კურიერებს აქვთ და შესაბამისად, კომპანიის სახეც და ერთ-ერთი კომუნიკაციის წყაროც სწორად ისინი არიან. ამიტომ, ყოველთვის ვზრუნავთ მათ განვითარებასა და მოტივირებაზე. „ონვეიში“ ყოველი დღე განსხვავებულია, ვინაიდან კომპანიის ზრდის პროპორციულად მუდმივად იმატებს გამოწვევების რიცხვიც. მართო ლოჯისტიკური კომპანია, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. საოპერაციო ციკლის უწყვეტი ჯაჭვი შეკვეთების რაოდენობის ზრდასთან ერთად მუდმივად დასახვეწია, შესაბამისად, არასოდეს გვქონია მოდუნების საშუალება, რაც თავის მხრივ გვაძლევს უდიდეს გამოცდილებას და ასევე მოტივაიას, სწრაფად ავუწყოთ ფეხი კომპანიის ზრდის ტემპსა და ბაზრის გამოწვევებს.

M: OnWay საკურიერო მომსახურების გარდა, კონსულტაციის კუთხითაც ეხმარება კომპანიებს. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
ლოგისტიკის მიმართულებით ჩვენი გუნდი პირველივე დღეებიდან იყენებდა საკურიერო სოფტს ოპერირებისთვის, რაც უმარტივებდა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ლოგისტიკური პროცესების მართვას. დროთა განმავლობაში, ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით საკმაოდ დაიხვეწა. სამუშაო პროცესში დავინახეთ საჭიროებები, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებდა, დახვეწდა და კომფორტულს გახდიდა მომხმარებლებსა და ჩვენ შორის ურთიერთთანამშრომლობას, ამიტომაც, დავიწყეთ მუშაობა ახალი სოფტის შექმნაზე, რომელიც სრულად ითვალისწინებს თანამედროვე ქართული ბაზრის მოთხოვნებს და პასუხობს მიმდინარე ბიზნეს გამოწვევებს. 

M: როგორია OnWay-ის სამომავლო გეგმები?
„ონვეი“ სწრაფად მზარდი კომპანიაა. მუდმივი განვითარება აქამდეც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია დავნერგოთ სრულიად თანამედროვე მიდგომები ამ დარგში, ამის მაგალითია თუნდაც ის უნიკალური სოფტი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ჩვენი დიდი სურვილია განვაგრძოთ იქომერს ბაზრის განვითარებაზე მუშაობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის სწრაფად განვითარებაში.

[R]

განხილვა