in

როგორია ბიზნესის ზრდა Covid-19-ის ეპოქაში – “ონვეის” ქეისი

პანდემიის დაწყებიდან სულ მალევე გამოიკვეთა ის ბიზნეს სექტორები, რომელთაც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისის შეთავაზება შეეძლოთ. მათ შორის, უდავოდ, ლიდერობს საკურიერო მომსახურება. რომ არა მთელ ქალაქში სკუტერებით მოზუზუნე კურიერები, სახლში დარჩენილ საზოგადოებას ძალიან გაუჭირდებოდა, უსაფრთხოების შენარჩუნებასთან ერთად, სასურველი ნივთების მისამართზე მიღება. თავის მხრივ, საკურიერო სერვისის სექტორი, მოულოდნელად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასეთ კომპანიებს შორის არის “ონვეი”, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და Covid-19-ის ეპოქაში გაფართოებული ბიზნესის ასეთი ამბავი მოიტანა ჩვენამდე. დეტალებზე “ონვეის” დამფუძნებელი და დირექტორი, თამუნა გოგოლაშვილი გვესაუბრა.

M: “ონვეი” ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც ქართულ საკურიერო ბაზარზე ოპერირებს. გვიამბეთ, განვითარების რა ეტაპზეა კომპანია ახლა?

დიახ, “ონვეიმ” ბაზარზე ოპერირების მოკლე პერიოდში განვითარების სწრაფი პროცესი განვლო – დღესდღეობით, “ონვეის” ფილიალები ფუნქციონირებს საქართველოს ხუთ ქალაქში, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილი სერვისი შევთავაზოთ. ჩვენი მომსახურების გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ეყრდნობა “ონვეის” გუნდის თითოეული წევრის თავდაუზოგავ შრომასა და საქმისადმი ერთგულებას. ბუნებრივია, კომპანია ამ ნიშნითაც ფართოვდება და უკვე 80-ზე მეტ წევრს ითვლის – მდიდარი გამოცდილების მქონე კადრებსა და ახალბედა წევრებს, რომელთა მოტივაცია და ენერგია კომპანიას განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანიის განვითარების განუყოფელ ნაწილს ტექნოლოგიური ცვლილებები შეადგენს. სულ ახლახანს “ონვეიმ” განახლებული ვებგვერდი წარადგინა, რომელიც ძალიან მალე, სრული ფუნქციონალის ჩაშვების შემდეგ, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გამარტივებულად და კომფორტულად ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით.

M: რა არის ახალი – ამ დროისთვის, რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ ბაზარს?

შეიძლება ითქვას, რომ “ონვეის” ყოველგვარი სიახლისა და ინოვაციის მთავარი წყარო მომხმარებელია. ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ მათ პრობლემებს, ვიზიარებთ მათ სურვილებსა და ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, რათა გაუმჯობესებული მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ჩვენ დავყავით სხვადასხვა ტიპის ბიზნესების საჭიროებები და გადავახალისეთ ჩვენი სერვისები უშუალოდ მათ მოთხოვნებზე. დაინტერესებულ პირებს ამ სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენს განახლებულ ვებგვერდზე შეუძლიათ.

M: Covid-19-ის პერიოდი საკურიერო სექტორზე, საერთო ჯამში, დადებითად აისახა. როგორ იყო “ონვეის” შემთხვევაში?

ბუნებრივია, იზოლაციის აუცილებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა საკურიერო მომსახურებაზე. ჩვენთვის არსებული რეალობა ძალიან სწრაფად შეიცვალა, მაშინ როდესაც საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და კომპანიათა უმეტესობამ ეკონომიკური საქმიანობა დროებით შეაჩერა, ჩვენს მომსახურებაზე ძალიან სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა, გამომდინარე იქიდან, რომ საფოსტო-საკურიერო მომსახურება ერთადერთი უსაფრთხო გზა აღმოჩნდა პირველადი საჭიროების სამომხმარებლო პროდუქციის შესაძენად. “ონვეი” დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, ერთის მხრივ დაეცვა საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება, რაც პანდემიის პირველივე დღეებიდანვე ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა, ხოლო მეორეს მხრივ გადაეწყო მთელი საეპერაციო სისტემა და მორგებოდა ახალ გარემოებას.

M: რამდენად აღმოჩნდა “ონვეის” გუნდი ამ ცვლილებებისთვის მზად?

ასეთი მოვლენებისთვის არავინ გვამზადებს, ერთ დღეს, უბრალოდ, იცვლება მოცემულობა და იცი – უნდა შეიცვალო. ჩვენი გუნდიც ერთხმად ადაპტირდა არსებულ გარემოებებთან და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ დაგვეკმაყოფილებინა იმ ადამიანების საჭიროებები, რომელთაც ნდობა გამოგვიცხადეს და მოგვანდეს საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობა თუ მათი პირადი ჯანმრთელობა.

მიუხედავად იმ მცირე ხარვეზებისა, რომელიც გაზრდილი მოთხოვნისა და სწრაფი რეორგანიზაციის პირობებში გამოგვეპარა, ვფიქრობ “ონვეის” გუნდმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და ნიადაგი მოამზადა კომპანიის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად. მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ანალოგიურ ვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს გამოცდილება და საქმისადმი სიყვარული. ამ სივრციდან კი, მსურს საჯარო მადლობა გადავუხადო “ონვეის” გუნდის თითოეულ წევრს, რომელთაც კომპანიისა და მომხმარებლების წინაშე დიდი თავდადება გამოავლინეს და მადლობას გადავუხდი თავად მომხმარებლებსაც, რომლებმაც მათთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ნდობა “ონვეის” გუნდს გამოუცხადეს.

M: პანდემიისას, ელექტრონული კომერციის მხარდასაჭერად, ფეისბუქ ჯგუფი Voice Of Ecommerce შექმენით. რას ემსახურებოდა ეს გაერთიანება?

პანდემია არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება, არამედ ბიზნესის კეთილდღეობასაც. მდგომარეობას, გარკვეულწილად, ართულებს უსაფრთხოების მიზნით შემოღებული სახელმწიფო რეგულაციები. პირველი ასეთი რეგულაციების დროს, რატომღაც, საქმიანობა შეეზღუდათ ონლაინ მაღაზიებს. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ინფორმაციული ვაკუუმი ამ საკითხის ირგვლივ. ვინაიდან, “ონვეის” მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს ონლაინ მაღაზიები შეადგენენ, კომუნიკაციის დასამყარებლად პანდემის გავრცელებიდან მალევე შევქმენი ჯგუფი “Voice Of Ecommerce”, სადაც ჯგუფის წევრები აქტიურად ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას. ჯგუფმა იქომერს გაერთიანების სახელით მალევე დაიწყო კომუნიკაცია მედიასთან და არაერთხელ მივმართეთ სამთავრობო წარმომადგენლებსაც. ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით ჩვენი სათქმელი და იქომერსის მნიშვნელობა მალევე გაიაზრა ხელისუფლებამ და საყოველთაო შეზღუდვების დაწესებიდან, მალევე დაუშვეს ონლაინ ვაჭრობა.

M: ხშირად არის საუბარი, რომ შემოდგომაზე პანდემიის მეორე ტალღას უნდა ველოდოთ. თქვენი გამოცდილებით, რა უნდა გაითვალისწინონ E-commerce კომპანიებმა, რათა მოსალოდნელ გამოწვევებს მზად დახვდნენ?

ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუ კომპანიები მოახერხებენ წინასწარვე დაიჭირონ თადარიგი და სამუშაო მოდელის გასამართად, ახალი საფრთხის მოახლოებას არ დაუცდიან. “ონვეის” გუნდი მზად არის გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება პარტნიორ კომპანიებს და შესთავაზოს მიწოდების მწყობრი სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით

M: რა სიახლეებს გეგმავს კომპანია? გვესაუბრეთ მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე…

უახლოეს მომავალში “ონვეი” მომხმარებლებს ძალიან საინტერესო ტექნოლოგიურ (და არამხოლოდ) სიახლეებს შესთავაზებს, რაზეც მომდევნო პერიოდში აუცილებლად ვისაუბრებთ.

ზოგადად, კი “ონვეიში” არ გვაქვს განვითარების საბოლოო ნიშნული, რომლისკენაც მივისწრაფით შემდეგ კი კმაყოფილები ხელებს ჩამოვუშვებთ. ყოველ დასრულებულ პროექტს ახალი, უფრო მასშტაბური გეგმებით ვხვდებით. სწორედ სიახლე და ინოვაცია გვეხმარება, მომხმარებლებს უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული სერვისი შევთავაზოთ და შევიტანოთ წვლილი ქართული საკურიერო ბაზრის განვითარებაში.

 

[R]

სამსახურში უფრო მეტს უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

Facebook Messenger-ის ახალი ფუნქცია Watch Together, ვიდეოს მეგობართან ერთად ყურების საშუალებას მოგცემთ