in

ავტომობილი ყველა გემოვნებისა და სოციალური კლასისთვის – Opel

დღევანდელი ავტოისტორიის გმირი არის ბრენდი, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ისტორია და ძველი ფესვები აქვს. ბრენდს ავტოინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავს და მისი მანქანებით მთელი მსოფლიო სარგებლობს. თავდაპირველად სამკერვალო მანქანებით დაიწყო მოღვაწეობა, შემდეგ ველოსიპედებზე გადავიდა, ბოლოს კი უკვე მანქანებშიც მოსინჯა ძალები, რაც დიდი წარმატებით გამოუვიდა და დღემდე ერთ-ერთი ცნობილი ავტომწარმოებელია. საუბარია გერმანულ ბრენდ „ოპელზე”, რომელსაც ჩვენთან, საქართველოშიც, საკმაოდ ხშირად შეხვდებით. 

ისტორიის დასაწყისი

ბრენდი თავისი დამფუძნებლის, ადამ ოპელის სახელს ატარებს. საწარმო 1863 წლის 21 იანვარს დაარსდა. როგორც ზემოთ გითხარით, ის თავიდან სამკერვალო მანქანებს აწარმოებდა. წარმატებული საქმიანობით წახალისებულმა ადამმა 1886 წელს ახალი პროდუქტი – ველოსიპედები გამოუშვა, რომლებსაც penny-farthings-ებს ეძახდნენ. ადამის ვაჟები ამ ველოსიპედებით რბოლებში მონაწილეობდნენ და ამით უწევდნენ პოპულარიზაციას ოჯახურ ბრენდს. ამან გამოიწვია ის, რომ მალე წარმოება გაიზარდა და სამკერვალო მანქანებს გადააჭარბა. ადამის გარდაცვალების დროს, 1895 წელს, ის ლიდერი იყო ორივე პროდუქტის ბაზარზე. კომპანია 2000-ზე მეტ ველოსიპედს აწარმოებდა წელიწადში.

ავტომობილებზე გადასვლა

1898 წელს პირველად გამოჩნდა „ოპელის” ძრავა მანქანებზე. ადამ ოპელის შვილმა ხელი მოაწერა სალიცენზიო ხელშეკრულებას French Automobiles Darracq S.A.-სთან, ავტომობილების წარმოებაზე ბრენდის სახელწოდებით Opel-Darracq. პირველი ნაბიჯი ავტომობილის წარმოებაში იყო Darracq-ის მოდელზე დაშენებული Opel-ის 2-ცილინდრიანი ძრავა. 

საკუთარი დიზაინის მანქანები კომპანიამ პირველად 1902 წელს, ჰამბურგის ავტოშოუზე წარმოადგინა, ხოლო 1906 წლიდან მათი წარმოებაც ოფიციალურად დაიწყო. ერთი წლის შემდეგ Opel Darracq-ის წარმოება შეწყდა. 

1911 წელს „ოპელის” ქარხანა ხანძრის შედეგად განადგურდა, თუმცა ამას არ უმოქმედია კომპანიაზე. აშენდა ახალი, უფრო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა და შეწყდა სამკერვალო მანქანების წარმოება. „ოპელმა” მთელი აქცენტი გადაიტანა მანქანების, ველოსიპედებისა და მოტოციკლეტების გამოშვებაზე და 1913 წლისთვის გერმანიის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებლად იქცა. 

1929 წლის მარტში General Motors-მა იყიდა კომპანიის 80%, რაც გაიზარდა 100%-მდე 1931 წელს. Opel-ის ოჯახმა კი, ტრანზაქციის შედეგად $33,3 მილიონი მოიპოვა.

1920–1939

1920-იანი წლების დასაწყისში Opel გახდა პირველი გერმანული ავტომობილების მწარმოებელი, რომელმაც ჩართო მასობრივი წარმოების ასამბლეის ხაზი. 1924 წელს მათ პირველად გამოუშვეს ღია, ორადგილიანი ავტომობილი Laubfrosch, რომელიც გაიყიდა 4,500 მარკად, რაც მაშინ არც ისე იაფად ითვლებოდა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოების პროცესი ძვირი არ ჯდებოდა. კომპანიამ დაიწყო ფოკუსირება ადამ ოპელის იდეაზე, რომ ავტომობილის ყოლა იყოს არა ფუფუნების საგანი, არამედ მისით სარგებლობა ყველა კლასის ადამიანს შეეძლოს, ავტომობილი გახდეს მათი საიმედო მეგზური როგორც მოგზაურების დროს, ისე საკუთარ ქალაქში. 

1935 წელს Opel გახდა პირველი გერმანული ავტომობილების მწარმოებელი, რომელმაც წელიწადში 100000-ზე მეტი მანქანა აწარმოა. ეს ეფუძნებოდა პოპულარულ Opel P4 მოდელს. მისი გასაყიდი ფასი იყო მხოლოდ 1650 მარკა და მანქანას ჰქონდა 23 ცხენის ძალა.

იმავე წელს კომპანიამ პირველად გამოუშვა მანქანა მთლიანად ფოლადის კორპუსით. მას ოლიმპია დაარქვეს. მცირე წონისა და კარგი აეროდინამიკის წყალობით, ის ნაკლებ საწვავსაც ხარჯავდა და შესრულების დონეც მაღალი ჰქონდა. ამ მანქანით Opel იღებს პატენტს, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად საავტომობილო ისტორიაში.

1939 წელს გაიმართა უაღრესად წარმატებული Kapitän-ის პრეზენტაცია, რომელსაც 6-ცილინდრიანი ძრავი, ფოლადის კორპუსი, ჰიდრავლიკური ამორტიზატორები და ცენტრალური სპიდომეტრი ჰქონდა. 25,374 გაიყიდა იმავე წელს, სანამ მეორე მსოფლიო ომი არ დაიწყო და მთავრობის ბრძანებით, დროებით წარმოება არ შეჩერდა.

ოპელი და ომი

მეორე მსოფლიო ომმა დაღი დაასვა მწარმოებელს, რადგან მისი მიზნები ნამდვილად არ ემსახურებოდა სამხედრო მანქანებად გადაკეთებას. ამ დროს კი ბევრი სხვა მწარმოებელი სამხედრო მოდელების გამოშვებაზე გადავიდა. მოხდა ის, რომ ავტოქარხნები ომის დასრულებამდე დაიხურა, მაგრამ მაინც არ შეიცვალა გეზი.

თუმცა 1942 წელს, როცა ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და არც დასრულებას უჩანდა ჯერ პირი, მანქანებისა და სატვირთო მანქანების ქარხნები მოკრძალებულად გადაიყვანეს საომარ სამუშაოზე. Opel-მაც დაიწყო თვითმფრინავების ნაწილებისა და ტანკების წარმოება. ომის დროს მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, Opel დიზაინის სატვირთო მანქანები აშენდა Daimler-Benz-ის ლიცენზიით, მანჰეიმში, ყოფილ ბენცის ქარხანაში.

ომის პროგრესირებასთან ერთად, სამხედრო ხელისუფლება უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა ჰაერით გაგრილებული ძრავების განვითარებას, რომლებსაც, მათი აზრით, მეტი იმუნიტეტი ჰქონდათ ამინდის, ჭურვებისა და არასწორი გამოყენების წინააღმდეგ. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, Opel-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს უჩვეულო ვარიაცია 3.6-ლიტრიანი სატვირთო ძრავისთვის. მას ეძახდნენ „ჰაერ-ზეთის გაგრილებას“.

ომის შემდგომი პერიოდი

ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ბრანდენბურგის ქარხანა დაიშალა და რუსეთში გადაიტანეს, ხოლო რუსელჰაიმში შენობების 47% განადგურდა, Opel-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დაიწყეს რიუსელჰაიმის ქარხნის აღდგენა. 

გერმანიაში ამ დროს სატვირთო მანქანებზე დიდი მოთხოვნა იყო, ამიტომ „ოპელმაც” გეზი აქეთ აიღო, თუმცა ბევრ პრობლემას წააწყდება მუშების ავადმყოფობისა და საკვების ნაკლებობის გამო. დღეში 400 მუშა მაინც ხდებოდა ავად. 

მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, საწარმომ Opel Blitz სატვირთო მანქანის დასრულება მაინც მოახერხა და 1946 წლის 15 ივლისს აშშ-ის არმიის გენერალ ჯეფრი კიზის და სხვა ადგილობრივი ლიდერებისა და პრესის ჟურნალისტების თანდასწრებით წარადგინა.

1954 წლისთვის კომპანია უკვე სრულიად „განიკურნა” ომის შემდგომი პრობლემებისგან და განვითარების ახალ გზას დაადგა. 1971 წლიდან ის არა მხოლოდ ევროპაში, აზიაშიც იყიდებოდა. 

90-იანები და შემდეგ

Opel-ის პირველი ტურბოძრავიანი მანქანა იყო Opel Rekord 2.3 TD, რომელიც პირველად აჩვენეს ჟენევაში 1984 წლის მარტში. 1989 წელს გამოვიდა ოპელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი Opel Calibra. 1990-იან წლებში Opel იყო General Motors-ის რჩეული კომპანია, რამაც ის ისეთივე მომგებიანი გახადა, როგორც იაპონური კომპანია Toyota. 

ამ წლებშივე გამოდის „ოპელის” ასევე გამორჩეულად ცნობილი მოდელი astra. ის გამოვიდა როგორც ჰეტჩბეკის, ისე ფურგონის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ საოჯახო მანქანების კლასში მან 22-ე ადგილი დაიკავა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ საოჯახო მოდელს „ოპელ ვექტრას”, ის 1995 წლიდან გამოდის და ბრიტანეთში იყიდებოდა Vauxhall-ის მარკის ქვეშ. ის გახდა ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი ბრენდისთვის და 2009 წლიდან უკვე მის მესამე თაობას აწარმოებს. 

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, 2009 წლის 10 სექტემბერს, GM დათანხმდა Opel-ის 55%–ის წილის მიყიდვას Magna ჯგუფისთვის გერმანიის მთავრობის თანხმობით, თუმცა მოგვიანებით გარიგება გაუქმდა.

2017 წლის მარტში PSA-მ გამოაცხადა, რომ Opel და მისი ბრიტანული ბრენდი Vauxhall შეიძინა GM-ისგან 2,2 მილიარდ დოლარად.

PSA ჯგუფის ხელმძღვანელობით, ბრენდი კვლავ აქტიურად აწარმოებს ავტომობილებს. 2024 წლისთვის უკვე შემუშავებულია რამდენიმე მოდელი, რომლის დიზაინიც, როგორც ამბობენ, უნიკალური და წინამორბედებისგან გამორჩეული იქნება. პირველი მანქანა, რომელიც 2022 წლის ბოლოს იგეგმება, Opel Corsa-ს უახლესი სერია იქნება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Droga 5-მა ბალიშებით ექსტრემალური ბრძოლა მოაწყო

ნუცა ქირია – #პირველისამსახური