9–10 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბი (IML) შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) ჰაკათონს გამართავს. ჰაკათონი შავი ზღვის რეგიონის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე – Open Black Sea 2026 გაიმართება.
ჰაკათონის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბი (IML) მოქმედ სტუდენტებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის ფრილანსერებს, შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
კონკურსის მიზანია შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და ნაკლებად შესწავლილი საკითხების გამოვლენა და ისეთი საგამოძიებო იდეების მხარდაჭერა, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს, შესაძლო დარღვევებსა და სისტემურ გამოწვევებს ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის საშუალებით გამოიკვლევს.
„საგამოძიებო იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას – საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებით, მონაცემებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ზღვისა და სანაპირო ზოლის მდგომარეობის კვლევა, მათ შორის დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე შესაძლებელია თევზჭერისა და კვების ინდუსტრიის თემებზე მუშაობა – თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები, ლიცენზიები, უკანონო ან აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის უსაფრთხოება.
კიდევ ერთი მიმართულებაა კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპირო ზოლის მდგრადობა, მათ შორის წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა,“ – აღნიშნავენ „საგამოძიებო მედიალაბში“ (IML)
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ინგლისურ ენაზე მომზადებული წერილობითი პიჩის წარდგენა, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას. პიჩმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს ხუთ ძირითად კითხვას:
- რა არის პრობლემა?
- რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის?
- რის გამოკვლევას აპირებთ?
- როგორ აპირებთ ფაქტების დადასტურებას?
- რას მიიღებს აუდიტორია თქვენი საგამოძიებო მასალისგან?
შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 9 საუკეთესო საგამოძიებო იდეა. ფინალისტები მენტორებთან ერთად საკუთარ პიჩებს დახვეწენ და ფესტივალის ფარგლებში მათ საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ 2 000, 1 500 და 1 000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოებს, ასევე სარედაქციო მხარდაჭერას, რათა საკუთარი იდეები სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად აქციონ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი.
Open Black Sea Festival 2026-ის ფარგლებში დაგეგმილი ჰაკათონი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიონალ მენტორებთან და საერთაშორისო ჟურნალისტურ გარემოსთან თანამშრომლობით განავითარონ საკუთარი საგამოძიებო იდეები და შავი ზღვის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ახალი, ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტური მასალები შექმნან.
[პარტნიორის კონტენტი]











