in

10 წესი, რომელიც ღია საოფისე სივრცეში უნდა დავნერგოთ

როგორია თქვენი საქმიანი გარემო – გუნდის წევრები ცალკეულ ოთახებში ხართ განთავსებული თუ ერთიან საოფისე სივრცეში მუშაობთ? ერთიანი საოფისე სივრცე საკმაოდ პოპულარულია და შეიძლება ითქვას, თანამედროვე კომპანიების სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, გუნდის წევრები უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან და თითქოს, ეს სამუშაო განწყობასა და ხარისხზე უპირობოდ უნდა აისახებოდეს, თუმცა ნამდვილად ასეა? ღია, ერთიანი ოფისის ეფექტიან ფუნქციონირებას ძალისხმევა სჭირდება. ერთიანი ოფისების პოპულარობის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ბევრ თანამშრომელს არ მოსწონს ასეთი გარემო და ეს მათ პროდუქტიულობაზეც აისახება. მაინც, როგორ უზრუნველვყოთ Open Space ტიპის ოფისში კომფორტული საქმიანი გარემო? რა წესები დავნერგოთ, რის გათვალისწინებაც სასარგებლო იქნება სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისთვის? ჩვენ მოვუყარეთ თავი ათ წესს, რომელიც ღია ტიპის ოფისში გამოგადგებათ, ხოლო თქვენი მხრივ, შეგიძლიათ თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ და გვითხრათ, რა მიდგომას იყენებთ ღია ოფისში.

მკაფიოდ განსაზღვრეთ მოლოდინები

ამ რჩევას ხშირად წავაწყდებით ხოლმე სხვადასხვა საკითხის განხილვისას და არც ახლაა უადგილო – ოფისი ის ადგილია, სადაც თანამშრომლები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. თქვენი თუკი ხელმძღვანელო პოზიციას იკავებთ და გაქვთ უფლებამოსილება განსაზღვროთ ოფისის წესები, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ მოლოდინები. თუკი ამ პუნქტს უგულვებელჰყოფთ, ოფისურ წესებს თანამშრომლები თავად დააწესებენ და მათი შეცვლა ბევრად დიდ ძალისხმევასთან იქნება დაკავშირებული, გამოიწვევს ღია ან ფარულ წყენას და არასათანადოდ იქნება გაგებული.

პირადი სივრცე ღია ოფისში

ოფისის წესების განსაზღვრისას, ყველაზე მნიშვნელოვანით უნდა დავიწყოთ. რა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი დისკომფორტი ერთიან, ღია ოფისში? რასაკვირველია – პირადი სივრცე, რომლის ნაკლებობასაც შეიძლება განიცდიდეს თანამშრომელი, რომლის სამუშაო მაგიდაც სხვა თანამშრომლების ადგილებთან ახლოს დგას – ასეთი კი ბევრია. შეიძლება თანამშრომლები ერთმანეთის ეკრანსაც ხედავდნენ და იმასაც, თუ რას აკეთებს კოლეგა საკუთარ მაგიდასთან. ეს დაუცველობისა და დისკომფორტის განცდას მნიშვნელოვნად აძლიერებს. ხშირად, ფიქრი იმაზე, რომ მას აკვირდებიან, პროდუქტიულობის დაქვეითებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ავეჯი ისე დაალაგოთ, რომ თანამშრომლებს საერთო ოფისშიც კი შეექმნათ პირადი სივრცის განცდა.

პირადი სივრცის პატივისცემა

ეს ნაწილი არამხოლოდ ავეჯის განლაგებას, არამედ პირად დამოკიდებულებას  უკავშირდება. ღია სივრცეში, სადაც სხვადასხვა ადამიანის ენერგეტიკა ერთმანეთს ერწყმის და ამავდროულად, თითოეულმა მათგანმა უნდა შეინარჩუნოს შემოქმედებითი ფიქრისა და კონცენტრაციის უნარი. ამისათვის კი, ნამდვილად სჭირდება პირადი სივრცის განცდა. მაინც, როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ამას? ზოგიერთი კომპანია დღის გარკვეულ მონაკვეთში გამოყოფს დროს, სადაც ყოველ თანამშრომელს ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე შეუძლა იმუშაოს და ამ პერიოდის მანძილზე დარწმუნებული იყოს, რომ არავინ შეაწუხებს კითხვებით.

უმნიშვნელოვანესია თავად თანამშრომლების ურთიერთდამოკიდებულებაც. იმის გააზრება, რომ სხვას კონცენტრაციისთვის ძალისხმევა სჭირდება, მნიშვნელოვნად ზრდის პირადი სივრცის პატივისცემას გუნდის წევრებს შორის.

შეინარჩუნეთ სისუფთავე

გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომლებს განცალკევებული ოფისები ან კაბინეტები არ აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ საერთო სივრცე ყველას თანაბრად ეკუთვნის. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენი მაგიდის სისუფთავე თქვენი ნებაა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისიც საერთო სივრცის ნაწილია. რეგულარულად გაასუფთავეთ სამუშაო მაგიდა მტვრისგან, ნუ დატოვებთ გასარეცხ ჭიქებს მეორე დღემდე და პირადი ნივთებიც წესრიგში იქონიეთ.

აუდიო გამღიზიანებლები

ღია ოფისში ხმა შორ მანძილზე მიდის. შესაძლოა, საუბარი ან მუსიკა თქვენ გსიამოვნებდეთ, ხოლო თანამშრომელს – ხელს უშლიდეს. ეცადეთ, გუნდის წევრები შეთანხმდეთ, რომ ერთმანეთი ისეთი ხმაურით არ შეაწუხონ, როგორიცაა აუდიოშეტყობინებების ხმამაღლა მოსმენა, ღიღინი, სტვენა, თითების ტკაცუნი თუ საღეჭი რეზინის ღეჭვის ხმა. ეს მცირე დეტალებიც კი შეიძლება მოქმედებდეს სხვა ადამიანზე და ხელს უშლიდეს მუშაობაში. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დღის სამუშაო პროცესი უხმო და მოსაწყენი უნდა იყოს, უბრალოდ, საამისოდ შესაბამისი დრო და მომენტი უნდა შეარჩიოთ.

სურნელი ოფისში

ადამიანებს სურნელის დამახსოვრება დიდი ხნით შეგვიძლია. სასიამოვნო სურნელი განწყობას ამაღლებს და სამუშაოს ხალისსაც მატებს. ამის გამო სპეციფიკურ არომატებს ხშირად იყენებენ ხოლმე. თუმცა სჯობს გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი მგრძნობიარეა სუნების მიმართ და მასზე მცირედი შემცველობაც მოქმედებს. იფიქრეთ ამაზე მაშინ, როდესაც თქვენთვის სასიამოვნო არომატის საერთო სივრცეში გამოყენებას გადაწყვეტთ, ან თუნდაც, სუნამოს მოიხმართ ერთობლივ სივრცეში. ტკბილმა სურნელმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება, თავისტკივილი, სურდო, სუნთქვის გაძნელება და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

მოერიდეთ სამუშაო მაგიდასთან ჭამას

დიახ, ჩვენც ძალიან გვიყვარს „სნექების“ ხრაშუნი, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო, ამის საერთო სივრცეში, სამუშაო მაგიდასთან კეთება ნამდვილად არ ღირს. ეს ღია ოფისის ეტიკეტს ეწინააღმდეგება: ერთი მხრივ, ეს თავად თქვენ გიქმნით არასამუშაო განწყობას, ასევე, საკვების სუნი გამღიზიანებელი ხდება სხვა თანამშრომლებისთვისაც. ამას გარდა, უხერხულობას შეგიქმნით ჭამის ხმა და ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, უბრალოდ, არასწორად გაგიგონ ეს ქცევა.

რეგულარულად გაანიავეთ სივრცე

ჰაერის გამოცვლა ერთიან სამუშაო სივრცეში მნიშვნელოვნად მოქმედებს გონების გადატვირთვაზე. ეს განტვირთვის საშუალებას აძლევს თანამშრომლებს და აფხიზლებს.

მოერიდეთ მენეჯერულ ცდუნებებს

ღია ოფისში გასათვალისწინებელ წესებს შორისაა მენეჯერული ქცევაც. ხელმძღვანელებს უმძაფრდებათ ცდუნება, რომ მეტისმეტად ამოწმონ თანამშრომლები და მიკრომენეჯმენტი გაუწიონ. ეს საკმაოდ უარყოფითად აისახება გარემოებაზე – შესაძლოა, ამის გამო გაგინაწყენდნენ, თანამშრომლებთან ურთიერთობა დააზიანოთ და საკუთარ ძირითად ფუნქციასაც მოწყდეთ. თანამშრომლებისადმი ნდობა მნიშვნელოვანია – ის ამყარებს ურთიერთობებს, გუნდის წევრებს პატივისცემას აგრძნობინებს და ნებისმიერი პრობლემის ბევრად პროდუქტიულ გადაჭრასაც უწყობს ხელს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კონტროლის ნაცვლად, როგორც მენეჯერს გმართებთ იზრუნოთ თქვენს გუნდზე, ამიტომ ღია სივრცე სასიკეთოდ გამოიყენეთ, მაგალითად, აუმაღლეთ მოტივაცია, შეუქმენით თანამშრომლებს კარგი განწყობა.

ეფექტური თანამშრომლობა

ღია სივრცის დიდი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ თანამშრომლები ერთმანეთს უშუალოდ ხედავენ და ურთიერთობაში შედიან. თუკი ზოგ შემთხვევაში ეს ნაკლია, რიგ შემთხვევებში უპირატესობად შეიძლება იქცეს. სწორედ ღია ტიპის ოფისი შეიძლება გახდეს ბრეინშტორმინგის, გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი წვის ადგილი. ერთ სივრცეში შეგიძლიათ თავი მოუყაროთ განსხვავებული კომპეტენციის ადამიანს, ესაუბროთ მათ იდეებსა და ამოცანებზე და ერთობლივად ეძიოთ გადაწყვეტა. ესაა თანამშრომლობის კულტურა, რომელიც გუნდის წევრებს ენერგიით ავსებს.

 

ჯერჯერობით, ეს რჩევებია. თქვენი გამოცდილება როგორია? რის გათვალისწინებას გვირჩევდით ღია საოფისე სივრცეში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

სავარაუდოდ, ინტერპლანეტარულ ცხოვრებას 200 წელში შევძლებთ

ნახეთ: ბრჭყვიალებითა და მელნით შექმნილი სამყაროს სიმულაცია