სილიკონის ველის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საიდუმლოს ფარდა ეხდება?! სემ ალტმანისა და ჯონ აივის საუბრები რაღაც ასეთზე მიგვანიშნებს. თვეების განმავლობაში მიმდინარე სპეკულაციების, ინფორმაციის გაჟონვისა და სავარაუდო ტექნიკური შეზღუდვების შემდეგ, ადასტურებენ, რომ OpenAI-ის პროექტი, რომელიც AI მოწყობილობის შექმნას გულისხმობს, სკეტჩებიდან და თეორიებიდან სამუშაო პროტოტიპებად გადაიქცა. ამგვარად, იდეა ჰიპოთეტური კი არა, უკვე ფიზიკური ფორმის მქონეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმაზე ბევრს ჯერ არაფერს ამბობენ.
ამაზე სან ფრანცისკოში Emerson Collective-ის Demo Day-ზე განაცხადეს და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დუეტი ერთად გამოჩნდა სცენაზე. სწორედ აქ გაამხილეს პირველად რომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადადეს მას შემდეგ, რაც OpenAI-მ წლის დასაწყისში აივის დიზაინის ფირმა LoveFrom io შეიძინა. ალტმანი კი უახლეს ნიმუშებს, „მარტივ, ლამაზ და მხიარულ“ პროტოტიპებად აღწერს და აღიარებს კიდეც, რომ წინა მცდელობები მათ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა:
ხოლო თავად აივმა, რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეფლის დიზაინში და რომლის დიზაინის ფილოსოფიამაც თანამედროვე სმარტფონის ვიზუალი განსაზღვრა, ისაუბრა რაღაც ისეთის შექმნის სურვილზე, რასთან შეხებაც მომხმარებლებს მოუნდებათ, მოწყობილობაზე, რომელიც თავისი ინტუიციურობით გამოირჩევა…
მართალია, დეტალებზე არცერთს უთქვამს რაიმე, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მინიშნება მაინც დაგვიტოვეს. OpenAI-ის მიზანია მშვიდი, მეტად ფოკუსირებული ხელსაწყოს შექმნა. სავარაუდოდ, მათი მოწყობილობა ტელეფონის ზომის იქნება, თუმცა, შესაძლოა, ეკრანი არ ჰქონდეს და აპლიკაციებისა თუ შეტყობინებების ნაცვლად, კონტექსტს ხმით იგებდეს. ოღონდ ეს მოწყობილობა კიდევ ერთი გაჯეტი კი არ იქნება, არამედ პერსონალური კომპიუტერების მუშაობის სპეციფიკას შეცვლის… ყოველი შემთხვევისთვის OpenAI-ის სურვილი ასეთია.











