Google Chrome-ს კიდევ ერთი, თუმცა ამჯერად საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა. OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბრაუზერი ChatGPT Atlas შემოგვთავაზა. როგორც ამბობენ, ჯერ macOS-ზე ჩაეშვება, შემდეგ კი Windows-ზე, iOS-სა და Android-ზე ვიხილავთ. მეტიც, ჩაშვებისთანავე უფასო ვერსიის ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ამგვარად, ბრაუზერები AI ინდუსტრიის საბრძოლო ველად ჩამოყალიბდა — თუ აქამდე Google Chrome დომინირებდა, ახლა AI ჩეტბოტებმა და აგენტებმა სრულად შეცვალა გზები, რომლითაც ადამიანები საქმეებს ონლაინ ასრულებენ. ამ ამბავში მალევე ჩაერთო AI ბრაუზერებიც, იქნება ეს Perplexity-ის Comet თუ Browser Company-ის Dia. პარალელურად კი, Google-მა და Microsoft-მაც განაახლეს Chrome და Edge ახალი AI ფუნქციებით…
რაც შეეხება უშუალოდ OpenAI-ის ახალ ბრაუზერს, აქ მომხმარებლებს საძიებო შედეგებისთვის ისევე მოუწევთ ჩატის გამოყენება, როგორც სხვა AI ბრაუზერების შემთხვევაში. ერთ-ერთი ფუნქციით კი ავტომატურად გაიაზრებს სისტემა ეკრანზე არსებულ კონტექსტს. ეს მცირე ცვლილებად კი შეიძლება გეჩვენებოდეთ, მაგრამ ასე ტექსტების კოპირების პროცესს აირიდებთ თავიდან და პროცესიც გამარტივდება.
ChatGPT Atlas-ს ბრაუზერის ისტორიაც ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩეტბოტს შეეძლება თქვენ მიერ ნანახი ვებგვერდებისა და განხორციელებული ქმედებების შენახვა, შემდგომში კი ამ ინფორმაციების გამოყენება თქვენთვის მეტად პერსონალიზებული პასუხების მისაღებად.
სავარაუდოდ, აქ AI აგენტიც დაგხვდებათ, რომელიც მომხმარებლის სახელით ვებდავალებების ავტომატიზაციისთვის იქმნება. თუმცა კონკურენტებს აჯობებს თუ არა და შემოგვთავაზებს კომპლექსური პრობლემების ავტომატიზაციას, ამას დრო გვაჩვენებს.
დარწმუნებით კი ის შეგვიძლია გითხრათ, რომ OpenAI-ის ბრაუზერს, Agent mode-ით ბრაუზერშივე პატარა დავალებების ჩვენ მაგივრად შესრულება შეეძლება. თუმცა თავიდან მხოლოდ Plus-ის, Pro-სა და Business-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სულ ეს არის, ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, რამდენად შეძლებს OpenAI-ის ახალი AI ბრაუზერი სამ მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე Google Chrome-ის დამარცხებას…












