OpenAI-მ ახლახან ჩაუშვა გუგლის საძიებო სისტემის მეტოქე ChatGPT Search. დიახ, SearchGPT-ის პროტოტიპის ევოლუციას ასახავს, რომელიც გასულ ზაფხულს წარმოგვიდგინეს. რაღა თქმა უნდა, OpenAI-ის ChatGPT პლატფორმაზეა აგებული და ისეა შექმნილი, რომ მომხმარებლებს კითხვებზე დროული პასუხები მიაწოდოს მრავალი ონლაინ წყაროდან.
ChatGPT Search-ს GPT-4o-ს მოდელი აძლიერებს და იგი ინფორმაციებსა თუ ფოტოებს ვებიდან შესაბამისი ბმულებით მოგვაწვდის. ჩეტბოტი პასუხებს ხან ჩვეულებრივ ჩამონათვალის სახით შემოგთავაზებთ, ხან კი შეაჯამებს. ეს ნაწილი უშუალოდ თემაზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, თუ მიმდინარე კვირის ღონისძიებები დაგაინტერესებთ, ჩეტბოტი შეჯამების სახით მოგაწვდით ონლაინ წყაროებზე დაფუძნებით პასუხს, ხოლო თუ რესტორნების შეთავაზებები, მაშინ ჩამონათვალს მოგაწვდით.
ხოლო ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებული კითხვებისთვის, ChatGPT ისეთ წყაროებს დაეყრდნობა, როგორებიცაა AP და Reuters.
კომპანიამ ChatGPT Search-ის გუგლში დამატების შესაძლებლობაც მოგვცა, რაც იმას ნიშნავს, რომ Chrome-ის ბრაუზერში თუ ჩეტბოტს დააყენებთ, ტრადიციული ძიების ნაცვლად, ChatGPT-ის საძიებო ველი გექნებათ, პასუხებს კი ამავე პლატფორმის ფორმატში ჩვეულებრივ მიიღებთ. ამის გამოცდა კი უკვე შესაძლებელია.
ხოლო ChatGPT Plus-ისა და Team-ის მომხმარებლები ChatGPT Search-ზე წვდომას მობილურსა და ვებზე მიიღებენ, OpenAI-ის Enterprise-ისა და Educational-ის მომხმარებლები კი მომდევნო კვირებში, რასაც მალე უფასო მომხმარებლებიც დაემატება.
OpenAI ამბობს, რომ იგი ძიების გაუმჯობესებასაც აპირებს, განსაკუთრებით კი ეს შოპინგისა და მოგზაურობის საკითხებს შეეხება — o1-ის მოდელები ამ მიმართულებით სიღრმისეულ პასუხებს გვპირდება. ამასთან, კომპანია ChatGPT Search-ში Advanced Voice Mode-ის ფუნქციის დამატებას გეგმავს…
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამომცემელი AI მიმოხილვების არსებობას აპროტესტებს, იქნება ეს OpenAI-ის თუ Google-ის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ე.წ. ტრაფიკზე ცუდად აისახება. მათი წუხილი არც უსაფუძვლოა, რადგან ერთ-ერთი კვლევის თანახმად, AI Overviews უარყოფითად ზემოქმედებს გამომქვეყნებელთა ტრაფიკის დაახლოებით 25%-ზე.