ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა დაუღალავი მკვლევარ-ასისტენტის ყოლა, რომელიც მონაცემებს წამებში შეაგროვებდა?! OpenAI-ის ChatGPT Edu მიზნად ისახავს, სწორედ ამ რეალობასთან დაგვაახლოოს, რაღა თქმა უნდა, მისი სუპერ შესაძლებლობების მქონე ინსტრუმენტის დანერგვით ფართო საზოგადოებაში. თუმცა დღეს მხოლოდ ამაზე არ გესაუბრებით, OpenAI for Nonprofits-საც განვიხილავთ, რომელსაც უკვე არაკომერციულ ორგანიზაციებს სთავაზობენ…
როგორც სახელი გვეუბნება, ChatGPT Edu ხელმისაწვდომ ხელოვნურ ინტელექტს სთავაზობს უნივერსიტეტებს, აწვდის ხელსაწყოებს სტუდენტებსა და მკვლევრებს, გვთავაზობს ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა კამპუსის ოპერაციებისთვის. ეს ინიციატივა კი უახლეს GPT-4o მოდელს ეფუძნება, რომელსაც მონაცემების გაანალიზებაც შეუძლია. თუმცა ამასთან, უსაფრთხოებასა და კონტროლს ჰპირდება მეწარმეებს.
შთაგონება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ChatGPT Enterprise, რომელსაც რამდენიმე უნივერსიტეტში ცდიდნენ, წარმატებული გამოდგა. ამგვარად, ChatGPT Edu იმისთვისაა შექმნილი, რომ განსხვავებული ამოცანების შესრულებაში დაგეხმაროთ. უფრო ზუსტად, პერსონალიზებულ სწავლებას შემოგვთავაზებს, რათა სტუდენტებს რეზიუმეს მიმოხილვაში, მკვლევრებს საგრანტო განაცხადების დაწერაში, ხოლო ფაკულტეტს ქულების დაწერასა და უკუკავშირის გაცემაში დაეხმაროს.
ხოლო არაკომერციული სექტორისთვის OpenAI for Nonprofits მიზნად ისახავს, ფილანტროპი მომხმარებლებისთვის AI შესაძლებლობები მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს. ხელსაწყოები აქ იმისათვის შეიქმნა, რომ პროდუქტიულობა და არსებული საზოგადოების მომსახურების პროცესიც გააუმჯობესოს, ისეთ გამოწვევებს გაუმკლავდეს, რომლებიც ოპერაციულ შეზღუდვებს, შეზღუდული დაფინანსებისა და პერსონალის დეფიციტის საკითხებს უკავშირდება.
ამასთან, ChatGPT არაკომერციულ ორგანიზაციებს საგრანტო განცხადებების შედგენაში დაეხმარება, მონაცემთა ანალიზსაც დაუხვეწავს და საკომუნიკაციო სტრატეგიასაც მოარგებს მრავალფეროვან აუდიტორიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ OpenAI for Nonprofits მომხმარებლებისთვის შესაძლებელს ხდის, უფრო მეტს ნაკლები რესურსით მიაღწიონ.
არაკომერციული ორგანიზაციები წვდომას ChatGPT Team-ზეც მიიღებენ, თანაც ფასდაკლებით, ხოლო უფრო დიდ არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, OpenAI-ის გაყიდვების გუნდს დაუკავშირდნენ, რათა ChatGPT Enterprise-ზე 50%-იანი ფასდაკლება მიიღონ. ასე კი იმიტომ იქცევიან, რომ OpenAI-მ იცის იმ ფინანსური შეზღუდვების შესახებ, რომლის წინაშეც ეს ორგანიზაციები ხშირად არიან.
აღნიშნული შეთავაზებები კომპანიის უახლეს მოდელებზე სთავაზობს მათ წვდომას, იქნება ეს GPT-4o, ადმინის ხელსაწყოები გუნდის მენეჯმენტისა თუ უსაფრთხოებისთვის, თანამშრომლობისთვის საჭირო ინსტრუმენტები თუ მრავალი სხვა. ამგვარად, არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, AI პროდუქტიულობის გასაზრდელად გამოიყენონ, ამოცანების ავტომატიზაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის. ამ ყველაფერს კი OpenAI იმიტომ სთავაზობს მათ, რომ სოციალური მისიები გააგრძელონ…