ახლახან OpenAI-მ განაცხადა, რომ სენსიტიურ საუბრებს პირდაპირ GPT-5-ზე გადაამისამართებს და მომდევნო თვის განმავლობაში მშობლებისთვის საკონტროლო ფუნქციებსაც დაამატებს — ეს მოზარდი ადამ რეინის თვითმკვლელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელმაც ChatGPT-სთან თვითდაზიანებასა და სიცოცხლის დასრულების გეგმების შესახებ ისაუბრა. ჩეტბოტმა კი თვითმკვლელობის კონკრეტული მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა…
ამ ფაქტის გამო რეინის მშობლებმა OpenAI-ს უჩივლეს. გასულ კვირას კი კომპანიამ თავისი სისტემის უსაფრთხოების ნაკლოვანებები აღიარა… ექსპერტები კი აღნიშნულს დიზაინის ფუნდამენტურ ელემენტებს მიაწერენ, რომლებიც მიდრეკილია, დაადასტუროს მომხმარებელთა განცხადებები და შემდგომი სიტყვების პროგნოზირების ალგორითმები, რის გამოც ჩეტბოტი საუბარს აგრძელებს და მას პოტენციურად საზიანო დისკუსიად არ აღიქვამს, რომელსაც, თავის მხრივ, გადამისამართება სჭირდება.
„მალე დავიწყებთ ზოგიერთი სენსიტიური საუბრის გადამისამართებას ისეთ დასაბუთების მოდელებზე, როგორიც GPT-5-ია, იმ შემთხვევებში, როდესაც სისტემა მწვავე დისტრესის ნიშნებს აღმოაჩენს, რათა ჩეტბოტმა უფრო სასარგებლო პასუხების მოწოდება შეძლოს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მოდელი აირჩია ადამიანმა თავდაპირველად“.
როგორც ამბობენ, GPT-5-ისა და o3-ის მოდელები უფრო დიდხანს ფიქრობს და იაზრებს კონტექსტს მანამ, სანამ მომხმარებლებს პასუხებს შესთავაზებს…
რაც შეეხება მშობლებისთვის საკონტროლო ფუნქციების გამოშვებას, მომდევნო თვიდან მათ თინეიჯერების ექაუნთებთან ელ.წერილის საფუძველზე შეეძლებათ დაკავშირება. ივლისში კი Study Mode-იც შემოგვთავაზეს, რათა ბავშვებს ჩეტბოტთან საუბრისას კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში დახმარებოდნენ. ამასთან, მალე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკონტროლონ, თუ როგორ პასუხობს ChatGPT მათი შვილების მოთხოვნებს.
ასევე, შეეძლებათ ჩატის ისტორიის დამახსოვრების ფუნქცია გაუთიშონ, ეს კი მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან The New York Times-ის ცნობით, ადამ რეინის შემთხვევაში, ChatGPT-მ მას ის თვითმკვლელობის მეთოდები შესთავაზა, რომლებიც მის ჰობებს აერთიანებდა.
კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ მშობლები მიიღებენ შეტყობინებას მაშინ, როცა თინეიჯერი შვილის ჩატში სისტემა დისტრესის ნიშნებს დაადგენს. აღნიშნულ ცვლილებებს, შესაძლოა, ჩეტბოტთან გატარებული დროის შეზღუდვაც დაემატოს…












