OpenAI-მ AI მოდელების ახალი ოჯახი GPT-4.1-ის სახელით გაგვაცნო, რომელშიც GPT-4.1-ის გარდა, GPT-4.1 mini-სა და GPT-4.1 nano-ს შეხვდებით. თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, კოდირება და ინსტრუქციების შესრულება საუკეთესოდ გამოსდის. OpenAI-ის API-ზეა ხელმისაწვდომი, თუმცა, არა ChatGPT-ში. მულტიმოდალურ მოდელებს 1 მილიონი ტოკენის კონტექსტური ფანჯარა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთბაშად 750 000 სიტყვასთან გამკლავება შეუძლია. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ეს „ომი და მშვიდობაზე“ დიდია…
ასე კი OpenAI კონკურენციას Google-სა და Anthropic-ს უწევს… მათი საერთო მიზანი იმგვარი AI კოდირების მოდელების შექმნაა, რომელთაც კომპლექსური პროგრამული ამოცანების შესრულება შეეძლება. OpenAI-ის აქვს ამბიცია, შექმნას „აგენტი პროგრამული ინჟინერი“, ამიტომაც გვპირდება, რომ სამომავლოდ მისი მოდელები აპლიკაციების სრულად დაპროგრამებას შეძლებს და ისეთ ამოცანებსაც გაუმკლავდება, როგორებიცაა ხარისხის შეფასება, ტესტირება და დოკუმენტების დაწერა. GPT-4.1 კი სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„GPT-4.1 რეალურ სამყაროში გამოსაყენებლად შევქმენით პირდაპირ უკუკავშირზე დაფუძნებით, რათა განვავითაროთ დეველოპერებისთვის საინტერესო სფეროები იქნება ეს მომხმარებლისთვის ხილული ნაწილის კოდირება, ნაკლები რედაქტირებები, სანდო ფორმატები, პასუხების სტრუქტურის დაცვა თუ სხვა რამ. მსგავსი გაუმჯობესებები დეველოპერებს საშუალებას მისცემს, შექმნან აგენტები, რომლებიც რეალურ სამყაროში უკეთესები არიან პროგრამულ ამოცანებში“, — განმარტავენ OpenAI-ში.
მათივე თქმით, ახალი მოდელი GPT-4o-სა და GPT-4o mini-საც სჯობნის კოდირებაში, მეტად ეფექტური, სწრაფი და იაფია. უფრო მეტი დეტალის გასაგებად კი შეგიძლიათ, OpenAI-ის ვებგვერდს ესტუმროთ.