ხელოვნური ინტელექტი ვითარდება და ამაში OpenAI-ის ახალი დიდი ენობრივი მოდელი GPT-4 Turbo-ც დაგარწმუნებთ. აქ მომხმარებლები თავიანთი მოთხოვნისთვის შესაბამისი კონტექსტის მისაცემად წიგნის 300 გვერდის დამატებას შეძლებენ. კომპანიამ ChatGPT-ის ახალი კონფიგურირებადი ვერსიისა და ახალი მაღაზიის შესახებაც განაცხადა, რომელიც მომხმარებლებზე მორგებულ ბოტებს წარმოგვიდგენს…
უფრო ზუსტად, მომხმარებლებს GPT-4 Turbo-ში 128 000 სიმბოლოს შეყვანა შეეძლებათ. იგი მეტად დახვეწილიც იქნება და თუ მაგალითად ChatGPT-4-ის ცოდნა 2021 წლის სექტემბრამდე იყო შეზღუდული, ახალი მოდელის შემთხვევაში 2023 წლის აპრილამდე გაფართოვდება. მოდელი მულტიმოდალურიცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია აუდიოსა და გამოსახულების მიღება და შემოთავაზება, რომელთა შორისაც DALLE-3 იქნება. თანაც დეველოპერებისთვის მოდელზე წვდომის ფასი GPT-4-ზე ნაკლებია…
ხოლო ჩეტბოტის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად კონკრეტული ამოცანებისთვის ინსტრუქციებს მიმართავდნენ და ყოველ ჯერზე ამის კოპირება უწევდათ, ახლა GPT ინსტრუქციებს შენახვას შესთავაზებს. შემდგომ კი ჩეტბოტს ეცოდინება, როგორ გამოიყენოს ისინი სამომავლო ამოცანებისთვის.
OpenAI აცხადებს, რომ იგი გამოუშვებს GPT Store-ს, რომელიც მომხმარებლების მიერ შექმნილ GPT-ებს შეიცავს — როგორც ამბობენ, სასარგებლო GPT-ებს სხვადასხვა კატეგორიაში მოაქცევენ, როგორებიცაა პროდუქტიულობა, განათლება ან უბრალოდ გასართობი რაღაცები. უფრო მეტიც, რაც უფრო ბევრი ადამიანი გამოიყენებს და გადმოწერს თქვენ მიერ შექმნილ პროდუქტს, ChatGPT მით უფრო მეტი ფულის გამომუშავების შესაძლებლობას მოგცემთ. დიახ, ასე ჩეტბოტი Apple-ის App Store-ისა და Google Play Store-ის ზოგიერთ ფუნქციას შესანიშნავად ითვისებს…
და რაც ყველაზე მთავარია, ახალი GPT-ები უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავს და ხელს შეუშლის ადამიანებს, გამოიყენონ იგი მავნე, საშიში და ტოქსიკური მიზნებისთვის…