OpenAI-მ თავისი ყველაზე განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემა, GPT-5.5 გამოუშვა. კომპანიის განმარტებით, ახალი მოდელი კოდირების აგენტ Codex-ს კიდევ უფრო გააძლიერებს. თუმცა, სიახლე მხოლოდ პროგრამირებით არ შემოიფარგლება – GPT-5.5 იმ ციფრული სამუშაოების ფართო სპექტრს დაფარავს, რომელთა შესრულებაც Codex-ს შეუძლია. წინა ვერსიებთან შედარებით, სისტემამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სამეცნიერო მიმართულებითაც, რაც ახალი ჰიპოთეზების გენერირებისა და მათი ტესტირების შემოქმედებით პროცესებში გამოიხატება.
კომპანიის ხედვით, GPT-5.5 აახლოებს იმ დროს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერზე რთული, მრავალეტაპიანი ამოცანების შესრულებას ადამიანის ჩარევისა და მითითებების გარეშე შეძლებს. ამას ადასტურებს Terminal-Bench 2.0-ის ტესტირების შედეგებიც, სადაც რთული ბრძანებების, დაგეგმვისა და ინსტრუმენტების კოორდინაციის შეფასებისას, ახალმა მოდელმა 82.7%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. ამ შედეგით მან აშკარად ჩამოიტოვა კონკურენტები: საკუთარი წინამორბედი GPT-5.4 (75.1%), Anthropic-ის Opus 4.7 (69.4%) და Google-ის Gemini 3.1 Pro (68.5%). გარდა ამისა, OSWorld-Verified-ის რეიტინგში, რომელიც ამოწმებს, შეუძლია თუ არა მოდელს კომპიუტერის დამოუკიდებლად მართვა, GPT-5.5-მა 78.7% აიღო, რითაც ოდნავ გაუსწრო Anthropic-ის Opus 4.7-ს (78%) და GPT-5.4-ს (75%).
OpenAI-ის მონაცემებით, მათი კოდირების აგენტის, Codex-ის მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ინსტრუმენტს ყოველკვირეულად უკვე 4 მილიონამდე დეველოპერი იყენებს. GPT-5.5 Codex-ს მისცემს საშუალებას, დაწეროს უმაღლესი ხარისხის კოდი და პროექტებს გამოცდილი, უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პრიზმიდან მიუდგეს. ამჟამად OpenAI ახალ სისტემას კოდირების ყველაზე ძლიერ აგენტურ მოდელად პოზიციონირებს. SWE-Bench Pro-ს ტესტირებაში, რომელიც GitHub-ზე არსებული რეალური პრობლემების გადაჭრას ზომავს, მოდელმა დავალებების 58.6% თავიდან ბოლომდე, ერთი ცდით წარმატებით შეასრულა. დეველოპერები, რომლებმაც სისტემა ადრეულ ეტაპზე გამოსცადეს, აღნიშნავენ, რომ GPT-5.5 ბევრად უკეთ აღიქვამს პროგრამული სისტემის ზოგად არქიტექტურას, ზუსტად ხვდება შეცდომის მიზეზს, პოულობს გამოსასწორებელ ადგილს და აანალიზებს, კიდევ რაზე შეიძლება იქონიოს გავლენა ამ ცვლილებამ.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, GPT-5.5 ეტაპობრივად ეშვება OpenAI-ის Plus, Pro, Business და Enterprise პაკეტების მფლობელებისთვის ChatGPT-ისა და Codex-ში. ამასთან, მოდელის კიდევ უფრო მაღალი სიზუსტის მქონე ვერსია – GPT-5.5 Pro, მხოლოდ Pro, Business და Enterprise მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.
წყარო: Fastcompany














