OpenAI-მ განაცხადა, რომ მისი ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის მოდელები თავდაპირველად მხოლოდ „სანდო პარტნიორების მცირე ჯგუფისთვის“ გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.
GPT-5.6-ის ახალი ოჯახი სამ მოდელს მოიცავს: Sol – კომპანიის ყველაზე ძლიერი და ფლაგმანური მოდელი, Terra – ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი უფრო დაბალანსებული ვერსია და Luna – სწრაფი და შედარებით ხელმისაწვდომი მოდელი.
მიუხედავად იმისა, რომ Sol OpenAI-ს ყველაზე მძლავრი მოდელია, აშშ-ის პრეზიდენტის, Donald Trump-ის ადმინისტრაციამ სამივე მოდელის საჯარო გამოშვებაზე შეზღუდვა დააწესა. OpenAI-ს განცხადებით, წინასწარი წვდომა მხოლოდ იმ პარტნიორებს ექნებათ, რომელთა მონაწილეობაც აშშ-ის მთავრობასთან არის შეთანხმებული.
რატომ ზღუდავს აშშ-ის მთავრობა A-მოდელების გამოშვებას
ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებზე კონტროლის გაძლიერება დაიწყო. ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც Anthropic-მა თავისი ყველაზე ძლიერი საჯარო მოდელი Fable 5 გამოუშვა, ადმინისტრაციამ კომპანიას მოსთხოვა, მასზე წვდომა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შეეზღუდა. შედეგად, Anthropic-მა მოდელი მთლიანად მოხსნა.
ამ შემთხვევამ გააჩინა დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს AI-მოდელების გამოშვებაზე. პრეზიდენტ ტრამპის ახალი ბრძანება კომპანიებს მოუწოდებს, ყველაზე ძლიერი AI-მოდელები გამოშვებამდე 30 დღით ადრე მთავრობისთვის შესაფასებლად წარადგინონ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას უსაფრთხოების მკაფიო სტანდარტები ჯერ არ აქვს განსაზღვრული. შედეგად, ახალი მოდელების გამოშვება შესაძლოა გაურკვეველი ვადით გადაიდოს, რაც, ერთი მხრივ, ჩინეთს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს, ხოლო მეორე მხრივ, AI-ინფრასტრუქტურაში ჩადებულ მილიარდობით დოლარის ინვესტიციასაც დააზარალებს.
OpenAI: ეს არ უნდა გახდეს მუდმივი პრაქტიკა
მიუხედავად იმისა, რომ OpenAI-მ მთავრობის მოთხოვნა შეასრულა, არსებული მიდგომით კმაყოფილი არ არის. მისი თქმით, მსგავსი პროცესი „გრძელვადიან სტანდარტად არ უნდა იქცეს“, რადგან ის უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომას უზღუდავს მომხმარებლებს, დეველოპერებს, ბიზნესს, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
რა შეუძლია GPT-5.6 Sol-ს
OpenAI-ის განცხადებით, GPT-5.6 Sol კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მოდელია.
იგი გაუმჯობესებულია პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მოდელს დაემატა Max-რეჟიმი, რომელიც უფრო ღრმა ანალიზისთვისაა განკუთვნილი და Ultra-რეჟიმი, რომლითაც რამდენიმე ქვეაგენტის კოორდინირებული მუშაობით განსაკუთრებულად რთული ამოცანები სრულდება. მოდელი სპეციალურად არის გაძლიერებული კიბერშეტევებისა და უსაფრთხოების სხვა დარღვევევბისგან დასაცავად.
როდის გახდება GPT-5.6 ყველასთვის ხელმისაწვდომი
ამ ეტაპზე GPT-5.6-ის მოდელები მხოლოდ პარტნიორების შეზღუდულ ჯგუფს მიეწოდება, თუმცა OpenAI აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ეტაპობრივად ChatGPT-ს, Codex-ისა და API-ს მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.














