OpenAI GPT-ებისთვის მაღაზიის გახსნას გეგმავს, აპლიკაციებისთვის, რომლებიც ტექსტის გენერირების AI მოდელებს ეფუძნება. დეველოპერებს კი, რომლებიც GPT-ებს ქმნიან, მოუწევთ, კომპანიის განახლებულ პოლიტიკასა და GPT-ის სახელმძღვანელო წესებს გადახედონ. თავიანთი მომხმარებლის პროფილის ვერიფიცირებაც დასჭირდებათ და იმის უზრუნველყოფაც, რომ მათი GPT-ები საჯაროა.
მართალია, ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს OpenAI-ის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენცია DevDay-ზე განაცხადეს, მაგრამ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ამბების გამო, პროცესი შეფერხდა…
საინტერესოა ისიც, რომ GPT-ები კოდირების გამოცდილებას არ მოითხოვს და ისეთი მარტივი ან კომპლექსურია, როგორსაც დეველოპერი ისურვებს. მაგალითისთვის, შესაძლოა, GPT რეცეპტების წიგნზე გაიწვრთნას და უპასუხოს კითხვებს კონკრეტული კერძისთვის საჭირო ინგრედიენტებზე.
ამასთან, დეველოპერებს შეუძლიათ, მარტივად აკრიფონ ის შესაძლებლობები, რომლებიც სურთ, თავიანთ GPT-ის ჰქონდეს. შემდგომ კი GPT Builder-ის ხელსაწყო ეცდება, გააკეთოს AI ჩეტბოტი, რომელიც ამ ყველაფერს მოახერხებს. რაც შეეხება მონეტიზაციის საკითხს, ჯერ კიდევ ნოემბერში აცხადებდნენ, რომ ამისთვის რაიმე გეგმა არ ჰქონდათ, უფრო მეტი დეტალი კი მომავალ კვირაში OpenAI-ის App Store-ის ჩაშვებისას გახდება ცნობილი.