ცოტა ხნის წინ OpenAI-მ ახალი ამბავი გვამცნო — AI დაქირავების პლატფორმის შექმნას აპირებს, რათა ბიზნესები და თანამშრომლები ერთმანეთს დაუკავშიროს. OpenAI Jobs Platform 2026 წლის შუა პერიოდში გამოვა და ლინკდინის კონკურენტთა რიგებშიც მოექცევა — „კომპანია გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა საუკეთესოდ დააწყვილოს ბიზნესის საჭიროებები და თანამშრომელთა შეთავაზებები ერთმანეთთან“.
მეტიც, აღნიშნული სერვისი მცირე ბიზნესებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს სპეციალურ ხელსაწყოებს შესთავაზებს, რომლებიც მათ ტოპ ტალანტების მოზიდვაში დაეხმარება.
როგორც უკვე გითხარით, ასე OpenAI-ის დასაქმების პლატფორმა ლინკდინის პირდაპირი კონკურენტი ხდება, რომელიც, თავის მხრივ, სხვებთან ერთად, რეიდ ჰოფმანმა დააფუძნა. ამასთან, ლინკდინი მაიკროსოფტის საკუთრებაა, რომელიც OpenAI-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მხარდამჭერს წარმოადგენს…
OpenAI სერიფიკატებსაც გასცემს იმ ადამიანებზე, რომლებიც OpenAI Academy-ის ონლაინ პროგრამაში AI-ის ცოდნის გარკვეულ დონეებს აიღებენ. სერტიფიკატების საპილოტე ვერსიას კი წლის ბოლოსთვის უნდა ველოდეთ.
რაღა თქმა უნდა, ამ ამბავსაც ახლავს შეშფოთებები. ზოგი ფიქრობს, რომ AI მრავალ ტრადიციულ პროფესიას შეუქმნის საფრთხეს — Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, 2030 წლამდე საწყისი დონის ე. წ. თეთრსაყელოიანი სამუშაო ადგილების რაოდენობა 50%-ით შეამციროს. საინტერესოა, რომ ამას არც OpenAI უარყოფს… თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიას აქვს უნარი, დააკავშიროს AI-ის მცოდნე ადამიანები კომპანიებთან, რომელთაც სწორედ მათი უნარები სჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ის ავტორი ახლა Walmart-თან მუშაობს სასერტიფიკატო პროგრამაზე, ანუ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო სექტორთან მსოფლიოში, და 2030 წლისთვის 10 მილიონი ამერიკელის სერტიფიცირებას აპირებს. თუმცა მანამდე ალტმანი და ტექნოლოგიური სფეროს სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ტრამპთან შეხვედრას აპირებენ…













