სხვაგვარად რომ ვთქვათ, OpenAI-მ DeepSeek-ს პასუხის გასცა და ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ახალი o3-mini დაამატა. ძლიერ და ხელმისაწვდომ მოდელად აღწერს და გვეუბნება, რომ: „ახალი მოდელის ჩაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე AI-ის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“.
სხვა დიდი ენობრივი მოდელებისგან განსხვავებით, o3-mini საფუძვლიანად ამოწმებს ფაქტებს მანამ, სანამ მომხმარებელს შედეგებს შესთავაზებს. ეს კი იმ ხარვეზების თავიდან აცილებაში გვეხმარება, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება სხვა AI მოდელებში. თუმცა ამის ხარჯზე, პასუხების შემუშავებისთვის ცოტა მეტი დრო სჭირდება, სამაგიეროდ, მეტად სანდოა. ოღონდ ფიზიკაში ცოტათი მოიკოჭლებსო, ამბობენ…
მიუხედავად ამისა, STEM პრობლემებს იდეალურად უმკლავდება, განსაკუთრებით პროგრამირებას, მათემატიკასა და მეცნიერებას. OpenAI გვიმტკიცებს, რომ o1 ოჯახის მოდელების დონისაა, თუმცა კიდევ უფრო სწრაფია და ნაკლები ღირს. მაგალითისთვის o1-mini მოდელის ნახევარი დრო სჭირდება პასუხის გასაცემად და 39%-ით ნაკლებ შეცდომას უშვებს რთულ შეკითხვებზე.
„მართალია, o1 რჩება ჩვენი ფართო ზოგადი ცოდნის მქონე დასაბუთების მოდელად, მაგრამ o3-mini ტექნიკური დომენების სპეციალურ ალტერნატივას გვთავაზობს, რომელიც სიზუსტესა და სიჩქარეს მოითხოვს. o3-mini-ის ჩაშვება კიდევ ერთი ნაბიჯია OpenAI-ის მისიისკენ, გავარღვიოთ ხარჯთეფექტური მოდელების საზღვრები“, — ვკითხულობთ OpenAI-ის პრესრელიზში.
o3-mini ხელმისაწვდომი იქნება ChatGPT-ის ყველა მომხმარებლისთვის, მაგრამ მომხმარებლები, რომლებიც ChatGPT Plus-ისა და Teams-ის გამომწერები არიან, დღეში უფრო მეტ, 150 მოთხოვნის ლიმიტს მიიღებენ. ChatGPT Pro-ს მომხმარებლებს კი OpenAI-ის ახალი მოდელით სარგებლობა ულიმიტოდ შეეძლებათ.