OpenAI-მ დახურა თავისი ვიდეოგენერაციის AI-აპლიკაცია Sora, რომელიც დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა იყო რეალისტური ვიდეოების შექმნის შესაძლებლობის გამო.
ამავე დროს, კომპანია წყვეტს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარიან კონტენტპარტნიორობას გასართობი ინდუსტრიის გიგანტ Disney-სთან.
OpenAI-მ განაცხადა, რომ Sora-ს დახურვის გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს სხვა მიმართულებებზე, მათ შორის რობოტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს რეალურ, ფიზიკურ ამოცანებში ადამიანების დახმარებას.
კომპანიის ინფორმაციით, Sora-ს დახურვასთან ერთად შეწყდება როგორც მომხმარებლებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, ასევე ის ონლაინპლატფორმა, რომელსაც პროფესიონალები ვიდეოების გენერაციისთვის იყენებდნენ. შედეგად, OpenAI აღარ გააგრძელებს ვიდეოგენერაციის ტექნოლოგიების განვითარებას.
კომპანია გეგმავს სხვა ტიპის მოწინავე AI-ტექნოლოგიებზე მუშაობას, მათ შორის „აგენტურ“ სისტემებზე, რომლებსაც შეუძლიათ ამოცანების დამოუკიდებლად შესრულება მინიმალური ადამიანური ჩარევით. ასევე იგეგმება ვიდეოგენერაციისთვის გამოყენებული ტექნოლოგიების რობოტების ტრენინგში გამოყენება.
ChatGPT-ს გამოსახულების შექმნის ფუნქციებზე ეს ცვლილება არ აისახება.
Sora პირველად 2024 წელს წარადგინეს და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ვიდეოების მაღალი ხარისხის გამო. თუმცა მალევე გაჩნდა კითხვები მისი კომერციული წარმატების შესახებ.
მონაცემების მიხედვით, Sora-მ გლობალურად მხოლოდ 1.4 მილიონი დოლარის წმინდა შემოსავალი გამოიმუშავა, მაშინ როცა ChatGPT-ს შემოსავალი იმავე პერიოდში 1.9 მილიარდ დოლარს აღწევდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, პლატფორმას ჰქონდა სერიოზული პრობლემები მონეტიზაციაში და ასევე უჭირდა არასანქცირებული კონტენტის, დეზინფორმაციისა და საავტორო უფლებების დარღვევის პრევენცია. ექსპერტების აზრით, კომპანია ცდილობს შეამციროს ხარჯები იმ პროექტებზე, რომლებიც საკმარის შემოსავალს არ იძლევა.
2024 წლის დეკემბერში Disney გახდა პირველი დიდი სტუდია, რომელმაც OpenAI-ს მისცა საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების უფლება AI ვიდეოინსტრუმენტებში. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ ვიდეოების შექმნა Disney-ს პერსონაჟებით.
ეს შეთანხმება აღიქმებოდა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და ჰოლივუდს შორის თანამშრომლობაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ადრე სტუდიები სასამართლოში უჩიოდნენ AI-კომპანიებს მათი კონტენტის გამოყენების გამო. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში ფინანსური ტრანზაქციები რეალურად არ განხორციელებულა.
ამავდროულად, AI-ვიდეოგენერაციის ბაზარზე Sora-ს კონკურენცია გაიზარდა. მათ შორის არის ჩინური პლატფორმა Seedance, რომელმაც ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა მისი გამოყენებით შექმნილი რეალისტური ვიდეოები ჰოლივუდის პერსონაჟებით.













