ამბავი ასეთია: მომხმარებელთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად Opera-მ პირველი ვებბრაუზერი შემოგვთავაზა, ამ საქმეში U.N.N.A.M.E.D. დაიხმარა და იგი Opera Air-ის სახელით გაგვაცნო. ჩათვალეთ, რომ ციფრულ სამყაროში სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.
Opera Air იმით გამოირჩევა, რომ ბრაუზერში Mindfulness-ის ხელსაწყოთა კომპლექსი აქვს ჩაშენებული, რითაც მომხმარებლებს წვდომა აძლევს ფუნქციებზე, რომლებიც მენტალურ სიცხადესა და ფოკუსირებაში დაეხმარებათ. მათ შორისაა Take a Break-ის ფუნქციაც, რომელიც ბრაუზერის გვერდით გვხვდება და სუნთქვით ვარჯიშებს, კისრის გაჭიმვასა თუ მედიტაციის სესიებს გვთავაზობს.
რაღა თქმა უნდა, ეს სავარჯიშოები მომხმარებლებისთვის სტრესის მოსახსნელად შეიქმნა, ფიზიკური დაძაბულობისგან გასათავისუფლებლად და ფოკუსირებაში დასახმარებლად. ეს ამბავი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება, თუ დღევანდელ სამყაროში ბრაუზერის მნიშვნელობას გავიაზრებთ. Opera-ს პროდუქტების ხელმძღვანელი მოჰამედ სალაჰიც ამაზე საუბრობს: „ბრაუზერის როლი ამაზე დიდი არასდროს ყოფილა — ესაა სივრცე, სადაც ვმუშაობთ, ვშოპინგობთ, ვერთობით და ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს“.
ოპერას კვლევიდან გაიგეს, რომ მომხმარებლები კომპიუტერის გამოყენებისას სტრესს განიცდიდნენ, Opera Air კი სწორედ ამის საპასუხოდ შეიქმნა, პლატფორმა ჩამოაყალიბეს ისე, რომ მომხმარებელს ემოციების გაცნობიერებაში დაეხმაროს და ასე სტრესი თუ გამოფიტვაც აარიდოს თავიდან.
საინტერესოა Boosts-ის ფუნქციაც, გარემოს ხმებსა და ბინაურულ რიტმს გვთავაზობს, რათა კონცენტრაციასა თუ რელაქსაციაში დაგვეხმაროს. თანაც, პერსონალიზებულ გამოცდილებას გვპირდება და ჩვენსავე საჭიროებებთან ადაპტირდება.
რაც შეეხება Opera Air-ის დიზაინის ფილოსოფიას, მარტივად ამოიცნობთ სკანდინავიურ მინიმალიზმს. ამაზე კი უკვე U.N.N.A.M.E.D.-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი რობერტ ლინდგრენი საუბრობს:
„დიზაინის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ბევრი შემოქმედებითი გზა და მეტაფორა გამოვიკვლიეთ, რათა ჰაერის, სივრცისა და რელაქსაციის ცნება გაგვეცოცხლებინა. Opera Air-ზე ყოველთვის სიცხადის კუთხით ვფიქრობდით, რაც უფრო მეტ ხმაურს მოვაშორებდით, მით უფრო მკაფიო გახდებოდა იგი. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, ეს ბრაუზერშიც ამოეკითხათ“.
ამგვარად, Opera-ში ფიქრობენ, რომ ახალი ბრაუზერი, როგორც ფუნქციური, ისე დიზაინის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას და თუ, რამდენად მოხდება ასე, თავად შეგიძლიათ, გამოცადოთ.