in

Opera-ს ახალ AI ბრაუზერს კოდის წერა და თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა შეუძლია

შეიძლება აქამდე ფიქრობდით, რომ ვებბრაუზერები მხოლოდ სქროლვისთვის იყო, მაგრამ ახლა Opera ამ საკითხზე ხელახლა დაგაფიქრებთ. თავის ექსპერიმენტულ Neon-ის ბრაუზერს გვაცნობს, რომელიც გაჯერებულია ხელოვნური ინტელექტით. სულ პირველად იგი ნორვეგიულმა კომპანიამ 2017 წელს, როგორც დიზაინის კონცეფცია, ისე გაგვაცნო, ახლა კი მას „აგენტურ ბრაუზერად“ წარადგენს. 

როგორც ამბობს, იმაზე ბევრად მეტი რამ შეუძლია, ვიდრე უბრალოდ ვებგვერდების ჩვენებაა. ფორმებს შეავსებს, მოგზაურობებს დაჯავშნის, რეპორტებს დააგენერირებს და თუ დაგჭირდებათ, კოდსაც კი დაგიწერთ. თანაც, ამ ყველაფერს ბრაუზერშივე გააკეთებს. 

Neon-ის AI ხელსაწყოთა ნაკრები სამი მთავარი ფუნქციის ირგვლივ ჩამოყალიბდა: Chat, Do & Make:

Chat-ის ფუნქცია მომხმარებლებს AI-სთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს, რომელსაც, თავის მხრივ, შეუძლია, უპასუხოს კითხვებს ვებგვერდების შესახებ, შეაჯამოს კონტენტი და ჩაატაროს კვლევა. Do კი ისეთ ამოცანებს უმკლავდება, როგორებიცაა ონლაინ შესყიდვების განხორციელება და ფორმების შევსება, როცა Make უკვე კრეატორთა ტერიტორიაზე აბიჯებს — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Neon-ს ვებგვერდებისა და თამაშების შექმნა, კოდის გენერირება ან მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე რეპორტების გაკეთება მოსთხოვონ.

Opera-ს თქმით, Neon-ის AI აგენტები საკმარისად ჭკვიანია იმისათვის, რომ ღრუბელშივე იმუშაოს მაშინაც კი, როცა მომხმარებლები Offline რეჟიმში გადიან…

კომპანია Neon-ს პრემიუმ პროდუქტად გვაცნობს და, მართალია, ფასები ჯერ არ გაუმხელიათ, მაგრამ წვდომა გამოწერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის კი მომხმარებლებს შეუძლიათ, მომლოდინეთა რიგებში ჩაეწერონ.

აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი ოპერას ზოგად მისწრაფებას ესადაგება AI პროდუქტების მიმართ. თუ მანამდე Opera Air გააცნო მომხმარებლებს, ახლა სურს მათ დაუმტკიცოს, რომ ბრაუზერის პროაქტიული ამოცანების შესრულების სივრცედ ქცევა შეუძლია. ისიც, მართალია, რომ აქამდე AI ფუნქციები Microsoft-მაც გაგვაცნო Edge-ის ბრაუზერში, მაგრამ Neon მისგან იმით გამოირჩევა, რომ AI ფუნქციები კი არ დაამატა, არამედ ხელოვნური ინტელექტი მის ბირთვშივე ჩააშენა.

„კაცებო, დროა ჩვენც მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა!” – ელიტისა და ბოშის ერთობლივი კამპანია

როგორ გავატაროთ 1 ივნისი – თიბისი კონცეპტის გზამკვლევი