მათ, ვინც დედაქალაქში ჩამოსვლას, ოპერის თეატრში სპექტაკლებზე დასწრებასა და საოპერო ხელოვნების გაცნობას ვერ ახერხებს, 11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში სპექტაკლების ადგილზე მოსმენისა და ნახვის საშუალება ექნებათ. ყველაფერი ეს კი პროექტის “ოპერა რეგიონებში” ფარგლებში მოხდება და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ ოპერას ნახავს და მოისმენს.
საოპერო წარმოდგენები რეგიონებში 11 სექტემბრიდან დაიწყება და პირველი სპექტაკლი ქალაქ ბათუმში,ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართება. შემდეგ უკვე სპექტაკლი სხვა რეგიონებსაც “მოივლის”, მაგალითად, 14 სექტემბერს მუსიკოსები ზუგდიდში გადაინაცვლებენ და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სალონურ ოპერას წარმოადგენენ. 15 სექტემბერს კი სპექტაკლი ჭიათურაში, ა. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. საინტერესოა, რომ სპექტაკლი ისეთ ადგილებსაც მოივლის, როგორიც დავუშვათ პანკისის ხეობაა – აქ საოპერო წარმოდგენა დუისის კულტურის სახლში 18 სექტემბერსაა დაგეგმილი. 19 სექტემბერს მუსიკოსები ნიქოზში ჩავლენ და შიდა ქართლის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის კულტურის ცენტრში წარმოდგენას გამართავენ. ბოლოს კი, კამერული ოპერის ტური რეგიონებში 24 სექტემბერს ახალქალაქში, კულტურის სახლში დასრულდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თქვათ, პროექტი “ოპერა რეგიონებში” საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. იგი საოპერო ხელოვნების გაცნობას ემსახურება იმ მოსახლეობისთვის, ვისაც დედაქალაქში ჩამოსვლის და ოპერის თეატრში სპექტაკლებზე დასწრების საშუალება არ აქვს.
ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი” სწორედ ის სპექტაკლია, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ვენის “ფოლქსთეატრის” მცირე სცენაზე დადგა, მანამდე კი, ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონში “სალონურ ოპერაში” და ბრატისლავაში “ზიჩი პალასში” იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთვის კამერული, ე.წ. სალონური ოპერა ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს. სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: ვენიდან (ავსტრია) სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, აგრეთვე ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან. საქართველოდან მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე. კამერული ოპერის გარდა, სპექტაკლის მეორე ნაწილში მუსიკოსები ასევე შეასრულებენ საოპერო და კლასიკურ ნაწარმოებებსაც.
ოპერა “ტელეფონი”
ჯან კარლო მენოტის კომიკური ოპერა „ტელეფონი“ (The Telephone, L’amour à Trois), პირველად ნიუ იორკში, 1947 წელს დაიდგა. ის ტექნოლოგიის მზარდი როლის წინასწარმეტყველი აღმოჩნდა. ბენი ესტუმრება თავის მეგობარ გოგონას, ლუსის, იმ განზრახვით, რომ ცოლობა სთხოვოს, მაგრამ მისი ყველა მცდელობა, როგორმე ლაპარაკი ჩამოაგდოს ამ თემაზე, წარუმატებლად მთავრდება, რადგან ლუსი განუწყვეტლივ ლაპარაკობს ტელეფონზე. ბენი ყველაფერს აკეთებს, რომ ლუსის ყურადღება მიიპყროს, მაგრამ ამაოდ. ერთხელაც ის ეცდება, „შეებრძოლოს“ ტელეფონს, როგორც თვითონ ამბობს „თავდაცვის მიზნით“. ბოლოს და ბოლოს, ის ბინას ტოვებს, გარედან ურეკავს ლუსის და სთხოვს მას ხელს, რაზეც ლუსი თანხმდება. ტელეფონის როლს ცოცხალი მსახიობი ასრულებს – ეს კი რეჟისორის მიერ შემოტანილი ინოვაციაა. ლონდონში, ვენასა და ბრატისლავაში მის მიერ დადგმულ ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად.
პროექტის ორგანიზატორია “ფონდი რედლაბი”.