აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), ფოთში, ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობას აფინანსებს. OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა.
„ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, $50 მილიონით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დეივიდ ბოჰიგიანი OPIC-ის პრეზიდენტი/აღმასრულებელი დირექტორი; კენეტ ენჯელი OPIC-ის მმართველი დირექტორი; აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, PACE INTERNATIONAL-ის პრეზიდენტი სოსო დოლიძე, PACE GEORGIA-ს გენერალური დირექტორი ირაკლი თათეიშვილი და Wings & Freeman-ის წარმომადგენელი კარლო გოგინავა“.
PACE GEORGIA-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული თანხა OPIC-ის მიერ საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში ერთ ცალკეულ პროექტზე დამტკიცებული უმსხვილესი სესხია. პროექტის მთლიანი ღირებულება $120 მილიონს შეადგენს, ინვესტიციის პირველი ფაზის მოცულობა 93 მილიონი დოლარია, საიდანაც $50 მილიონი OPIC-მა გამოყო.
„ახალი, ულტრათანამედროვე ტერმინალი 25 ჰა მიწის ფართობზე განთავსდება. ნავსადგურის აკვატორია 12 მეტრამდე გაღრმავდება, რის შედეგადაც პორტი 253 მეტრამდე სიგრძისა და 50,000 ტონამდე ტვირთწარმოების გემების მიღებას შეძლებს. „პეის ტერმინალის“ პროექტის დასრულების შემდეგ, ფოთის ახალ ნავსადგურში მოწყობილი, ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტისა და ტერმინალის კომპლექსი „პეის ჯგუფის“ საპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს. „პეის ჯგუფის“ ტვირთგამტარიანობა 2.5 მილიონი ტონით გაიზრდება და კომპანიის არსებული წლიური ტვირთბრუნვის მოცულობას თითქმის გააორმაგებს. „პეის ტერმინალის“ პროექტის შედეგად, ფოთის ტერმინალი გახდება უნიკალური და მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება – აცხადებენ PACE GEORGIA-ში.
[R]