in

Opinel – ფრანგი მჭედლის საუკუნოვანი მემკვიდრეობა და უკვდავი დიზაინი

ბრენდი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საუკუნოვანი ისტორია დაწერეს. Opinel-ის დროის ათვლა 1890 წლიდან იწყება. ფრანგული ბრენდი ხის სახელურიანი დანების წარმოებითაა დაკავებული და ყოველწლიურად, დაახლოებით, 15 მლნ დანას ყიდის. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ მის ჩამოყალიბებაზე მოგიყვებით.

კომპანიის დაფუძნება ჟოზეფ ოპინელს უკავშირდება. ის მჭედლის ოჯახში დაიბადა და პირველი დანებიც სწორედ იქ აწარმოა, სან-ჟან დე მორიენში. ოპინელს სურდა შეექმნა მარტივი დანა, რომელიც კომფორტული და მოსახერხებელი იქნებოდა გამოსაყენებლად. დანა მოსახერხებელი აღმოჩნდა მომუშავე ადამიანებისთვის და მათ ყოველდღიურ აქსესუარად იქცა.

1565 წელს, საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის ბრძანებით, მჭედლები ვალდებულები იყვნენ პროდუქტებში მეფის ემბლემა დაემატებინათ, რაც ხარისხისა და წარმოშობის სიმბოლო იქნებოდა. ეს ვალდებულება ჟოზეფსაც უნდა შეესრულებინა. მან გადაწყვიტა დანებზე გვირგვინოსანი ხელი დაეხატა. ეს გახლდათ წმ. ჟან-ბაპტისის „მაკურთხებელი ხელი“, ასევე, დაამატა გვირგვინი. მას შემდეგ, Opinel-ის თითოეულ პროდუქტზე გამოხატულია სიმბოლო გვირგვინიანი ხელით.

თავდაპირველად, Opinel-ის დანას მხოლოდ ოთხი კომპონე ნტი ჰქონდა: დანა, სახელური, წვერი და მოქლონი. 1955 წელს, მარსელ ოპინელმა დანის უსაფრთხოების გაუმჯობესება განიზრახა და Virobloc სისტემა გამოიგონა. მან დაამატა მბრუნავი საკეტი, რომელიც დანას ღია პოზიციაში კეტავდა. იდეა მარტივი იყო, თუმცა განხორციელება რთული აღმოჩნდა. 1990-იან წლებში Virobloc სისტემა შეიცვალა, რათა პირი ჩაკეტილიყო დახურულ მდგომარეობაში. 2000 წლისთვის, დაცვის ეს მოდელი Opinel-ის ყველა დანას დაემატა.

Opinel-ის დანების ლეგენდარული დიზაინი არის ტრადიციასა და თანამედროვეობის ბალანსი. მათი გამოყენება შესაძლებელია ყველანაირ ყოველდღიურ საქმიანობაში. კლასიკური Opinel დანა ფუნქციური დიზაინის სიმბოლოა, ყოველგვარი მდიდრული გაფორმების გარეშე.

Opinel-ის პოპულარიზაცია რამდენიმე ცნობილ ადამიანს უკავშირდება. მაგალითად, პიკასომ ის თავისი ქანდაკებების შექმნისას გამოიყენა, მკვლევარი როჯერ ფრისონ-როხი მის გარეშე არსად დადიოდა, ფრანგი მეზღვაურ ერიკ ტაბარლის სიკვდილის წინაც ოპინელის დანა ეჭირა ხელში. ოპინელი ნახსენები აქვთ მწერლებს ჟაკ ლანცმანს, მიშელ დეონს, ჟერარდ დე ვილიესა და ჟან დუტურს.

დღესდღეობით, Opinel-ს მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, ყოველ ათ წამში ერთხელ ყიდულობენ. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მისი დიზაინი უცვლელი და წარმატებულია. 1985 წელს ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმმა Opinel-ის დანა აღიარა მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე 100 პროდუქტს შორის, Rolex-ის საათისა და Porsche 911-ის გვერდით.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

CALEN AI: „სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია, მზად იყვნენ შეცდომებისთვის და ისწავლონ მათზე“

Apple მესის ამერიკულ დებიუტს მარტივი და კრეატიული ბილბორდით აღნიშნავს