6
Aug
2019

როგორია თანამშრომლებზე მორგებული სამუშაო გარემო? – OPPA-ს კორპორაციული კულტურა

6 Aug 2019

“აი, Google-ის ოფისში გასართობი ოთახი ცალკე აქვთ, მაცივარი კი სულ სავსეა თანამშრომლებისთვის უფასო საკვებით…” – ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, იდეალური სამუშაო გარემოს აღსაწერად, ამ ან სხვა მაგალითს, ალბათ, გაიგონებდით. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კომფორტული სამუშაო გარემო? იქნებ, ეს თქვენთვის მეტ თავისუფლებას ნიშნავს, განტვირთვის, შემოქმედებითად მუშაობის შესაძლებლობას? მიღებული სტანდარტი, რომ დაქირავებული თანამშრომელი უსათუოდ სტატიკური გრაფიკით და უსათუოდ, კონკრეტულად მისთვის გამოყოფილ სავარძელზე უნდა იმყოფებოდეს მთელი სამუშაო დროის განმავლობაში, თანდათანობით, წარსულის ნაწილი ხდება და მის ადგილს კორპორაციული კულტურის გაცილებით უფრო მოქნილი მიდგომები იკავებს. დატვირთულმა თანამედროვე რიტმმა, რომელიც თანამშრომლებზე სტრესულად აისახება, დამსაქმებლები მიიყვანა აზრამდე, შეექმნათ მეტი კომფორტი გუნდის წევრებისთვის. საერთაშორისო არაერთი კვლევითაც დასტურდება, რომ ბედნიერი თანამშრომელი საქმეს გაცილებით უფრო პროდუქტიულად ასრულებს. საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა ბოლო წლებში, საქართველოშიც აქტიურად დაიწყო და თუკი, ახლო წარსულში, თავისუფალი სამუშაო გარემოს აღსაწერად უცხოური კომპანიების მაგალითები მოგვყავდა, დღეს, საუბარი ქართული კომპანიების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფინტექ კომპანია “ოპპას” ქეის სთადის საფუძველზეც შეგვიძლია.

ცოტა რამ  OPPA-ს შესახებ

“ოპპა” (ადრე სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ქართულ ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 11 წლის წინ გამოჩნდა და დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 6000-ზე მეტ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს PayBox და 1000-მდე გადახდის სერვისს აერთიანებს. კომპანიამ 2018 წელს განახორციელა რებრენდინგი და ბაზარს ახალი პროდუქტი უნივერსალური ელექტრონული საფულე OPPA შესთავაზა. OPPA -სთვის სპეციალურად შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდ კონცეფცია, რომელზეც სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტომ, LIVE Branding -მა იმუშავა. ბრენდის მთავარი მისიაა, დანერგოს ფულის ელექტრონულად მართვისა და მოწესრიგების თანამედროვე კულტურა საქართველოში.

“ტექნოლოგიურობა, სიმარტივე, დაცულობა, მოქნილობა და მუდმივი განვითარება, ეს არის ის ძირითადი მისწრაფებები, რაც კომპანიას გააჩნია და რა მიმართულებითაც მუშაობს. ტექნოლოგიურ ბიზნესში ვართ და აქ წარმატების მიღწევა შეუძლებელია მუდმივად განვითარებაზე ფიქრისა და მუშაობის გარეშე. ჩვენ ვთვლით რომ კომპანიის განვითარება თანამშრომლის განვითარების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ყველანი ერთად ვვითარდებით” ამბობს OPPA-ს მარკეტინგული პროექტების მენეჯერი, ხათო კოხრეიძე.

M: თქვენი გამოცდილებით, როგორი სამუშაო გარემო სჭირდება ფინტექ პროდუქტების შექმნას?

მიმაჩნია, რომ ზოგადად ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციას, ბაზარზე წარმატების მოსაპოვებლად, სჭირდება სწორი შიდა კორპორაციული კულტურის შექმნა და მის განვითარებაზე ზრუნვა. კონკრეტულად, ჩვენი სფერო, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად მოითხოვს თანამშრომლების მოთხოვნებზე მორგებულ სამუშაო გარემოს, რათა მათ შეძლონ თავიანთი მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენა, ინოვაციური იდეების გენერირება და წინსვლა. კომპანიაში მაქსიმალურად ვცდილობთ, სამუშაო გარემო პასუხობდეს და მკაფიოდ გამოხატავდეს ჩვენ მთავარ ღირებულებებს, იყოს უშუალო, მეგობრული, მარტივი და კომფორტული.

M: ეს უფრო ტრენდია თუ საჭიროება?

ჩემი აზრით, ეს საჭიროებაა იმისთვის, რომ განვითარდე, გაიზარდო და გაძლიერდე. გამიხარდება, თუ მომავალში ტრენდული გახდება. ადრე თუ გვიან, კომპანიები გააცნობიერებენ კომფორტული სამუშაო გარემოს როლს წარმატებაში და დაიწყებენ ამ კუთხით განვითარებას.

OPPA-ს სამუშაო გარემოს თავისებურებებზე ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი მარიამ ქობლიანიძე გვესაუბრა.

M: თქვენი მაგალითის საფუძველზე, რა სახის კომფორტი სჭირდებათ გუნდის წევრებს? როგორ აისახება ეს მათ პროდუქტიულობაზე?

პირველ რიგში, თანამშრომელი თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად, თავის სამუშაო სივრცეში. უნდა ჰქონდეს ყველა მისთვის საჭირო ატრიბუტიკა. უნდა იყოს ღია გარემო იდეების გაცვლისთვის, ნებისმიერ პოზიციაზე არსებულ პირებს შორის. აუცილებელია მოტივაცია და დაფასება, თითოეული გუნდის წევრი ყველაზე მეტად პროდუქტიულია მაშინ როცა გრძნობს საკუთარ მნიშვნელოვნებას და როლს კომპანიის განვითარებაში.

M: რით განსხვავდება თქვენი სამუშაო გარემო იმისგან, რასაც უკვე შეჩვეულია შრომითი ბაზარი და ერთგვარ ნორმად ითვლება?

კომპანია, როგორც დამსაქმებელი, ბაზარს იშვიათ მიდგომებს სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად, თავისუფალი გრაფიკი, სადაც თანამშრომლები მოდიან და მიდიან მათთვის სასურველ დროით დიაპაზონში. ასევე, ხშირად შეხვდებით დერეფნებში, განტვირთვის მიზნით, სკეიტბორდით მოსრიალე ახალგაზრდებს, დარტსის დაფებს ოთახებში და პუფებით სავსე საერთო სივრცეს, სადაც ხშირად იმართება სხვადასხვა სახის აქტივობები: კინოჩვენებები, ვორკშოფები, პრეზენტაციები, წვეულებები და ა.შ.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ზოგადად კომპანიაში და განსაკუთრებით მენეჯმენტში, უმეტესობა ახალგაზრდა კადრია დასაქმებული, არის ღია, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და იდეების გაცვლის შესაძლებლობა, ყველა მიმართულებით.

M: არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი სამუშაო მოდელის კონტროლი რთულია. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას, იმ ფონზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობაც დიდია და თანამშრომლებისაც?

გეთანხმებით, ამგვარი მოდელის კონტროლი გარკვეულწილად რთულია, თუმცა ამ გამოწვევას წარმატებით ვუმკლავდებით რადგან სწორი კომუნიკაცია, საერთო მიზნის შესაბამისი აღქმა, გუნდურობის შეგრძნება, უშუალო და წრფელი ურთიერთობები თანამშრომლებს შორის და ნდობის ფაქტორი ამ ყველაფერს ბევრად ამარტივებს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის კულტურაც ხომ სწორედ თანამშრომლების მოთხოვნებს, ინტერესებსა და სურვილებს არის მორგებული, რის შედეგადაც ის მუდმივად დინამიურია. იგი იცვლება შიდა და გარე ფაქტორების გავლენის შედეგად, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ ორგანიზაციის კულტურაში მუდმივად უნდა იყოს სწრაფვა განვითარებისკენ, ხოლო შიდა კორპორატიული კულტურის განვითარება წარმოუდგენილია თავად თანამშრომლების ჩართულობის გარეშე.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

[R]

განხილვა