როგორც ჩანს, თხელი ტელეფონები კვლავ მოდური გახდა. ხმები დადის, რომ ეფლი iPhone-ის უფრო თხელი ვერსიის გამოშვებას აპირებს და მას მომხმარებლებს iPhone Air-ის სახელით გააცნობს შემოდგომაზე… ახლა კი ჩინური კომპანია Oppo ზუსტად ამ კუთხით ცდილობს ყურადღების მიქცევას — Oppo Find N5-ზე საუბრობს და გვეუბნება, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე თხელი დასაკეცი ტელეფონი იქნება. როგორც სურათზე ხედავთ, ფანქარზე თხელიც კი…
აღნიშნული ფოტოც კომპანიის პროდუქტების ხელმძღვანელმა პიტ ლაუმ გამოაქვეყნა, თუმცა სხვა დეტალებზე ნაკლებად საუბრობენ. არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მას Qualcomm Snapdragon 8 Elite-ის ჩიპი და სამი 50-მეგაპიქსელიანი კამერის სისტემა ექნება.
ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივი ტელეფონების შემთხვევაში თუ თხელი ტელეფონები შედარებით მარტივად ზიანდება, დასაკეცი ტელეფონების შემთხვევაში, რაც უფრო თხელია მოწყობილობა, მით უკეთესია, რადგან დღეს, ჩვეულებრივი მოწყობილობებისგან განსხვავებით, უფრო მძიმე და სქელია.
ამ ეტაპისთვის კი ბაზარზე ყველაზე თხელი ტელეფონი Honor Magic V3 გახლავთ, რომლის სისქეც სულ რაღაც 4.35 მილიმეტრია, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში 9.2 მმ. — დიახ, ჩინური კომპანია ამაზე თხელი ტელეფონის გამოშვებას გვპირდება.
სავარაუდოდ, თავიდან Oppo-ს „მსოფლიოში ყველაზე თხელი დასაკეცი ტელეფონი“ ხელმისაწვდომი მხოლოდ ჩინეთში იქნება, თუმცა ვარაუდობენ, რომ დანარჩენზე მის დაქვემდებარებაში მყოფი OnePlus იზრუნებს…