„ჩვენი მისიაა, ადამიანებს დავეხმაროთ მონაცემების ახლებურად დანახვაში, ინფორმაციის აღმოჩენაში, დაუსრულებელი შესაძლებლობების გახსნაში”, – ეს ცნობილი ამერიკული ბრენდის, Oracle Corporation-ის მთავარი ხედვაა. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეს კომპანია, შემოსავლებისა და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, სიდიდით მესამეა. მის პროგრამულ პროდუქტებს შორისაა ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა: კლიენტებთან ურთიერთობის მართვა (CRM), საწარმოო რესურსების დაგეგმვა (ERP), ადამიანური კაპიტალის მართვა (HCM) და სხვა. ის ავითარებს და ავრცელებს კომპიუტერულ პროგრამულ აპლიკაციებს ბიზნესისთვის.
თუ როგორ გახდა ის ამ სიდიდის გლობალური კომპანია, ტრადიციულად, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში გიამბობთ.
ბრენდის ისტორია
Oracle Corporation-მა გრძელი გზა გაიარა, სანამ მრავალეროვნულ ტექნოლოგიურ კომპანიად იქცეოდა. მისი დაარსების თარიღად 1977 წლის 16 ივნისი მიიჩნევა, როდესაც ლარი ელისონმა, ბობ მაინერმა და ედ ოუტსმა სანტა კლერში დააფუძნეს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ლაბორატორიები. 1978 წლისთვის დაიბადა პირველი Oracle, რომლის პირველი ვერსიაც სატესტო იყო და არასოდეს გამოქვეყნებულა.
1979 წლის ივნისში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ლაბორატორიებმა გადაირქვა სახელი Relational Systems Inc-ად. იმავე წელს მათ პირველი კომერციული SQL RDBMS (რელატიური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა) გამოუშვეს. იმავე დროს Oracle-ის მეორე ვერსია გამოვიდა, რომელიც უკვე მომხმარებლისთვისაც იყო ხელმისაწვდომი.
ის სწრაფად გახდა პოპულარული. მისი პირველი მომხმარებელი იყო აშშ-ის საჰაერო ძალები, რომლებიც იყენებდნენ პროგრამას რაიტ-პატერსონის საჰაერო ძალების ბაზაზე.
ინოვაცია და აგრესიული მარკეტინგი
ინოვაციებითა და აგრესიული მარკეტინგით ცნობილი კომპანია 80-იან წლებში ჩქარი ტემპით იზრდებოდა. 1987 წელს Oracle გახდა მონაცემთა ბაზის მართვის უდიდესი კომპანია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ Oracle-ის ამავე სახელწოდების მონაცემთა ბაზა სტაბილურად იზრდებოდა, კომპანიის ზრდის დიდი ნაწილი განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აგრესიული შეძენით, პროდუქციით სხვადასხვა ბიზნეს და ტექნოლოგიური აპლიკაციებისთვის. მის მიერ შეძენილ კომპანიათა სიაშია: PeopleSoft, Siebel, BEA, Sun Microsystems, NetSuite და სხვა.
კრიზისული პერიოდი
1990 წელს Oracle-მა პირველი ზარალი განიცადა, რასაც ასობით თანამშრომლის დაკარგვა გამოიწვია. 1992 წელს Oracle 7 გამოვიდა, რომელიც მართვის გაუმჯობესებულ სისტემას სთავაზობდა მომხმარებელს, მონაცემთა ბაზაში PL/SQL პროგრამის ერთეულების შენახვის შესაძლებლობას იძლეოდა და ასევე უფრო დახვეწილი ადმინისტრაციული ხელსაწყოები ჰქონდა. ახალმა პროდუქტმა ჩაახშო კრიზისი კომპანიაში და მას კიდევ ერთი ახალი ხელსაწყო მოჰყვა, აპლიკაციების განხორციელების სრული მეთოდოლოგიის სახით.
ინოვატორი
1995 წლის ნოემბრისთვის Oracle გახდა ერთ-ერთი პირველი მსხვილი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელმაც ინტერნეტსტრატეგია წარმოადგინა და ამასთან, შეიმუშავა პირველი 64-ბიტიანი RDBMS. 1996 წელს მათ გამოუშვეს ვებბრაუზერი, ერთი წლის შემდეგ კი Discoverer-ის პირველი ვერსია. ინტერნეტხელსაწყოების აქტიურმა წარმოებამ Oracle-ს კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შესძინა.
მას შემდეგ Oracle ლიდერ კომპანიად რჩება მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიაში. მის მიერ გამოშვებული ვერსიები სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე გამოდგება და განსხვავებულ კომპიუტერებზე შეიძლება მათი გამოყენება. Sun Microsystems-ის შეძენით Oracle-მა შეიძინა არა მხოლოდ კომპიუტერული პროგრამირების ენა Java და ოპერაციული სისტემა Solaris, არამედ პოპულარული ღია კოდის მონაცემთა ბაზა MySQL, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი