კომპანია “იუ-ჯი-თი” ახალ პლატფორმას ახალი ბრენდის “Orchestra”-ს სახით წარადგენს. მომსახურებების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის ინფორმაციულ სისტემას საკუთარი ლოგო, სლოგანი და ”ბრენდბუქი” აქვს, რომელიც კომპანია ჯეპრამ შეიმუშავა.
კომპანია ”იუ-ჯი-თი” 1997 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, მათი დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერა. რაც შეეხება Orchestra-ს, “იუ-ჯი-თი”-ს პროგრამული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი, დავით გაბრიჩიძე ამბობს, რომ ის მომსახურებების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის ინფორმაციული სისტემაა.
”უფრო კონკრეტულად არის ფუნდამენტი ასეთი სისტემებისთვის, რომელიც გამოიყენება კლიენტის მოთხოვნების, ინფორმაციის შეგროვების, გაანალიზების, გადაწყვეტილების შეთანხმების, მიღებისა და შესრულებისათვის იმ ორგანიზაციის მიერ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია: ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება, მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდა, ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა, კლიენტთან ურთიერთობის ელექტრონული ისტორიის წარმოება, კლიენტისთვის თვითმომსახურების შეთავაზება, დაგროვილი ინფორმაციის ცოდნად ქცევა, გამჭირვალობა და კონკრეტული პირებისგან დამოუკიდებლობა, ქაღალდის ხარჯი შესაძლებელია შემცირდეს 70%-ით. წარმადობის მუდმივი მონიტორინგი და მოდიფიკაცია, სხვა ორგანიზაციის მონაცემებთან სიქრონიზაცია და მისი ეფექტური გამოყენება.
Orchestra ანაცვლებს ქაღალდითა და ელექტრონული ფოსტით წარმოებულ პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ორგანიზაცია „ასწავლის“ საკუთარ ბიზნეს პროცესებს, საკანონმდებლო და შიდა რეგულაციებს, განსაზღვრავს მომსახურებების ღირებულებებს. ყველა ის აუცილებელი დოკუმენტი თუ ფორმა, რომელიც აქამდე ქაღალდზე ან უბრალო მონაცემთა ბაზაში ივსებოდა, Orchestra-ში ელექტრონული ფორმების საშუალებით ინახება და ისტორიის განუყოფელი ნაწილი ხდება.
Orchestra-ს შექმნამდე, მსგავსი ინფორმაციული სისტემები შევქმენით და მივაწოდეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქპატენტს. დასასრულისკენ მიდის ადგილობრივი თვითმმართველობების მართვის სისტემა. სამომავლოდ შესაძლებელია განათლების, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების და სხვა სამთავრობო სტრუქტურების პროცესების ავტომატიზაცია. ასევე შესაძლებელია სადაზღვევო, საბანკო და ჰოსპიტალური ტიპის ორგანიზაციების მომსახურებების ავტომატიზაცია.
ამ ახალი პლატფორმის შემოღებასთან ერთად გაკეთდა მისი ბრენდინგიც. კონკრეტულად რას მოიცავს ბრენდინგი? რატომ გადაწყვიტეთ ამ ახალი პლატფორმის ბრენდინგი?
ბრენდინგის დროს შევიმუშავეთ ბრენდ–კონცეფცია, ბრენდბუქი, სახელი და სლოგანი. ჩვენი ამოცანა იყო საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის გასაგებად და მარტივად წარგვედგინა პროდუქტი, რომელიც მათთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი სარგებლის მომტანია.
რატომ შეირჩა ეს დასახელება? რას გულისხმობს?
ასეთი ტიპის ინფორმაციული სისტემები არ წარმოადგენს მარტივ ამოცანას, ის შედგება მრავალი კომპონენტისგან და ერთიანობაში ქმნიან სრულყოფილ მექანიზმს პროცესების ავტომატიზაციისას. სახელი შევარჩიეთ მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ათეულობით საკრავ ინსტრუმენტს ვიცნობთ. თითოეულ მათგანზე სასიამოვნო და უნიკალური მელოდიის შესრულება შეიძლება. ერთად აღებული კი ისინი ქმნიან სიმფონიურ ორკესტრს. ასევეა Orchestra, ის წარმოადგენს განსხვავებული ტიპის ინსტუმენტების ერთობლიობას, რომელიც „უკრავს“ პროცესების სიმფონიას.
კონკრეტულად რას მოიცავს ბრენდბუქი?
ბრენდბუქი მოიცავს პროდუქტის ლოგოს და მის გამოყენებას სხვადასხვა ნივთზე: საწერი კალამი, მაისური, ჭიქა, ბილბორდი და ა.შ.
“Orchestra”-ს ვიზუალის კონცეფცია ეფუძნება სამყაროს, როგორც ორკესტრის, როგორც მრავალნაწილიანი და ამავე დროს ჰარმონიული მექანიზმის იდეას, მექანიზმისა, რომელიც ერთის მხრივ სიზუსტის, მეორეს მხრივ კი შემოქმედებითობის კონტრასტს წარმოადგენს.
რაც ეხება ბრენდის კონცეფციას . . .
ბრენდის კონცეფცია მოიცავს ბრენდის მისიას, ღირებულებებს, დაპირებას. Orchestra მისიაა, ორგანიზაციაში ყოველდღიური პროცესების და ბიზნეს გადაწყვეტილებების ჰარმონიზაცია. ეს გულისხმობს პროცესების ერთ სივრცეში მოქცევას ბიუროკრატიული მექანიზმების გარდაქმნას საზოგადოებისა და მომხმარებლისათვის უფრო მოქნილ, ეფექტურ და სწრაფ მექანიზმში. პლატფორმა იქმნება მომხმარებლისთვის და მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს, ორგანიზაციის ყოველდღიური და გრძელვადიანი ამოცანების ეფექტური გადაჭრა.
რა არის პლატფორმის სლოგანი?
შემუშვებული გვაქვს ორენოვანი სლოგანი: „Art of process management“ – „ჰარმონია პროცესების მართვაში“ – Orchestra–ს დაპირებაც სწორედ ესაა, მას ჰარმონიაში მოყავს პროცესების მართვა.
რა მოლოდინი გაქვთ თვითონ Orchestra-სთან დაკავშირებით?
ვაპირებთ მის განვითარებას, ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სისტემით დაინტერესდებიან სამთავრობო და კერძო სტრუქტურები და ერთად მოვახერხებთ 21-ე საუკუნის შესაბამის ევოლუციას.
Orchestra-ს ბრენდინგი მის წარმატებულობას განაპირობებს? ან ზოგადად, ბრენდინგი რამდენად უზრუნველყოფს კონკრეტული ბრენდის, სერვისის, პლატფორმის წარმატებას?
Orchestra-ს წარმატებაში ბრენდს თავისი გავლენა ექნება და არც თუ ისე უმნიშვნელო. მართალია, საცალო ბაზარზე, ე.წ. მასს მარკეტ-ზე ბრენდს უფრო დიდი გავლენა აქვს, მაგრამ კორპორატიული ბაზრის სეგმენტში პროდუქტის სახელი და ლოგო აუცილებელი ატრიბუტია. პროდუქტის მწარმოებელს გეხმარება მარტივად მიაწოდო შენი იდეა მომხმარებელს, გაზარდო აღქმა და დაპირდე კონკრეტული მისიის მიღწევას. ბრენდის გარეშე სიცარიელეა – ბრენდი ქმნის სივრცეს.