19
ოქტ
2017

Orchid – მინიმალისტური გრაფიკული ილუსტრაციები, ქართველი სტუდენტის შემოქმედებითი სტარტაპი

19 ოქტ 2017



მინიმალისტური გრაფიკული ილუსტრაციების შექმნა ნათია კურტანიძემ ერთი თვის წინ დაიწყო, როცა მეგობარმა მას პადი ათხოვა. ნათიამ ჯერ საკუთარი თავი დახატა, შემდეგ, ოჯახის წევრები და მეგობრები, კონტურული ნახატების შექმნის მცდელობის შედეგი კი გვერდი Orchid-ის შექმნა აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაჩნდა მოთხოვნა – მინიმალისტური ვიზუალები შეესრულებინა სხვების ფოტოების მიხედვითაც. დღემდე, ხელოვანს 50-მდე ნამუშევარი აქვს შექმნილი, მათ შორისაა შეკვეთილი ნამუშევრები, რომლებიც დიზაინერს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დაუკვეთეს. ნათია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული დიზაინისა და დაზგური გრაფიკის მიმართულებით სწავლობს, მისი ახალბედა, შემოქმედებითი ბიზნესი განვითარებას განაგრძნობს. საქმიანობის დაწყების დეტალებზე, კომერციულ თუ არაკომერციულ გეგმებსა და პერსპექტივებზე ახალგაზრდა არტისტი თვითონ გვესაუბრა:  

BOG PLUS

„მგონი, ერთი თვეც არ არის გასული რაც ეს საქმიანობა დავიწყე. არც მქონდა იდეაში, რომ ამას გავაკეთებდი. აქამდე პადით არ მისარგებლია, თუმცა, ყოველთვის მაინტერესებდა გამომივიდოდა თუ არა მისი დახმარებით ხატვა, რადგან ჩემ გარშემო, ძალიან ბევრს აქვს კრიტიკული დამოკიდებულება პადთან და მაუსით მუშაობა ურჩევნია. მეგობარმა მათხოვა პადი. ერთ საღამოს ჩავუჯექი და მივყევი, ჯერ ჩემი თავი დავხატე, მერე ჩემი და და მეგობრები. მეგობრების მეგობრებისგან წამოვიდა დაინტერესება. ყოველთვის მომწონდა ეს ლინოგრავიურა და დაზგური გრაფიკა, ძალიან ახლოსაა ჩემთან და ჩემი პროფესიის ნაწილიც არის. თვითონ გვერდი სატესტო ვერსიასავით იყო, ღამის სამი თუ ოთხი საათი იყო და ლამის ძალით დამითანხმა მეგობარმა, შემექმნა გვერდი.. სახელიც ძალიან სპონტანურად მოვიფიქრე – „ორქიდეა მომწონს, ყვავილი, მოდი ერქვას ასე“. ამ დროისათვის, სულ 5-6 ნამუშევარი მქონდა და ფიქრებით, რომ აი, თუ კარგად წავა საქმე პადს მერე გამოვიწერ, დაიწყო ყველაფერი. ვითარდება ნელ-ნელა. ვგრძნობ ხალხისგან დაინტერესებასა და მოწონებას. უცხო ხალხი რომ გწერს, ძალიან სასიამოვნოა და მაბედნიერებს.“

 

“ილუსტრაციებს ფოტოებიდან ვხატავ. ნებისმიერ ზედაპირზე შეუძლიათ დაბეჭდონ. ტატუს იდეაც ბევრს მოუვიდა ჩემი ნახატებიდან გამომდინარე. ჩემი მეგობრებიც მუშაობენ ილუსტრაციების შექმნის მიმართულებით, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები განსხვავდება მინიმალისტური სტილით.“

„მომავალში ვგეგმავ, დავამატო ცნობილი ნახატების მინიმალისტური ვერსიები, ასევე, გავაკეთო ხელნაკეთი ჩარჩოები, რომელიც იქნება ინდივიდუალური, თითოეული, ჩემ მიერ დახატული და დაბეჭდილი ილუსტრაციისთვის. მემგონი, იაპონური სტილის გრავიურების გავლენა არის ჩემს ნახატებში. დაინტერესებული ადამიანები, ჯერჯერობით, მხოლოდ ფეისბუქისა და ინსტაგრამის მეშვეობით მიკავშირდებიან და მიკვეთავენ ილუსტრაციას. ჯერ კიდევ ნათხოვარი პადით ვმუშაობ და გული მისკდება, მეგობარმა არ მითხრას მჭირდებაო. ფოტოს ილუსტრაციად ქცევა 20 ლარი ღირს, დაბეჭდვით კი 27 ლარი გამოდის.“

განხილვა